რას ნიშნავს ქვეყნის დაბომბვა?
       

        როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ბობოქარი რეაქცია გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ პანკისის დაბომბვასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოსკოვის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა აშკარად დაამცირა საქართველო. მისი თქმით, ან არავის დაუბომბავს სოფლები, ან თუ დაბომბეს, ბომბავდნენ არა სოფლებს, არამედ სხვა ტერიტორიებს.
        მოდით, ემოციები მოვთოკოთ და ცივად, რაციონალურად ვიმსჯელოთ: ჩვენ (ქართველები) ვაცხადებთ, რომ რუსეთმა უკვე მეათედ დაბომბა საქართველოს დასახლებული პუნქტები. რუსი ლიდერი კი უკმეხად გვეპასუხება: ეს რა დაბომბვაა, რომელსაც არც ერთხელ მსხვერპლი არ მოყოლია?
        ძალზე აღმაშფოთებელი და თავხედური განცხადებაა, მაგრამ... მოდით, ვიკითხოთ: მართლაცდა, როგორ ხდება, რომ უკვე მეათედ გვბომბავენ (პანკისსა და კოდორში), ხოლო მსხვერპლი კი არც ერთხელ არ ყოფილა (მადლობა უფალს); წარმოუდგენელია ათჯერ დაიბომბოს დასახლებული პუნქტები, ხოლო არც ერთ დაბომბვას არათუ მსხვერპლი, არამედ ნგრევაც არ მოჰყოლოდეს. რაშია საქმე? მაშასადამე, პუტინი «სადღაც» (როგორც რუსები იტყვიან) მართალია, როცა აცხადებს, რომ «ბომბავდნენ არა სოფლებს, არამედ სხვა ტერიტორიებს». ბოლოს და ბოლოს, წარმოუდგენელია, ათივეჯერ უფალს გადავერჩინეთ, ე.ი. აქ რაღაც სხვა ტაქტიკასთან გვაქვს საქმე და ძნელი მისახვედრი არ არის, რასთან კონკრეტულად: პუტინის ვერსია «ნარკოტიკების მწარმოებელი ქარხნის განადგურების» შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს, სინამდვილეში, არავითარი იარაღის საწყობი პანკისში რუსულ ავიაციას არ გაუნადგურებია. ჩეჩნები ისე არ დააწყობდნენ იარაღს, ჰაერიდან გასანადგურებელი ყოფილიყო.
        ესე იგი, რუსული ავიაციის რეიდები სამხედრო მიზნებს არ ისახავენ. სამხედრო მიზანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბაზის ან, მართლაც, «იარაღის საწყობის» განადგურება. ასევე, სამხედრო აქციაა, თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მაგრამ ცარიელი ტერიტორიების დაბომბვა (როგორც ამ შემთხვევაში) სხვა მიზანს ისახავს. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალება, თანაც, არა მხოლოდ და არა იმდენი «დაშინება», არამედ სხვა ფსიქოლოგიური შედეგების პროვოცირება.
        დავაკვირდეთ: კოდორის ოპერაციიდან დაწყებული, რუსეთის ავიაცია ბომბავს არა უშუალოდ დასახლებულ პუნქტებს, არამედ მათ შემოაგრენს, ანუ მიმდებარე ტერიტორიას თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას (1999 წლის შემოდგომაზე), როდესაც რუს მფრინავებს, შესაძლოა, მართლა შეეშალათ და თუშეთში ჩამოყარეს ნაღმები. ყველა სხვა ათამდე შემთხვევა მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.
        ანუ, შესანიშნავად იციან, რომ ასეთი დაბომბვა საქართველოში (უფრო ზუსტად, თბილისში) გააფთრებულ რეაქციას გამოიწვევს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი ექნება სათქმელი დასავლეთისადმი აპელირებისას. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებიც (სამხედროებზე აღარაფერს ვიტყვი, ისინი ყველგან ერთნაირები არიან), მხრებს აიჩეჩენ და იგივე კითხვას დაგვისვამენ: «კი მაგრამ, თუკი თქვენ ამბობთ, რომ მეათედ იბომბება თქვენი სოფლები, როგორ ხდება, რომ არც ერთხელ, არათუ მსხვერპლი, არამედ ნგრევაც არ მოჰყოლია ამ დაბომბვას? თუ მოჰყვა, გვაჩვენეთ საბუთი». ეს კონტარგუმენტი მით უფრო ხმამაღალი და აგრესიული იქნება, რაც უფრო გაღრმავდება რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა.
