მინისტრთა კაბინეტი - უახლოეს მომავალში გადატანილი წარსული
       

        ბოლოდროინდელი «პოლიტიკური მიწისძვრებისა» და პერტურბაციების მიუხედავად, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის საკვანძო პრობლემა - მინისტრთა კაბინეტის შემოღების საკითხი - დღის წესრიგიდან არ მოხსნილა
        პრეზიდენტის გადადგომამ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან იგი თითქოს უფრო რეალურიც გახადა. ყოველ შემთხვევაში, «ოპოზიციურ აქტიურობას» ამ მიმართულებით ის ძალებიც ამჟღავნებენ, რომელთაც მცირე ხნის წინ კაბინეტს ვერც კი უხსენებდი, ვინაიდან ზურაბ ჟვანიას კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნდათ.
        პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: დღევანდელ ვითარებაში იგი აღარ აპირებს კენჭი იყაროს პრემიერის პროსტზე.
        თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს, თითქოსდა ჟვანია ხელს შეუშლის თვით ინსტიტუტის, ანუ მინისტრთა კაბინეტის, როგორც კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ორგანოს დაფუძნებას. პირიქით, პარლამენტის თავმჯდომარე (სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით), ყველაფერს გააკეთებს მინისტრთა კაბინეტის შემოსაღებად. იმ შემთხვევაშიც კი (არადა, ნამდვილად ასე იქნება), თუ პრეზიდენტს ამ პოსტზე უკვე სხვა კანდიდატურა ეყოლება.
        მიზეზი გასაგებია: მთავრობის შექმნას, ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო პროცედურის გათვალისწინებით, 1 წელი (მინიმუმ) მაინც დასჭირდება. მაშასადამე, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერებით, მხოლოდ 2002 წლის ბოლოსთვის თუ მოევლინება ქვეყანას. იმ დროს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 1 წელიღა იქნება დარჩენილი. მაშასადამე, ჩიტი ბდღვნად არ ეღირება პრემიერისთვის, მაგრამ ნამდვილად ეღირება იმ პოლიტიკური ძალებისთვი,ს ვინც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი «ახალი უმრავლესობით» შეეცდება «კაბინეტის» დაკომპლექტებას, ან, ყოველ შემთხვევაში, საკვანძო პორტფელების მოპოვებას.
        რატომღაც არავინ ითვალისწინებს, რომ იმ დროისთვის, შესაძლოა, უკვე პრეზიდენტი აღარ იყოს მინისტრთა კაბინეტის დაფუძნების მომხრე, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, როგორიც საპარლამენტო ძალებს ექნებათ წარმოდგენილი - ფართო გარიგების საფუძველზე. თუმცა, ეს მაინც სხვა თემაა.
        დავუშვათ, პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად თანახმაა: მინისტრთა კაბინეტის შექმნა მაინც უდიდეს იურიდიულ და პოლიტიკურ პრობლემებს წააწყდება. ქართული ისტებლიშმენტსა და პოლიტიკურ ელიტას არ სურს აღიაროს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემოსაღებად, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის მიღება იქნება საჭირო. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლა ბუნებრივად შეცვლის ხელისუფლებათა განაწილების მოდელს, აუცილებელი გახდება, ვთქვათ, ისეთი სტრუქტურული ინსტიტუტის დაფუძნება, როგორიცაა პარლამენტის დათხოვა, რაც მაჟორიტარი დეპუტატების გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდება.
        გარდა ამისა (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია), მოსწონთ ეს პოლიტიკოსებს თუ არა, უნდათ თუ არა, მინისტრთა კაბინეტის თემას უეჭველად მივყავართ ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის, ფედერალიზაცია-რეგიონალიზაციის პრობლემამდე.
        ამაში აკაკი ასათიანი, უდავოდ, მართალია, ანუ ნამდვილად მართალია, როცა ამბობს, რომ სხვაგვარად კაბინეტის შემოღებას აზრი არ ექნება და ვერც მოხერხდება. მაგალითად, ხომ უნდა გაირკვეს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულთან და ა.შ. (აკაკი ასათიანი მხოლოდ იმაში ცდება, რომ «რეგიონალიზმის» საკითხი რეალურად მიაჩნია. არადა, ეს აბსოლუტურად გამორიცუხლია: ქართული ისტებლიშმენტი რეგიონალიზმს (ყოველ შემთხვევაში, ისტორიული პროვინციების მიხედვით - სხვაგვარად კი არ გამოვა) მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს, ვინაიდან არცთუ უსაფუძვლოდ შეეშინდება მოსალოდნელი შედეგის. აკაკი ასათიანს ამის არ ეშინია, ვინაიდან იმედი აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერს ხელისუფლებას დააბრალებს. რეგიონალიზმი რა შუაშია - თქვენ ვერ ივარგეთო.
        როგორც ჩანს, კაბინეტის შესახებ დისკუსიის განახლებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. ძალიან ბევრი რამ საპარლამენტო ძალთა გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული. პროექტი კი ჯერ არ დასრულებულა. უფრო მეტიც, კაბინეტმა აქ შეიძლება კატალიზატორის როლი შეასრულოს და იგი ახალი ძალით თუ შინაარსით განვითარდეს.

მერიდიანი, 22 ოქტომბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე