ლეშეკ ბალცეროვიჩი კვლავ «ქამრის მოჭერას» გვთავაზობს
       

        საქართველოში სამთვიანი შესვენების შემდეგ ჩამოსული პოლონელი რეფორმატორი, შესაძლოა, წინასწარი განზრახვის გარეშე, ფართომაშსტაბიანი ინტრიგის ავტორად იქცა. კერძოდ, მის განცხადებებს «სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის» პროგრამის თაობაზე ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს პოლონური «შოკური თერაპიის» ავტორი მაინცდამაინც კონკრეტულად ამ პროგრამას გვიწუნებდა.
        სინამდვილეში კი, ბალცეროვიჩის კრიტიკული განცხადებები უფრო სხვა ტენდენციის მაჩვენებელია.
        უპირველეს ყოვლისა, აშკარად გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს პოლონელი პროფესორი (აწ უკვე პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) «სავალუტო ფონდის ყურმოჭრილი მონაა» და ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა აფასებდეს ფონდის ყველა გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციას.
        ბოლოს და ბოლოს, კრიტიკოსები თვით საბჭოთა კავშირში, სტალინის დროს გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასაც ჰყავდა (ვიწრო სპეციალიზებულ ჟურნალებში მაშინ ქვეყნდებოდა ზოგიერთი კრიტიკული მოსაზრება) და ეს «სავალუტო ფონდი» რა ტირანული ორგანიზაციაა ასეთი, რომ თვით «დიდმა ლეშეკმა» კრიტიკა ვერ გაუბედოს.
        გარდა ამისა რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბალცეროვიჩი სავალუტო ფონდს სწორედ სავალუტო ფონდის «მონეტარისტული» კონცეფციიდან გადახვევისათვის აკრიტიკებს. საქმე ის არის, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი არა მხოლოდ «ლიბერალი», ანუ «ულტრამემარჯვენე მონეტარისტია» - ის არის «პროგრესისტი» მთელი თავისი არსითა და მსოფლმხედველობით, ანუ მოღვაწეთა იმ რიგს განეკუთვნება, რომლებიც სიტყვების: სოციუმ-სოციალურ-სოციალიზმის ხსენებაზე ცუდად ხდებიან.
        როგორც ჩანს, ბელცეროვიჩმა «სიღარიბის დაძლევის» პროგრამაში სწორედ ეს მომენტი დაინახა. საქართველოში პირველი ჩამოსვლისას იგი აცხადებდა, რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა «სოციალური თერაპიის» ექსტენსიური მეთოდებით (უფასო სასადილოების გახსნა, პენსიების მომატება და ასე შემდეგ) სრული უაზრობაა ისევე, როგორც სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტების მიმართვა სხვადასხვა «ფონდებში» - განურჩევლად იმისა, იქნება ეს ჯანდაცვის ფონდი თუ განათლების ფონდი.
        ბალცეროვიჩს მიაჩნია, მაგალითად (ოღონდ ეს აშკარად არ უთქვამს) რომ ნორმალურ საზოგადოებაში სახელმწიფომ საკმარისია ადამიანს 4 კლასის განათლება მისცეს, წერა-კითხვა ასწავლოს, ხოლო დანარჩენი მოქალაქემ უნდა «იყიდოს» სახელმწიფოსაგან ან კერძო სტრუქტურებისაგან.
        რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ კონტექსტში «ველურ და უმოწყალო კაპიტალიზმზე», კაპიტალიზმის ოქროს ხანა სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ყველაფერს მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავდა, ყოველგვარი «სოციალური ჰუმანიზმის» მინარევის გარეშე.
        ამ თვალსაზრისით, ქართველებს შეიძლება მოგვენატროს კიდეც თანამდეროვე პერიოდი (ქართული კაპიტალიზმის ველური ოქროს ხანა), მას შემდეგ, თუ ხელისუფლებას სხვადასხვა ჯურის სოციალისტები, პატერნალისტები და პროტექციონისტები ჩაიგდებენ ხელში.
        აქედან გამომდინარე, ბელცეროვიჩის აზრით, კრედიტები, რომლებსაც საქართველო იღებს, უნდა მოხმარდეს არა «სოციალური პროგრამების» განხორციელებას (როგორც არ უნდა შეინიღბოს), საბოლოოდ მიანც ამ კრედიტების «შეჭმას» ნიშნავს, ერთი მხრივ, კორუფცირებული ბიუროკრატიის, მეორე მხრივ, მცონარობას და უსაქმურობას მიჩვეული ხალხის მიერ), არამედ მცირე ბიზნესის განვითარებას, მიკროკრედიტებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის რეალურ სექტორს და ასე შემდეგ,
        მაგრამ, სამწუხაროდ, «სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა» საქართველოში ესმით არა როგორც «გაანძრიე ხელი და გეშველება», არამედ «ვიღაც ვალდებულია მასვას და მაჭამოს, განათლება მომცეს, ჩემს ჯანმრთელობაზე იზრუნოს» და ა.შ. ბალცეროვიჩი თვლის, რომ ეს არის გადაყრილი ფული (მიუხედავად მისი ხარჯვის თითქოსდა ჰუმანისტური შინაარსისა), სწორედ ამით აიხსნება მისი გაცხარება, ოღონდ იგი ზოგად კონცეფციას აკრიტიკებს და არა კონკრეტულ პოლიტიკას.
        ბალცეროვიჩს თუ ყურს მივუგდებთ, მაშინ კრედიტები მთლიანად უნდა მოხმარდეს უშუალოდ განვითარებას, ხოლო სოციალურ პროგრამებში აისახოს მხოლოდ ყველაზე დავრდომილი და უმწეო ადამიანების დახმარება.
        ამჟამად ასე არ არის. გარდა ამისა, ბალცეროვიჩი კვლავინდებურად კატეგორიულად მოითხოვს ფინანსთა სამინისტროსა და საშემოსავლო გადასახადების სამინისტროს გაერთიანებას, ოღონდ ნამდვილად კომიკური იქნებოდა, გვევარაუდა, თითქოს ამით იგი ცდილობს რამენაირად ჩაერიოს ცნობილ დაპირისპირებაში, რაც ჩვენს პოლიტიკურ-სახელისუფლებო ბომონდში მიმდინარეობს.
        უბრალოდ, ესეც წმინდა პროგრესისტული და რადიკალურად მონეტარისტული წინადადებაა: დაე, იმან შეაგროვოს გადასახადები, ვინც შემდგომ ის უნდა დახარჯოს. ამით შეიქმნება მუდმივად გაწონასწორებული ბიუჯეტის მიღების საშუალება, ვინაიდან «მხარჯველიც» და «შემგროვებელიც» პასუხისმგებელი იქნება საკუთარი თავის წინაშე, რაც გამორიცხავს ურთიერთგადაბრალებასა და კინკლაობას.
        ყველაზე საინტერესო წინადადება, რომელიც ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში ყოფნისას გამოთქვა, გადასახადების შეცმირებას შეეხებოდა. სხვათა შორის, ესეც არასწორად იქნა აღქმული, როგორც «მონეტარისტული» კონცეფციის ღალატი და «სავალუტო ფონდის» ფილოსოფიის უარყოფა.
        სინამდვილეში, პროგრესისტი ბალცეროვიჩისათვის ბიუჯეტის ოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ განვითარების სტიმული და ენერგია. ამდენად, საქართველოს სწრაფი და განუხრელი განვითარება «პროგრესისტული თეორიის» შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ზრდაზე, ვინაიდან სამომავლოდ განვითარებული სისტემა თავად შექმნის ძლიერ და უხვ ბიუჯეტს.
        ოღონდ «გადასახადების შემცირების» (ანუ ბიუჯეტის შემცირების) შემთხვევაში, ბალცეროვიჩი გვთავაობს არა ემისიას («მონეტარისტებისთვის» იგი სალანძღავი სიტყვაა), არამედ ისევ და ისევ სოციალური ხარჯების შემცირებას «ქამრის მოჭერის» განვითარების უზრუნველსაყოფად.
        ამრიგად, ბალცეროვიჩის წინადადებებში «სავალუტო ფონდის» საწინააღმდგეო არაფერია. პირიქით, იგი სავალუტო ფონდს ურჩევს, თავი დაანებოს ჩვენს ქვეყანაში სოციალური პროგრამების განხორციელებას და უფრო მეტად დაეხმაროს წვრილ ბიზნესმენს, წვრილ მეწარმეს, ანუ ჩამოაყალიბოს «საშულაო ფენა», რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ძირითადი საყრდენია, თორემ «კაპიტალისტური ქვეყნის» ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ჯანღონით სავსე პარაზიტი (პროფესორობაზე ნაკლებ სამუშაოს რომ არ კადრულობს), ყველა შემთხვევაში, მადლიერი მაინც არ იქნება და თუ საქმე არჩევანზე მიდგა, მაინც «მემარცხენეებს» მისცემს ხმას.
        მუქთამჭამელთა მენტალიტეტი ასეთია, ხოლო «მუქთამჭამელების» მომადლიერებით ნორმალური ეკონომიკური და სოციალური სისტემა ვერ აშენდება.
        მით უმეტეს, საქართველოში რა დალევს მუქთამჭამელებს?!

მერიდიანი, 11 აპრილი, 2001 წ.

მთელ გვერდზე