სოციალური საკითხი საქართველოში
       

        «ეროვნული საკითხისგან» განსხვავებით, სოციალური პრობლემატიკა ჩვენში აკრძალული თემა იყო. ყოველ შემთხვევაში, «კლასობრივი ბრძოლის მარქსისტულ-ლენინური» ინტერპრეტაციის პარალელურად, გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში სოციალური ანტაგონიზმი არ არსებობდა, რომ ფეოდალი და მისი ყმა, ვითარცა «თხა და მგელი», ერთად სძოვდნენ, რომ სოციალური ურთიერთსიძულვილი «გარედან შემოტანილია», რაც ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და საზოგადოებისათვის თვისებრივი არასდროს ყოფილა და ასე შემდეგ..
        სინამდვილეში, სოციალური ანტაგონიზმის არარსებობა განსაკუთრებული ცივილიზებულობის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ პირიქით - განუვითარებლობისა.
        «სოციალური პროგრესის» ცნება მარქსის, ლენინისა და «კომუნიზმის» სხვა მამამთავართა მოგონილი სულაც არ გახლავთ. დღევანდელი დასავლეთი (პოსტინდუსტრიული საზოგადოება) ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვადვება გასული საუკუნის დასაწყისის დასავლური საზოგადოებისაგან.
        ეს თემა ძალიან საინტერესო რაკურსში «გაიხსნა» გასულ კვირას, როდესაც იუსტიციის მინისტრმა «შვიდკაცას» რეკომენდაციებისა და «ანტიკორუფციული ბიუროს» მასალებზე დაყრდნობით, მთავრობის სხდომას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი «უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების (გადაცემის) შესახებ».
        კანონპროექტის განხილვას მთავრობის სხდომაზე ბობოქარი სკანდალის გარდა, ძალიან ნიშანდობლივი დისკუსია მოჰყვა პრესის ფურცლებზე და საზოგადოებაში.
        უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად არ არის «ფორმალური» კანონპროექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესოდენ მძვინვარე რეაქცია არ მოჰყვებოდა.
        ამ კანონპროექტის დამტკიცებას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში არ ჩაიდება მუხლი მომჩივანთა 4 პროცენტიანი მატერიალური დაინტერესების შესახებ) ძალიან სერიოზული სოციალური შედეგები მოჰყვებოდა და საქმე სულაც არ შემოიფარგლებოდა ამა თუ იმ კორუმპირებული ჩინოსნის წინააღმდეგ «სამოქალაქო საქმის» აღძვრით.
        მიაქციეთ ყურადღება: უკლებლივ ყველამ კანონპროექტი აღიქვა არა ანტიკორუფციულ, არამედ სწორედ სოციალურ კონტექსტში. მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მეშვეობით, «ნებისმიერი ქონება შეიძლება გახდეს დავისა და დაპირისპირების საგანი».
        კიდევ უფრო საინტერესო (და გულწრფელი) იყო მეორე მინისტრის განცხადება: ნუ გააღიზიანებთ იმ ადამიანებს, ვისაც არაფერი აქვთ დასაკარგი. ენაზე გადგება მარქსისტული ფორმულა: «გარდა საკუთარი ბორკილებისა».
        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» ბევრად უფრო ფაროთ ცნება ხდება, ვიდრე უბრალოდ, უკანონოდ ქონების მოპოვების აღკვეთა.
        «კორუფციის წინააღმდეგ» ბრძოლა ჩვენში «სოციალური თანასწორობისა» და «სოციალური სამართლიანობის» (ერთი და იგივე არ გეგონოთ) მოთხოვნილების გამოვლინებაა.
        ერთგვარ ტრაგედიად უნდა ჩაითვალოს, თუ საქართველოში მხოლოდ ახლა შევდივართ სოციალური განვითარების ამ სტადიაში, მას შემდეგ რაც «სოციალური თანასწორობის» იდეამ გასულ საუკუნეში იმდენი სისხლი დაღვარ,ა წყნარი ოკეანის ღრმულს ამოავსებდა, ხოლო კაცობრიობამ ეს სახადი ერთხელ და სამუდამოდ მოიხადა.
        არადა, როცა ჩვენში «უბრალო ხალხი» საუბრობს «კორუფცირებულზე» - იგი გულისხმობს არა მხოლოდ ჩინოსანს, არამედ ზოგადად, მდიდარ ადამიანს, რაკი მიაჩნია, რომ პატიოსანი გზით გამდიდრება აბსურდია ზოგადადაც და კონკრეტულად, საქართველოშიც.
        სწორედ ეს გახლავთ აქ ყველაზე საინტერესო მომენტი: საქართველოში ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი არ დაილევა და (რაც მთავარია) მას უეჭველად მიაჩნია, რომ წარმოების საშუალებათა (და ქონების) გადანაწილების ლეგალიზება-დაკანონება, რაც ჩვენში 10 წლის წინ, 80-90-იანი წლების მიჯნაზე განხორციელდა, უკანონო იყო!
        სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით, უწყინარი და ლოკალური მნიშვნელობის კანონპროექტი «სოციალური სამართლიანობის აღდგენის» და «ქონების ხელახალი სამართლიანი გადანაწილების» მძლავრ ინსტრუმენტად (ყოველ შემთხვევაში, სერიოზულ არგუმენტად) შეიძლება იქცეს.
        ეს უკვე შორს სცილდება «ბიუროკრატიულ აპარატში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის» ფარგლებს.
        მთავარი აქ კანონის იურიდიული ტექნოლოგია კი არ არის, არამედ ის სოციალური კოდი, რომელიც მასში აღმოჩნდა ჩადებული (შესაძლოა, ავტორთა უნებლიედაც) და რომელმაც ესოდენ ააღელვა როგორც «მქონენი», ასევე «უქონელნი» ამ ქვეყნისანი.
        ამერიკული საზოგადოება (ქონებრივი უთანასწორობის მიუხედავად), სოციალური თვალსაზრისით, გაცილებით სამართლიანადაა მოწყობილი, ვიდრე «სოციალისტური» საბჭოთა კავშირი, ვინაიდან მულტიმილიარდერი ბილ გეიტსი, 1000 დოლარის ოდენობით გადასახადის გადაუხდელობისათვის ისევე შეიძლება ციმ-ციმ მიაბრძანონ ვირის აბანოში, როგორც მისი კომპიუტერული იმპერიის უბრალო მუშა, ვინც კერძო ლატარეაში მცირეოდენი თანხა მოიგო და შესაბამისი გადასახადი არ გადაიხადა.
        სინამდვილეში, «სოციალურ სამართლიანობას» მცირე კავშირი აქვს «ქონებრივ თანასწორობასთან» - იგი, უბრალოდ, გულისხმობს თანაბარ უფლებებსა და თანაბარ პასუხისმგებლობას, როდესაც ქონებრივი დიფერენცირება არ იწვევს უფლებრივ დიფერენცირებას.
        საქართველოში უდავოდ კეთილისმყოფელია იმის დემონსტრირება, რომ ლიბერალიზმი არათუ არ გამორიცხავს, არამედ უშუალოდ გულისხმობს სოციალურ სამართლიანობას (ამ, ჯანსაღი აზრით), წინააღმდეგ შემთხვევაში, კარტბლანში რჩებათ, ეგრეთ წოდებულ «მემარცხენეებს» თავიანთი დემაგოგიით.
        ანუ სააკაშვილის დემარში პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, სავსებით გამართლებულია. სხვა საქმეა, რომ იდეა მართლაც «წყალბადის ბომბივით» გასკდა და გაცილებით უფრო ფართო პლასტი მოიცვა.
        შემთხვევითი არ არის საუბარი «ქონების ხელახალი გადანაწილების» შესახებ, რაც შეიძლება «უქონელმა» სოციალურმა კატეგორიამ მოითხოვოს.
        ბუნებრივია, საკითხის ამგვარად გაჟღერებამაც კი ძალიან ააღელვა მეორე სოციალური კატეგორია - მათ შესანიშნავად იციან, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ქონების (წარმოების საშუალებათა) დაკანონებას ახროციელებდნენ, ყველაფერს კანონიერად და «ცივილიზებულ ნორმათა შესაბამისად» ვერ გააკეთებდნენ, ამიტომ, ნებისმიერ დროს შეიძლება შეედავონ.
        მკითხველმა, შესაძლოა, იკითხოს: ეს რა შუაშია, კანონი ხომ მხოლოდ ჩინოსნებს ეხება? მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ძალზე აფართოებს იმ სოციალურ სეგმენტს რომელსაც ამა თუ იმ ფორმით იგი შეიძლება შეეხოს.
        იგი ამკვიდრებს არა მხოლოდ «ოჯახის წევრის» ან «ნათესავის», არამედ «დაკავშირებული პირის» ცნებას. გარდა ამისა, ჩინოსანთა საქმიანობის შესწავლისას შეიძლება, «ამოტივტივდეს» უამრავი საქმე, რომელიც უკვე «არაჩინოსანს» ეხება და ასე შემდეგ.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ნორმალური, ცივილიზებული პრივატიზება (წარმოების საშუალებათა დაკანონება-გადანაწილება) საქართველოში თითქმის არ განხორციელებულა და ვერც განხორციელდებოდა სამოქალაქო ომის პირობებში, როდესაც ძალიან ბევრ რამეს, ელემენტარულად, ფიზიკური ძალა და «საძმოში» იარაღის ხარისხი-ოდენობა განსაზღვრავდა.
        ნუ დავაბრალებთ ამას ხელისფლებას - ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, გაეთვალისწინებინა რეალობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა 1989 წლის 9 აპრილის (!) შემდეგ და მომდევნო «უხელისუფლებობის» პერიოდში.
        იმავდროულად, არც ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პრივატიზება არ მომხდარა ამა თუ იმ ჩინოსნის ხელის «მოთბობის» გარეშე, რაც, სხვათა შორის, სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ძალიან ბევრ შემთხვევაში წარმოების საშუალება მართლა გერგილიანი და ნიჭიერი მეპატრონის ხელში არ მოხვდა «კუპონებად».
        თუმცა, სხვა მაგალითებიც არსებობს და, ელემენტარულად, დანაშაულია ასეთ ქვეყანაში, ამგვარ ვითარებაში «თაროზე იყოს შემოდებული», არ მოქმედებდეს «კანონი გაკოტრების შესახებ», რომლის ფუნქცია, ყველა ქვეყანაში ის არის, რომ წარმოების საშუალებამ იმუშაოს და უქმად არ ფუჭდებოდეს.
        მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ხსენებულ კანონს: მისი მოტივაციური საფუძველი უდავოდ სოციალური ანტაგონიზმი გახლავთ, რაც ამჟამინდელი სოციალური უთანასწორობიდან გამომდინარეობს.
        ნორმალურ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებში ეს ანტაგონიზმი შეარბილეს «სოციალური სამართლიანობის» თეორიით, «თანაბარი შანსის» კონცეფციით, რეალური უფლებრივი თანასწორობით, არჩევანის შეუზღუდავობით, ანტიმონოპოლიური იდეოლოგიით (იგი მხოლოდ ეკონომიკური კატეგორია არ გეგონოთ, მას უმნიშვნელოვანესი სოციალური შინაარსი აქვს - ავტ.) და ასე შემდეგ.
        ოღონდ, ამ პროცესში აზრადაც არ მოსვლიათ საზოგადოების თვით ცივილიზაციური, სახელმწიფოებრივი საფუძვლის შერყევა. ასეთი ინსტრუმენტის გამოყენებას უდიდესი სიფრთხილე სჭირდება, რათა მან ნეგატიური შედეგი უფრო მეტი არ მოიტანოს.
        აქ მხოლოდ იმას როდი ვგულისხმობთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ხშირ შემთხვევაში, ნეგატიურ შედეგს იწვევს (კაპიტალის გაქცევა, ინვესტიციათა შეწყვეტა კაპიტალის «არამდგრადობის» გამო, შიდა ინვესტირების მეტისმეტი რისკიანობა), არამედ უფრო მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ საკითხებს.
        დავაკვირდეთ: კანონპროექტის შესაბამისად, ჩინოსანი, რომლის ქონება დავის საგანი ხდება, აგრეთვე მისი ოჯახის წევრი და «მასთან დაკავშირებული პირი» ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ ქონება კანონიერი გზით მოიპოვა და არ მოუპარავს.
        მაშასადამე, ბრალმდებელი (ამ შემთხვევაში, სარჩელის ავტორი კერძო ან იურიდიული პირი) კი არ არის ვალდებული დაუმტკიცოს ჩინოსანს (თუ მასთან «დაკავშირებულ პირებს»), რომ ქონება ნაპარავია, არამედ პირიქით, ეს უკანასკნელნი ხდებიან ვალდებულნი, ამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა.
        არადა, ასეთი პოზიცია ანგრევს ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ეფუძნება საერთოდ, საკაცობრიო იურისპრუდენცია ძველი რომიდან დღემდე - უდანაშაულობის პრეზუმფციას! «მე არა ვარ ვალდებული, ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა - ბრალდებამ უნდა დაასაბუთოს, რომ დამნაშავე ვარ. თუ ვერ დაასაბუთა, მაშასადამე უდანაშაულო ვარ, ჩემი დამნაშავეობა საჯაროდ «თვალსაჩინოც» რომ იყოს.»
        ამ არგუმენტის პასუხად, კანონპროექტის მრავალი მომხრე აცხადებს: სასაცილოა, როდესაც «უდანაშაულობის პრეზუმპციაზე» ლაპარაკობს ის ხალხი, ვინც ყოვლედღე არღვევს ამ პრინციპს, მეხუთე იზოლატორში ადამიანებს აწამებს და ასე შემდეგ.
        ეს არგუმენტი არ არის!
        სწორედ ამ მომენტის გამო, ასეთი კანონი არ მოქმედებს თითქმის არც ერთ ქვეყანაში ნახევრადველური (ცათამბჯენები თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს) სინგაპურის გარდა.
        ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება «უდანაშაულობის პრეზუმფცია» შეუზღუდო ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ამა თუ იმ თანამდებობის პირის ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარია (?!!) - «დაკავშირებულ პირად» ხომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამოცხადდეს?!
        მოდით, კვლავ დავაკვირდეთ, რა გამოდის: კანონპროექტის თვით იდეოლოგია გულისხმობს, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი იმთავითვე ეჭვმიტანილია, როგორც გარეწარი, საზიზღარი ჯოჯო და რაღაც ბინძური ბაყაყი, რომელიც აპრიორი იწვევს სიძულვილს.
        აგრეთვე, გულისხმობს, რომ თანამდებობის პირის ნათესაობა არის დანაშაული, ყოველ შემთხვევაში, მრავალმხრივი რისკისა და დისკომფორტის შემცველი სოციალური პოზიცია.
        თანამდებობის პირი იმთავითვე არის ლამის «კეთროვანი», რომელსაც სჯობს არ მიეკარო, მასთან არანაირი კონტაქტი არ იქონიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიღაც «მოსარჩელემ» შენი ქონებაც ეჭვქვეშ დააყენოს, ხოლო «უდანაშაულობის პრეზუმფცია» შენზე არ მოქმედებს.
        იგულისხმება, გარდა ამისა, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი უფრო გარეწარია, ვიდრე პატიოსანი ადამიანი.
        ეს იცით რას ჰგავს? ძალიან უხეში შედარება რომ მოვიტანოთ - საბჭოთა ეპოქაში, რუსეთში სასადილოებში მაგიდაზე დანა-ჩანგალს აბამდნენ, რაკი შეიძლებოდა, მოეპარათ.
        ასე ჩვენ სახელმწიფოს ვერადსროს ავაშენებთ და ნორმალურ საზოგადოებასაც ვერასგზით შეექმნათ, ვინაიდან სახელმწიფოს, საზოგადოებას, ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება ჯანსაღი სოციალურ მოტივაციათა სისტემა. ერთ-ერთი ასეთი (სავსებით ჯანსაღი) მოტივაციაა ინდივიდის სურვილი და სწრაფვა «სოციალურ კიბეზე» ზეაღსვლისაკენ.
        გამოდის, ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ რეალურ მოტივაციას: კორუფციულ ინტერესს. აბა სხვა რა შეიძლება ამოძრავებდეს სახელმწიფოს სამსახურში მყოფ ინდივიდს, თუ ხელფასსაც ვერ ვუნიშნავთ ნორმალურს («მაინც მოიპარავსო»), ხოლო რაც უფრო მაღლა მიიწევს სოციალურ კიბეზე, მით უფრო იძენს დამნაშავის, გარეწრისა და უზნეო ვიგინდარას საზოგადოებრივ სტატუსს - თანდათან იზღუდება მისი ელემენტარული ადამიანური უფლებებიც (მათ შორის საფუძველთა-საფუძველი, - უდანაშაულობის პრეზუმფცია) და, რაც კიდევ უარესია, ილახება მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანის უფლებაც.
        კანონი ითვალისწინებს, რომ თანამდებობის პირი ვალდებულია, დაამტკიცოს ქონების კანონიერება. თუ დაამტკიცა, შეეშვებიან, მაგრამ ასეთი სასამართლო პროცესი ხომ ნამდვილად მორალური ტრავმაა როგორც ამ ადამიანის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.
        გასაგებია, რომ პასუხად მიმითითებენ ოდიოზურ ფაქტებს, როდესაც თანამდებობის პირმა სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა წარმოების საშუალებათა ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ჯერ ერთი, კანონპროექტი ამ შემთხვევას შორს სცილდება და მოიცავს არა მხოლოდ წარმოების საშუალებას, არამედ ქონებას ზოგადად (რაც ბევრად ფართო ცნებაა), გარდა ამის, რად უნდა ასეთ შემთხვევას დამატებითი კანონი? ხომ მოქმედებს კანონმდებლობა «საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ».

დილის გაზეთი, 13 აგვისტო, 2001 წელი

მთელ გევრდზე