ლეიბორისტებმა საარჩევნო ტექნოლოგია დახვეწეს
       

        გუშინ, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის დავალებით, ამ პარტიის წარმომდაგენლებმა განაცხადეს, რომ შალვა ნათელაშვილის ლეგენდარულ «ვოლგაში» ნაპოვნია მოსასმენი აპარატურა, ანუ «ჟუჩოკი».
        ავთანდილ ტყებუჩავას თქმით, ეს «ჟუჩოკი» მეტყველებს, რომ შალვა ნათელაშვილის, ანუ ქართული ლეიბორიზმის ამომავალი მზის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა, თანაც ძალიან უცნაური ლოგიკეით, იმის გასარკვევად, იჯდა თუ არა თავად ბატონი შალვა მანქანაში, რათა შემდეგ სწორედ ამ ინფორმაციის «მიხედვით» და მასზე «დაყრდნობით» ემოქმედათ.
        ჯერჯერობით უცნობია, აღმოჩნდა თუ არა მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება «ტროტილი», ვინაიდან «ჟუჩოკი» ლეიბორისტების ლიდერს ვერ ააფეთქებდა.
        ალბათ, არა, რადგან, ასე რომ ყოფილიყო, პრესკონფერენციაზე «მქუხარედ გახმოვანება» არ ასცდებოდა.
        მაშასადამე მხოლოდ «ჟუჩოკშია» საქმე, ოღონდ გაუგებარია, ეს ის «ვოლგაა», რომელიც რამდენიმე ხნის წინათ გაიტაცეს თუ პარტიამ სხვა «ვოლგა» უყიდა თავის ხელმძღვანელს.
        როგორც ჩანს, სწორედ «ძველი ვოლგაა», ანუ სამართალდამცავებმა ივაჟკაცეს, თუმცა, ლეიბორისტებმა მაინც ოსტატურად გამოიყენეს ვითარება, პიარ-ტექნოლოგიის თვალსაზრისით.
        ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩენისთვის იბრძვის. სკანდალები კი საამისოდ საუკეთესო საშუალებაა.
        ამ მხრივ, ლეიბორისტთა ლიდერმა «ვოლგის» დროებითი აორთქლებაც შესანიშნავად გამოიყენა. პოლიტიკოსისთვის მთავარია, იყოს ყურადღების ცენტრში და «ციმციმებდეს» ტელეეკრანზე. თუ ირინა სარიშვილი საამისოდ «ნულოვან ვარიანტს იყენებს» (და ოსტატურადაც), შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ კონკრეტიკას ერიდება და «ჟუჩოკების» სინდრომს იყენებს, რაც შესაძლოა, უფრო ეფექტურიც კი აღმოჩნდეს, ვინაიდან «ნულოვან ვარიანტში» მოსახლეობა არსობრივად ვერ ერკვევა, ხოლო «ჟუჩოკი» თითქოსდა ცოცხალი ფაქტია.
        ნათელაშვილს პი-არ-ი («ფაბლიქ რილეიშენ» - ირიბი ქარაგმული თარგმანით) იმისთვის სჭიირდება, რათა «თავი მიიტანოს» ადგილობრივ არჩევნებამდე, რომელიც წესით და რიგით, შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.
        ოღონდ, ნათელაშვილი რატომღაც არ ითვალისწინებს, რომ მომავალ ბატალიებში მისი მთავარი მოწინაღმდეგე «მოქკავშირი» კი არ იქნება, არამედ კვლავ მონათესავე «მემარცხენეებთან» მოუწევს შერკინება.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველ პოლიტიკოსებს რაღაც უცნაური სიჯიუტე ახასიათებთ - ტყუპისცალებივით მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაციები ვერა და ვერ ახერხებენ მორიგებას, მიუხედავად იმისა, რომ არათუ 7 პროცენტიან ბარიერს გადალახავდნენ, არამდე, ძლიერ, ანგარიშგასაწევ ფრაქციას შექმნიდნენ პარლამენტში.
        ვერც მოახერხებენ და ეძებონ ახლა «ჟუჩოკები».
        შორს არ არის დრო, როდესაც «ჟუჩოკების» ძებნა ვახტანგ რჩეულიშვილსაც მოუწევს.
        რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, განსაკუთრებულ პოლიტიკურ ალღოს ნამდვილად ვერ ამჟღავნებს, თორემ აქამდე მიხვდებოდა: «პი-არ»-საც აქვს თავისი ტექნოლოგია, რომლის დაცვა, უბრალოდ, აუცილებელია, ოღონდ იგი (პი-არ-ი) ის «ბუქია», რის მიღმაც ნამდვილი აქცენტები კეთდება ჭეშმარიტი მოწინააღმდეგეების მიმართ.
        «ლეიბორისტებს» მემარცხენეები ართმევენ ხმებს და არა «მემარჯვენეები», ხოლო მმართველი პარტია (მიუხედავად სოციალისტურ ინტერნაციონალში წევრობისა) უეჭველად «მემარჯვენედ» აღიქმება.
        ლეიბორისტთა ლიდერმა გუშინ შესაბამისი საინფორმაციო ტალღის მაშტაბურად «აგორება» ვერ შეძლო - ყოველ შემთხვევაში, იმ მაშსტაბისა, რაც მას სჭირდებოდა.
        არადა, ადგილობრივ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა და ასე თუ ხარჯა არგუმენტები (პი-არ არგუმენტებს ვგულისხმობ) - არც არაფერი შერჩება.
        რატომღაც შინაარსობრივ პროტესტებს აღარ მიმართავს, ესე იგი, «ლეიბორისტების» პოზიციებიდან კონკრეტულ საკითხებს აღარ აყენებს, აღარც «თელასის» უკანონო პრივატიზება ახსოვს და არც სახელმწიფო მონოპოლიის გამოცხადება ალკოჰოლით ვაჭრობაზე.
        ასეთი ტაქტიკა კი უეჭველად იმ შედეგს გამოიღებს, რომ ლეიბორისტთა არგუმენტებს სხვები დაეპატრონებიან.
        ერთი სიტყვით, ქართული «შავი პიარი», ჯერჯერობით, მეტისმეტად მარტივ მეთოდებს არ სცილდება, რაც ჟურნალისტებისთვის გულსატკენია, ვინაიდან მაღალკუვალიფიციური «პი-არ» - ით სანახაობა უფრო თვალსასეირო იქნებოდა.
        არაპროფესიონალიზმის უპირველესი ნიშანია გადაჭარბებული ანგაჟირება - შალვა ნათელაშვილის თვალთვალს კიდევ დაიჯერებდა ვინმე, მაგრამ ნათელაშვილის განადგურება და ლიკვიდაცია (პირდაპირი გაგებით) - ნამდვილად მეტისმეტია.
        მით უმეტეს, «მოქალაქეთა კავშირის», ზურაბ ჟვანიას და ედუარდ შევარდნაძის დაკვეთით.
        რა ისეთ პრობლემას წარმოადგენს შალვა ნათელაშვილი, მისი ლიკვიდაცია იყოს საჭირო? პირიქით, ლეიბორისტები მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საპარლამენტო ოპოზიციას დაასუსტებენ.
        ამიტომ, ნათელაშვილის განადგურება თუ ვინმეს უნდოდა - ისევ იმათ შეიძლება ნდომოდათ, ვის რეალურ კონკურენტსაც იგი წარმოადგენს.
        ნათელაშვილი ნელ-ნელა უახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც დაშვებული შეცდომების შედეგად მარგინალური პოლიტიკოსის იმიჯს შეიძენს, ხოლო ასეთი იმიჯის მოშორება ფაქტობრივად, შეუძლებელია.

დილის გაზეთი, 1 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე