ერთი თხილისგული და ცხრა ძმა
       

        ყოფილ მინისტრებს შორის დიდი ვნებათა ღელვაა მათი «გადაყენების» გამო. ეს თვალნათელია, თუ დავაკვირდებით მკაცრად შეკრულ წარბებსა და მრისხანე გამოხედვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა, ეგრეთ წოდებულ «რეფორმატორთა გუნდზე» ლაპარაკობენ.
        როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ჟვანია-სააკაშვილის «წყეული გუნდი» გახდა თანამდებობიდან მათი წასვლის მიზეზი. ვითომდაც ჟვანია-სააკაშვილი ითხოვდა მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას და ასე შემდეგ.
        არადა, ეს განწყობა (რაც უნდა შეიკრან კოპები და გაიმრისხანონ გამომეტყველება) ელემენტარულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. აბა, კარგად გავიხსენოთ: «მოქალაქეთა კეავშირს» არ მოუთხოვია მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა. კემულარიას დადგენილების პროექტში ლაპარაკი იყო კონკრეტულად ერთი მინისტრის (კახა თარგამაძის) გადადგომის შესახებ, ისევე, როგორც გენერალური პროკურორის, ხოლო «მთელი მთავრობის» გადადგომის მოთხოვნამ გაიჟღერა არა «მოქალაქეთა კავშირის», არამედ, დიახაც, სწორედ ოპოზიციის («სოციალისტებისა» და «ახლების») ალტერნატიულ დადგენილების პროექტში. ეს საკითხი მათ მჭიდროდ დაუკაშვირეს ახალი კონსტიტუციის (ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის!) მიღებას და «კაბინეტის» ინსტიტუტის დაფუძნებას.
        ბუნებრივია, «მინისტრთა კაბინეტი» ოპოზიციას აწ უკვე გადაყენებული მინისტრებისთვის სულაც არ უნდა, უფრო თავისთვის უნდა და «თავისი ხალხისთვის».
        ამდენად, თუ უკვე ყოფილი მინისტრები ახალ კაბინეტში ვერ მოხვდებიან, შეუძლიათ იმ სულელური ილუზიით მოიფხანონ გული, რომ «მთავრობა ჟვანიას მოთხოვნით გადააყენეს» და ამ ამბავს პარლამენტის თავმჯდომარე შეეწირა.
        ეს «გულისფხანა» მით უფრო კომიკური გახდება, თუ გამოთავისუფლებულ სავარძლებს «ახალ მთარვობაში» - «ახალი უმრავლესობა» (ყოფილი «უმცირესობა») დააკომპლექტებს, ხოლო ნამინისტრალებს კიდევ ფრო შორს გააპანღურებენ «სალუკმაპურო» ადგილებიდან.
        ოღონდ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული შეძლებს თუ ვერა «ახალი უმრავლესობა» მოილაპარაკოს «ახალი კაბინეტის» დაკომპლექტების თაობაზე. ან საერთოდ, - გადაწყვეტილია თუ არა «კაბინეტის» საკითხი, ვინაიდან პრეზიდენტი არასდროს დაეთანხმება (არც უნდა დაეთანხმოს) «გერმანულ მოდელს» და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ «სახურაქვეშ» ექნება საშუალება, სხვადასხვა გემრიელ საქმეთა «გაიმასქნებისა».
        მით უმეტეს, რომ პარლამენტში დაბრუნების მექანიზმებიც იარსებებს, - რაკი გაძღება და მეტი აღარ მოუნდება.
        ბუნებრივია, «ძველი აღმასრულებელი გუნდის» შენარჩუნება-დაბრუნება (ყოველ შემთხვევაში, მისი ბირთვისა მაინც) შესაძლებელიგახდება მხოლოდ ძველი (ამერიკული) მოდელის შენარჩუნებისას. ნებისმიერ ახალ მოდელში (განურჩევლად, ფრანგულსა თუ გერმანულში) ყოფილ მინისტრთა უმეტესობას (ვიმეორებ) კიდევ უფრო შორიდან მოუწევთ სხივნათელი მწვერვალით ტკბობა.
        აი, მაშინ დაიწყება რაც დაიწყება - ეს «მონოლითურად კონსოლიდირებული» ოპოზიცია (აწ უკვე ყოფილი), ერთი, არცთუ კეთილშობილი ცხოველივით დაერევა ერთმანეთს დიდ სახელისუფლებო კასრში, ვიდრე მათგან «კაციჭამია» არ გამოვა.
        სულ ერთია, პ რეზიდენტს ისინი ვერც მოატყუებენ და უბადრუკია ყოველი მცდელობა, ედუარდ შევარდნაძე ატარონ თავის ჭკუაზე.
        პრეზიდენტი იმდენად დააპატარავეს «თხილის გულს» (კასრში ჩაშვებულ შაშხს) - სულ გაცოფდებიან «ძმები» და კბილებაკაწკაწებულნი დაიწყებენ ხტუნაობას.
        იგივე მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით. უახლოესი ორი-სამი კვირის განმალვობაში პარლამენტშიც ისეთი ქარბორბალა იტრიალებს, - ერთმანეთს ვერ მიაგნებენ.
        და საბოლოოდ დადასტურდება რომ ასეთი უზნეო პოლიტოკრატია არ არსებულა არც ერთ ქვეყანაში.

დილის გაზეთი, 5 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე