მთავრობა შევარდნაძისეულად დაკომპლექტდა
       

        ჯერ კიდევ ორშაბათს სავსებით ნათელი იყო, რომ «სამთავრობო კრიზისი» საქართველოში განუსაზღვრელ და გადამწყვეტ მიჯნას მიუახლოვდა. ამის უეჭველი დადასტურება გახდა პარლამენტის გუშინდელი სხდომა.
        ვინმეს შეიძლება «ხელოვნურად» მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში საღამოს განვითარებულ პერიპეტიებს მჭიდროდ უკავშირდება დილის განცხადებები «ოქტომბერ-ნოემბრის» მოვლენათა გამოძიების შესახებ. აქ შინაარსში კი არ არის საქმე, არამედ პოლიტიკურ ძალთა სურვილში, სოლიდარული პოზიცია დააფიქსირონ და «ახალი გამიჯვნა» მოაწყონ იმ მოვლენათა შემდეგ წარმოშობილ კონფიგურაციაში.
        შინაარსობრივად კი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, როდესაც აქციის მონაწილენი და გულშემატკივრები ვიღაცას ეკითხებიან (გაუგებარია ვის) - «გამოიძიეთ პარლამენტის კაბინეტებიდან ვინ გვმართავდაო»: თუკი სტუდენტებმა პოლიტიკური აქცია მოაწყვეს, მაშინ პოლიტიკოსთა გამოჩენა არ უნდა გაჰკვირვებოდათ, ხოლო თუ ის პოლიტიკური აქცია არ იყო, მაშინ ისიც გაუგებარია, საერთოდ რა უნდოდათ.
        ყოველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მთელი მთავრობის (და არა ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის) გადაყენების მოთხოვნას კონკრეტული ავტორები ჰყავდა პარლამენტში - ამის გარკვევასა და გახსენებას რა უნდა?
        პრეზიდენტი, როგორც ჩანს, იძულებული გახდა, მთელი მთავრობა გადაეყენებინა, მაგრამ ეს რომ სწორედ იძულებითი ნაბიჯი იყო, უმალვე დადასტურდა: «მინისტრთა კაბინეტი» პარლამენტმა არ მიიღო და არც მიიღებს, ვინაიდან რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ყოფილ ოპოზიციას მიანც ეშინია პრეზიდენტის მოულოდნელი ნაბიჯების. ედუარდ შევარდნაძის გონებამახვილური სახელისუფლებო ტექნოლოგიის გათვალისწინებით, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის. სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ამჟამად საკუთარ ადმინისტრაციას (მინისტრ-თანაშემწეებს) აკომპლექტებს არსებული სამთავრობო სისტემის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.
        «ეკონომიკური ბლოკის» დამტკიცება, ამ თვალსაზრისით, ყველაზე ნიშანდობლივი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც. საპარლამენტო სხდომისას აბსოლუტურად ზუსტად შენიშნეს, რომ ამ მინისტრების დამტკიცებას პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო მინისტრის პრიზმაში განიხილავდნენ. ყურადღება მივაქციოთ უმთავრესს: იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც სახელმწიფო მინისტრს პრეზიდენტი უეჭველად პოლიტიკური ნიშნით შეარჩევს. დღევანდელ სიტუაციაში ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ «სახმინისტრად» რომელიმე ტექნიკური (პოლიტიკურად არაანგაჟირებული) ფიგურა მოგვევლინება.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, პრეზიდენტმა შესაძლოა, გაითვალისწინოს საპარლამენტო ჯგუფთა მისწრაფებები, შეიძლება არც გაითვალისწინოს ეს მისწრაფებები, ოღონდ ყველა ვარიანტში იგი ამით პოლიტიკურ პოზიციას დაადასტურებს - უპირველესად იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომელთაც შესაბამისი პრეტენზიები აქვთ. ასეთი ჯგუფი კი პარლამენტში რამდენიმეა, ანუ ერთდროულად რამდენიმე დაჯგუფებას აქვს სურვილი, მოიპოვოს «მთავარი მინისტრის» სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოსტი და მისი მფლობელი, რეალურად თითქოს არაფერს წყვეტს. პოლიტიკური თვალსაზრისით (მათ შორის «ტრამპლინად»), იგი საკმაოდ მოსახერხებელია.
        გუშინდელმა კენჭისყრამ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ვერავინ შეედრება პოლიტიკური ალღოთი, შორსმჭვრეტელობით და გავლენით. გუშინ ისიც თვალსაჩინო გახდა, ვის რა გავლენა აქვს ამ პარლამენტში.
        მიუხედავად პრობლემებისა, ერთადერთი, ვინც ასე თუ ისე გავლენას ინარჩუნებს პარლამენტზეც და ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზეც, ისევ ედუარდ შევარდნაძეა. მან გუშინ თავისი მაინც გაიტანა და უმრავლესობადაშლილ პარლამენტს თითქმის ყველა სამინისტროს სათავეში მის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა დაამტკიცებინა.

დილის გაზეთი, 5 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე