მეხუთე რესპუბლიკის კარიბჭესთან
       

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ახალი, მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა «მოქალაქეთა კავშირის» მთავარი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ «ვაშინგტონ პოსტ» - ის სკანდალურმა სტატიამ მმართველი პარტია ვერ დაშალა, მაგრამ ღრმა სახელმწიფოებრივ რეფორმას კი დაუდო სათავე.
        ედუარდ შევარდნაძის თქმით, «მომწიფდა საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შემოღება».
        ეს განცხადება ძალიან სერიოზული პოლიტიკური დემარშია და მხოლოდ «ორთქლის გამოშვებას» (როგორც ზოგიერთს ჰგონია) ნამდვილად არ ისახავს მიზნად.
        როგორც ჩანს, პრეზიდენტმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას ეკონომიკის, განვითარებისა და რეფორმების გატარებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელი ორგანო.
        ეს იქნება მთავრობა კლასიკური გაგებით, მაშინ, როდესაც «ამერიკულ» მოდელში მთავრობა იმავე პრეზიდენტის ადმინისტრაციაა და მხოლოდ სათათბირო ფუნქცია აქვს, კარდინალურ გადაწყვეტილებებს კი პრეზიდენტი იღებს, ვინაიდან იგი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
        ბუნებრივია, «კაბინეტის» შემოღება ურთულეს სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ პრობლემას დაუკავშირდება. ფაქტობრივად, აუცილებელი გახდება ახალი კონსტიტუციის მიღება და უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შეტანა სამართლებრივ სისტემაში, ანუ თითქმის ყველა კანონში, რომლებიც კი 1995 წლიდან მიიღო პარლამენტმა.
        რა თქმა უნდა, ერთ-ორ თვეში ეს არ მოხერხდება, მაგრამ გადამწყვეტი იქნება კონსტიტუციაში სპეციალური თავის შეტანა «მინისტრთა კაბინეტის» ან «მინისტრთა საბჭოს» შესახებ, რაც ერთი და იგივეა თვისებრივად.
        უბრალოდ, პირველ შემთხვევაში კაბინეტის ხელმძღვანელს «პრემიერ-მინისტრი» ჰქვია, ხოლო მეორეში - თავმჯდომარე, ქმედითობის თვალსაზრისით, ორივე მოდელს («ამერიკულს» და «ფრანგულს») თავისი ნაკლოვანებები და უპირატესობანი აქვთ.
        ბევრს მიაჩნია, მაგალითად, რომ «კაბინეტური» პრინციპი, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, განაპირობებს არა «კოლექტიურ პასუხისმგებლობას», არამედ «კოლექტიურ უპასუხისმგებლობას», როდესაც ვითომ ყველა ყველაფერზე აგებს პასუხს, სინამდვილეში კი, არავინ - არაფერზე, მით უმეტეს, თუ ეს იქნება ეგრეთ წოდებული «კოალიციური მთავრობა», სადაც ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს.
        ასეა თუ ისე, მინისტრთა კაბინეტი უეჭველად ნიშნავს ახალ კონსტიტუციას და ახალი ქართული რესპუბლიკის (ფათქტობრივად, ახალი სახელმწიფოს) დაფუძნებას.
        შეიძლება ითქვას, ეს იქნება «მეხუთე რესპუბლიკა» 1918 წლიდან.
        «პირველი რესპუბლიკა» იყო 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველო, მეორე 1921-1990 წლების საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც ყველა სამართლებრივი ინსტიტუტი ატროფირებული ჰქონდა, მაგრამ ფორმალურად მაინც არსებობდა; მესამე - ზვიად გამსახურდიას 1990-1992 წლების «საქართველოს რესპუბლიკა». მართალია, იგი თითქოს საქართველოს სსრ კონსტიტუციას ეფუძნებოდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას - იმ კონსტიტუციაში იმდენად ღრმა ცვლილებები შეიტანეს, მას უკვე «საბჭოთა კონსტიტუცია» აღარ ეთქმოდა.
        სხვათა შორის, გამსახურდიას მმართველობის მოდელი სწორედ მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის არსებობას ითვალისწინებდა. «მეოთხე რესპუბლიკა» დაფუძნდა 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და გაფორმდა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებით. მანამდე მოქმედებდა მხოლოდ კანონი სახელმწიფო მართვის შესმხაებ, ანუ პარლამენტი ასრულებდა დამფუძნებელი კრების ფუნქციას. «მეოთხე რესპუბლიკა» არსებობს დღემდე. მინისტრთა კბაინეტის შემოღება (ვიმეორებ) გულისხმობს, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის მიღებას და ახალი (მეხუთე) რესპუბლიკის დაფუძნებას. ამთავითვე უნდა ითქვა,ს რომ ახალ მოდელში უმთავრესია პრეზიდენტის უფლება, კრიზისულ ვითარებაში დაშალოს პარლამენტი სხვაგვარად «მინისტრთა კბაინეტის» შემოღება უბრალოდ უაზრობაა, სრული იდიოტიზმია იმის მოთხოვნა, რომ დაფუძნდეს «მინისტრთა კაბინეტი», მაგრამ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პარლამენტის დათხოვის უფლება - ასეთ შემთხვევაში სისტემა იმთავითვე დამბლადაცემული იქნება. საბედნიეროდ, ჯერჯრეობით, არ არის რეალური «საპარლამენტო რესპუბლიკის» შექმნა, ვინაიდან ეს ძალზე სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. იმიტომ კი არა, რომ»საპარლამენტო რესპუბლიკა» ცუდია - უბრალოდ, იგი შეიძლება შეუსაბამო აღმოჩნდეს საქართვლეოს რეალიებთან.
        მეხუთე ქართული რესპუბლიკა უდავოდ განსხვავებული შინაარსის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო იქნება. «მოდელები» უშუალო ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკურ კურსზე. ამდენად, პრეზიდენტის ინიციატივა იმ აუცილებლობას ასახავს, რომ ტაქტიკური კორექტივები ყველა მიმართულებით აუცილებელია სტრატეგიის შესანარჩუნებლად.

დილის გაზეთი, 21 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე