შეტევა «შუბლში» - ვის უმტყუნებს ნერვები?
           

            სამხედრო ავიაციაში არსებობს ამგვარი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მოწინააღმდეგეთა სამხედრო საფრენი მანქანების შეპირისპირებას მთელი სისწრაფით, ერთმანეთის მიმართულებით, სანამ ერთ-ერთ მხარეს ნერვები არ უმტყუნებს და გეზს არ გადაუხვევს. სწორედ ასეთი ვითარება იქმნება «ოპოზიციასა» და «ხელისუფლებას» შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
            როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა კოალიციამ «ქვა ააგდო და თავი შეუშვირა». საკონსტიტუციო ცვლილებათა განხილვასა და მინისტრთა კაბინეტის დაფუძნებაზე იგი თანხმობას აცხადებდა მხოლოდ იმ პირობით, თუ წინასწარ შემუშავდებოდა ახალი კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - ყველა ქალაქის მერისა და გამგებლების არჩევით.
            ოღონდ გაურკვეველი იყო, ამ შემთხვევაშიც, მინისტრთა კაბინეტის რომელ მოდელს დაუჭერდა ოპოზიცია მხარს.
            არ არის გამორიცხული, ეს ყოფილიყო პრეზიდენტისა და «მოქალაქეთა კავშირისთვის» კატეგორიულად მიუღებელი პროექტი. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმაც კომპრომისით (მით უმეტეს, საკმაოდ სარისკო) უაზრობად მიიჩნია და თვითონაც «ვა-ბანკზე» წასვლა გადაწყვიტა.
            გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებათა თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს გამგებლებისა და მერების დანიშვნას.
            არადა, სულ ცოტა ხნის წინათ, სახელმწიფო კანცელარიის კულუარებში საუბრობდნენ გამგებლების დანიშვნაზე საკრებულოს წევრთაგან ან არჩევანზე საკრებულოს მიერ.
            მაგრამ ასეთი კომპრომისის ფასად (რაც ხელისუფლების დესტაბილიზაციის რისკს ნამდვილად შეიცავდა), ოპოზიცია სულაც არ იყო მზად, მხარი დაეჭირა «მინისტრთა კაბინეტისთვის». აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამაც დესტაბილიზაციის რისკზე წასვლა უაზრობად მიიჩნია. მით უმეტეს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობით, კომპაქტურად და უპირატესად დასახლებულ რაიონებში გამგებლების არჩევნების შედეგად წარმოშობილი პრობლემებისთვის პასუხისმგებლობა მასვე დაეკისრებოდა.
            სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ტაქტიკური თვალსაზრისით თითქოს სიახლეს არ შეიცავს (თუმცა, თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების საფინანსო უფლებამოსილებათა გაზრდას ნამდვილად ითვალისწინებს), მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, გულისხმობს ძალზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების დადასტურებას.
            2002 წლის ბოლომდე ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს რეგიონალიზაციას ან ფედერალიზაციას. სწორედ ამ და მხოლოდ ამ კონტექსტში გადაწყდება რაიონულ დონეზე თვითმმართველობისა და გამგებელთა არჩევითობის საკითხი, ანუ თუ შეიქმნება რეგიონული (სამხარეო) მმართველობის ორგანოები, რაიონულ დონეზე თვითმმართველობის ყველა ორგანო და ინსტიტუტი აირჩევა.
            მაშასადამე, რაიონული სახელისფლებო ორგანო დროებით და გარდამავალ ინსტიტუტად ცხადდება.
            კაცმა რომ თქვას, ასეთი «მიბმა» ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრისა - კონკრეტულ თარიღთან და სახელმწიფო პროგრამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გამგებლების არჩევა-არარჩევა.
            ამრიგად, კომპრომისი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ შედგა. «ოპოზიციამ» კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელი შეხვედრით, რომ «კაბინეტის» თაობაზე შეთანხმება გამორიცხულია. «საარჩევნო კანონი» კი საამისოდ საკმარისი არ არის, თუმცა, მოქალაქეთა კავშირი» თანახმაა შეიცვალოს კომისიების დაკომპლექტების წესი, ოღონდ არა ისე, რომ უმრავლესობა კომისიებში საპარლამენტო უმცირესობამ მოიპოვოს.
            პირველი სიმპტომი «წინასაკაბინეტო» დისპოზიციის დაშლისა გახდა «ტრადიციონალისტთა» ლიდერის უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის «საარჩევნო» კონცეფციისადმი. აკაკი ასათიანის დემარშმა დაადასტურა, რომ თუ ოპოზიციამ ამჯერად ხელიდან გაუშვა «კაბინეტის» შემოღების შანსი, ამას შეიძლება ეჭვისა და დაპირისპირება-იმედგაცრუების გაძლიერება მოჰყვეს ოპოზიციურ კონგლომერატში - მრავალი თვალსაზრისით ნიშანდობლივი საშემოდგომო არჩევნების წინ.

დილის გაზეთი, 15 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე