რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის დამანგრეველი ილუზია
       

        გასულ კვირას კვლავ გააქტიურდა «კოალიციური მთავრობის» თემა, რომელიც მჭიდროდ უკაშვირდება «მინისტრთა კაბინეტის» საკითხს. უფრო ზუსტად, მეორე - პირველიდან გამომდინარეობს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ნულოვანი ვარიანტის ჩავარდნის შემთხვევაში ქვეყანას დეფოლტი ელოდა, რითაც უეჭველად ისარგებლებდა ოპოზიცია, რათა პრეზიდენტისთვის პოლიტიკური ვითარების განსამხუტად «ეროვნული თანხმობის მთავრობის» (იგივე კოალიციური მთავრობის) ჩამოყალიბება მოეთხოვა.
        პრეზიდენტის ამ განცხადებას ოპოზიციის ცოტა არ იყოს კომიკური გამძვინვარება მოჰყვა - აქაოდა, ასეთი რამ აზრადაც არ მოგვსვლიაო. მეტისმეტი გაწიწმატება აქ საპირისპირო შთაბეჭდილებას უფრო ქმნის. მით უმეტეს, რომ დაწყებული 1994 წლიდან, ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს, რაიმე საკითხზე კენჭისყრით მიაღწიოს მთავრობის შეცვლას და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.
        ასე რომ, «მეთოდი» აპრობირებულია, მაგრამ ამჟამად უფრო მეტად საინტერესოა «მინისტრთა კაბინეტი-კოალიციური მთავრობის» საკითხი.
        მიაქციეთ ყურადღება როდესაც საქართველოში მინისტრთა კბაინეტი არსებობდა (ჯერ სიგუას, შემდეგ ფაცაციას ხელმძღვანელობით), მაშინ ამბობდნენ, რომ ასეით მთავრობა არის კორუფციის ბუდე, ვინაიდან ფაქტობრივად უკონტროლოა.
        ყველა ვითომ ყველაფერზე აგებს პასუხს, მაგრამ სინამდვილეში, არავინ - არაფერზე, რომ სახელმწიფოს მეთაური ასეთ შემთხვევაში თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას და აქცევს მთავრობას განტევების ვაცად, რომ «კოალიციურ პასუხისმგებლობის პრინციპზე» დაფუძნებული მთავრობა არაქმედითუნარიანია.
        დღეს ზუსტად ის ხალხი, ვინც მაშინ საკითხს ასე სვამდა, სრულად საპირისპიროს ამტკიცებს.
        სინამდვილეში «მოდელებზე მსჯელობა» აქ სრულიად ფუჭია - ქართულ პლიტიკურ ელიტას, ანუ პოლიტოკრატიას რატომღაც მიაჩნია, რომ კონსტიტუცია და კონსტიტუციური წყობა უნდა მოერგოს მათ სურვილებსა თუ ამბიციებს და არა პირიქით.
        საქართველოში არსებობს ხელისუფლებათა გაყოფა-გამიჯვნის «ამერიკული მოდელი» მცირეოდენი (არც თუ მნიშვნელოვანი) სახეცვლილებით.
        კონსტიტუციონალისტები აღიარებენ, რომ ეს მოდელი მონტესკიეს გენიალური იდეის (ხელისუფლებათა გამიჯვნა-გაყოფის აცუილებლობის შესახებ) ყველაზე სრული განხორციელებაა. მისი ნაკლი გახლავთ ზედმეტი «სიხისტე», ანუ თითქმის ყველგან (თვით ამერიკის გარდა - იქ სხვა საფუძველი არსებობდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისათვის), სადაც ეს მოდელი მოქმედებდა, საქმე მივიდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შეურიგებელ დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომამდე.
        მაგრამ რაკი საქართველომ 1991-1992 წლებში ჭკუა ისწავლა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ამ მოდელის დადებითმა მხარეებმა იმუშაოს.
        ჩვენში მაინც არსებობს «ხიდი» აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის მმართველი პარტიის - «მოქალაქეთა კავშირის» სახით, რომელსაც პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, მაგრამ ეს არ არის მოდელის თვისობრივი დარღვევა. ამერიკის პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის ფაქტობრივი ლიდერია და სულაც არ უშლის ხელს, თუ კონგრესის ორივე პალატაში საკმაოდ მყარი რესპუბლიკური უმრავლესობა ეყოლება. თვისობრივი დარღვევა იქნება სწორედ იმ მთავრობის დაკომპლექტება ე.წ. «კოალიციური» პრინციპით.
        მართალია, დემოკრატმა ბილ კლინტონმა თავის კაბინეტში (რომელსაც პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ სისტემაში) თავდაცვის მინისტრად რესპუბლიკელი უილიამ კოენი დანიშნა და რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმაც შეიყვანა ადმინისტრაციაში დემოკრატები, მაგრამ ეს მხოლოდ «პოლიტიკური ბალანსის» საკითხია - გამომდინარე პრეზიდენტის კეთილი ნებიდან. არ აურიოთ სახელისუფლებო ბალანსში.
        ამრიგად, საქართველოში დღეს კოალიციური მთავრობა იმთავითვე თვისობრივად შეუძლებელია - იგი იმდენად ეწინააღმდეგება არსებულ მოდელს, რომ თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ ვითარებას, როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე დაეთანხმება ოპოზიციის წინადადებას მთავრობის პარტიული ნიშნით დაკომპლექტების თაობაზე (აპრლამენტში წარმომადგენლობის შესაბამისად), ასეთი მთავრობა იქნება სრულიად არაქმედუნარიანი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლოში და ხელისუფლებაში ზოგადად.
        ისეთი ვითარება შეიქმნება, როდესაც მოსწრებული ქართული გამოთქმისამებრ «ძაღლი პატრონს ვერ იცნობს», ანუ «კოალიციური მთავრობის» ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია არსებული მოდელის შეცვლა, რაც ვერანაირად ვერ მოხერხდება ახალი კონსტიტუციის მიღების გარეშე.
        არსებულ კონსტიტუციაში იმდენად ღრმა ცვლილებები უნდა შევიდეს ასეთ შემთხვევაში, რომ იგი სწორედ ახალი კონსტიტუცია იქნება.
        «კოალიციური მთავრობა» მიესადაგება «ფრანგულ» (ნაწილობრივ) და ე.წ. «გერმანულ» მოდელებს.
        ყველაზე მეტად და სრულად კი იმას, რაც ესიზმრება ქართულ პოლიტოკრატიას, - ისრაელისა და სომხეთის მოდელები ასახავს, სადაც დეპუტატები იმავდროულად შეიძლება მინისტრებიც იყვნენ და კენჭისყრებში მონაწილეობდნენ.
        ამასობაში ვითარება ქვეყანაში შესამჩნევად იძაბება, კომუნისტების მიტინგის აღკვეთას პირველად მოჰყვა ცემა-ტყეპა. დღემდე ქართველ კომუნისტებს ამგვარი «პრივილეგია» არ ღირსებიათ. ყველაზე საინტერესოა (ისევ და ისევ უცნაური ალიანსების კონტექსტში) «ეროვნული მოძრაობის» წარმომადგენელთა მხარდაჭერა.
        ერთ-ერთმა მათგანმა (რას მოვესწარით!) ისიც კი განაცხადა, იგორ გიორგაძის პრეზიდენტობას არ გამოვრიცხავო. თუმცა, მთლიანობაში, ეს ძალები მარგინალურებად დარჩებიან იმავე მიზეზით: არ აქვთ რეალური ალტერნატივა - მხოლოდ პროტესტული ელექტორატი კი «დომინანტას» ვერ შექმნის.
        ეს არ გამორიცხავს ეროთბლივ მოქმედებას, საერთო ტაქტიკას (თუნდაც არადეკლარირებულს), ვთქვათ, «კომუნისტებს» და «ზვიადისტებს» შორის. ამ უკანასკნელთა პოლიტიკური რესურსიც ამოწურულია.
        ჯერ ერთი, არსებობს ათეულობით «ზვიადისტური» ორგანიზაცია. გარდა ამისა, ორი ძირითადი ფაქტორის გამო «ზვიადისტები» რევანშს ვეღარ შეძლებენ საზოგადოებრივი აზრის მიმხრობის თვალსაზრისით: უპირველეს ყოვლისა, ბევრი მათგანი თავის დროზე რუსეთში გაიქცა, მოსკოვს შეაფარა თავი. ამიტომ მათი პოლიტიკური ლექსიკიდან ბუნებრივად გაქრა შევარდნაძის დადანაშაულება «რუსეთის მარიონეტობაში», საოკუპაციო ჯარების სასწრაფოდ გაყვანის მოთხოვნა და ა.შ.
        მართლაც, ცოტა არ იყოს კომიკური იქნებოდა მოსკოვიდან დაბრუნებულებს რუსეთი ისევ «სატანის ბუდედ» გამოეცხადებინათ. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ძალაუნებურად, შეუგნებლად მაინც ხდება ტრაიბალისტური მომენტის ხაზგასმა, რაც სრულიად უპერსპექტივოს ხდის ამ მოძრაობას.
        აქ სასიხარულო არაფერია - ქვეყანა კვლავინდებურად ცხოვრობს ნამდვილი ოპოზიციის გარეშე, რაც ძალზე უარყოფითი და განვითარების შემაფერხებელი რეალობაა. ოპოზიცია ხომ, სახელმწიფო სტრუქტურების განვითარების თვალსაზრისით, აუცილებელი და უებარი ფაქტორია.
        თანამედროვე ქართული ოპოზიციის სახე კი თვალნათლივ მეტყველებს: მათ არ შეუძლიათ შექმნან და წარმოადგინონ ნამდვილი ალტერნატივა.
        არის თუ არა ქვეყანაში საგანგებო ვითარების შექმნის პერსპექტივა - იმის განურჩევლად, რა თეორიული დოქტრინა უდევს საფუძვლად ანტისახელისუფლებო ძალთა გაერთიანებას? 10 წლის წინანდელ მოვლენათა განმეორება ამჟამად ძნელად წარმოსადგენია: მოსახლეობას იმ ეპოქამ ერთგვარი იმუნიტეტი შესიძნა რადიკალიზმის მიმართ და ჩაუნერგა ძვირფასი რაციონალური ეჭვი, რომ რთულ პრობლემათა იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, ხოლო ემოციების აყოლა «უარესს» მოიტანს.
        ასეთი ფაქტორები დღეს ვეღარ იარსებებს თუნდაც იმიტომ, რომ აუცილებლად მოხდება «ინტერესთა შეჯახება» - საქართველოში დამთავრდა (ყოველ შემთხვევაში, მთავრდება) სოციალური სტრუქტურიზების, ქონების გადანაწილება-დამკვიდრების პროცესი.
        ნებისმიერი «რევოლუცია» აუცილებად დაემუქრება ახლად შექმნილი (პირობითად) «საშუალო კლასის» ინტერესებს. ოღონდ «საშუალო კლასი» აქ სხვა მნიშვნელობით იხმარება, როგორც არცთუ (ჯერ) მრავალრიცხოვანი, მაგრამ სტაბილურობით დაინტერესებული ფენა.
        10 წლის წინათ იგი საერთოდ არ არსებობდა, ვინაიდან არ არსებობდა სოციუმი თანამედროვე გაგებით.

დილის გაზეთი, 19 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე