მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
       

        დღეს საღამოს თბილისში ბრუნდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც მოსკოვში აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთის «გოსდუმის» ხელმძღვანელობასთან.
        დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ვახტანგ რჩეულიშვილი, ნინო ბურჯანაძე და გოგი თოფაძე. დელეგაციის ხელმძღვანელი კი, რამდენადაც ცნობილია, ელდარ შენგელაია იყო.
        თუმცა, ჯერჯერბით, უცნობია (ბოდიშს ვიხდი ცუდი ქართულისთვის), რამდენად ლეგიტიმირებული იყო შენგელაიას ლიდერობა მეორე ვიცე-სპიკერ ვახტანგ რჩეულივშილის მიერ!
        შეიძლება აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას «ჰქონდა», რომ ელდარ შენგელაია ტრადიციულად სწორედ რუსეთის მიმართულებას კურირებს. რაც შეხეება გოგი თოფაძეს - იგი ბიზნესმენია და რუსეთისადმი იჭვნეული დამოკიდებულება აქვს - კონკურენციის გამო: ყოველ შემთხვევაში, თუ «ჩრდილოელ მეზობელთან დაახლოება» ისეთ ეკონომიკურ ინტეგრაციას ნიშნავს, როდესაც საქართველოს ბაზარზე «სლავუტიჩი» და «ნევსკაია» შემოიჭრება, ეს ქართული ლუდის მეფეს სულაც არ ეპიტნავება.
        ამდენად, მოსკოვური მოლაპარაკება იმთავითვე მოკლებული იყო კონკრეტიკას. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, გენადი სელეზნიოვს გვერდს «უმშვენებდა» ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბორის პასტუხოვი. იგი ამჟამად რუსული პარლამენტის «დსთ-ის საქმეთა» კომიტეტის თავმჯდომარეა.
        პასტუხოვი სულ ახლახან დაბრუნდა აფხაზეთიდან და მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მეტად ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «აფხაზეთში იგრძნობა ამაყი სიმშვიდე და ძალების რწმენა».
        ამის შემდეგ საერთოდ გაუგებარია, ამათ რაზე უნდა ელაპარაკო? ქართველმა დეპუტატებმა კვლავ სცადეს აფხაზეთის პრობლემის წამოწევა (არც თუ უსაფუძვო ფორმულით «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გასაღები აფხაზეთში დევს»), მაგრამ ჩვეულებრივი პასუხი მიიღეს: «აფხაზეთის პრობლემა სხვა საკითხია, ჩვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვისაბუროთო».
        ეს არის მოსკოვის ურყევი პოზიცია, რომლიდანაც იგი გადახვევას არ აპირებს. M
        მაგრამ თუ ასეა, რაზე ვსაუბრობთ? - ახალ ხელშეკრულებაზე!
        ქართველ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პატარა ქვეყანამ «ბაბა-ბაბა» უნდა უძახოს გაბოროტებულ დათვს. «ბაბას»-ს ფსევდონიმი კი ამ შემთხვევაში, ახალი «ჩარჩო» ხელშეკრულებაა. როგორც ცნობილია, 1994 წლის 3 თებერვალს, ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის მიერ პარაფირებული იყო დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ბობოქარი დისკუსიები მიმდინარეობდა.
        რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კი მის რატიფიცირებაზე უარი განაცხადა, ანუ ხელშეკრულება ძალაში საერთოდ არ შესულა. პასტუხოვის მოადგილის, ცხინვალელი ანატოლი ჩეხოვის თქმით, «რუსეთის პარლამენტში ამ ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს, რაც დაუშვებელია».
        რუსულმა მხარემ მოლაპარაკებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია «სავიზო რეჟიმს» და მისი გაუქმება უშუალოდ დაუკავშირა ჩეჩნეთის ომში რუსეთის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას - ოღონდ ისე, რომ თავად არაფერი შეცვალოს აფხაზეთში და არძინბასთან «მეგობრული» ურთიეროთბა არ შებღალოს.
        ნიშანდობლივია ერთი ნიუანსიც: რუსი დეპუტატები აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ «სავიზრო რეჟიმით» და ასეთი სახის «ძალისმიერი ბერკეტებით» მიიღებენ ყველაფერს, რაც სურთ.
        უპირველესად, სამხედრო ბაზების დაკანონებას. ასეთ რწმენას კი რუსულ მხარეს განუმტკიცებს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც «ნებისმიერ ფასად კაპიტულაციას» უჭერს მხარს.
        არადა, კომპრომისი შეიძლება მხოლოდ ორმხრივი იყოს. მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე «ორმხრივი კომპრომისის» ნასახიც არ ჩანდა: რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი აშკარად ეიფორიაშია და არანაირი დათმობა აზრადაც არ მოსდის.
        მეტი გაუვათ - უარეს გვიზამენ. ზოგადად კი, რუსულ «გოსდუმასთან» დიალოგი, პრაქტიკული თვალსაზრისით, სრული უაზრობაა. იმ ქვეყანაში პარლამენტი სინამდვილეში დეკორაციაა და არა ნამდვილი საკანონმდებლო ორგანო: შემთხვევითი არ არის, თუ სამდღიანი «ინტენსიური მოლაპარაკება» დასრულდა აბსურდული მოთხოვნით - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად «ხელშეკრულების» მომზადებაში დეპუტატთა მონაწილეობის შესახებ (მაშინ, რა საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლება?), - თუმცა, იმთავითვე ცხადია, რომ ახალ ხელშეკრულებას» იგივე ბედი ეწევა, რაც «ძველს».

დილის გაზეთი, 25 იანვარი, 2001 წ.

მთელ გვერდზე