        სინამდვილეში, პუტინი გაცილებით ეშმაკი პოლიტიკოსია, ვიდრე ერთი შეხევდით ჩანს. რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანი მრჩევლები ჰყავს - ელცინისგან გადმოჰყვა.
        ბორის ელცინი კი ხშირად გონებამახვილურ, შორსმჭვრეტელურ ნაბიჯებს დგამდა. ასეთი ნაბიჯი იყო ერთდღიანი ვიზიტი დამარცხებულ და განადგურებულ საქართველოში 1994 წლის 3 თებერვალს. პუტინი არანაკლებ გონებამახვილურად მოიქცა, როდესაც ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეთანხმებოდა ბაზების განლაგებას უზბეკეთში (პოსტსაბჭოურ ტერიტორიაზე, რომელიც დღემდე რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ ითვლებოდა), არადა, სინამდვილეში, მისი თანხმობა (ან უარი) აქ უკვე ვეღარაფერს გახდებოდა. ტაჯიკეთისგან განსხვავებით, უზბეკეთში დიდი ხანია, არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ არის, ამდენად, უზბეკეთი და ამერიკა თუკი მოილაპარაკებდნენ, რუსეთი მათ შეთანხმების ხელს ვერაფრით შეუშლიდა. Aამდენად, პუტინმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, ვითომცდა მოსკოვი ვაშინგტონს დაეთანხმა. ამით ხომ რუსეთმა სახე შეინარჩუნა?! ვაშინგტონი ამ თამაშს მიხვდა და აღარ «ჩაეძია», რათა პარტნიორისთვის პრობლემები არ შეექმნა.
        რაც შეეხება საქართველოს დაბომბვას, პუტინს არც ჰქონია მიზნად რაიმე გაენადგურებინა, ვინმე დაეხოცა და ამით საერთაშორისო სკანდალის ასატეხად საქართველოსთვის საბაბი მიეცა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, «ტრიალ მინდორს» კი არ დაბომბავენ, არამედ თბილისში სახლს დაგვამხობენ თავზე ისე, რომ საკითხავიც აღარ იქნება, ვინ დაბომბა და არის თუ არა ნგრევა და მსხვერპლი.
        იმ შემთხვევაში ნგრევაც იქნება და მსხვერპლიც.
        დღეს კი რუსეთი გვბომბავს მხოლოდ იმ მიზნით, რათა დაგვანახოს და დაგვიმტკიცოს, რომ სრულიად უძლურნი ვართ. იგი ეხება არა ჩვენს ეკონმიკურ ან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას (მაშინ თბილსრესს დაბომბავდა), არა სამხედრო ობიექტებს (მაშინ კოდას დაბომბავდა), არამედ ჩვენს ღირსებას.
        მოსკოვში შესანიშნავად იცნობენ ქართულ ეთნოფსიქოლოგიას, ჩვენს ეროვნულ ამბიციას და ზუსტად გათვალეს, რომ «დამცირებით დაბომბვა», შესაძლოა, ბევრად უფრო გამანადგურებელი იყოს, ვიდრე სამხედრო თუ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დანგრევა.
        ამით საფუძველს ურყევენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სტაბილურობას ქვეყანაში. ხელისუფლებას კი, რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებულს და უმწეოს ხდიან. საეჭვოა, რუსეთს აზერბაიჯანის ან მოლდოვას წინააღმდეგ იგივე მეთოდი გამოეყენებინა. იქ არ გაჭრიდა, ვინაიდან სხვა ფსიქოლოგიისა და ეთნომენტალიტეტის საზოგადოებასთან ექნებოდა საქმე. იმ ქვეყნებში «დამცირებით თერაპია» შედეგად გამოიღებს საზოგადოებისა და ერის კონსოლიდაციას.
        ჩვენში კი, ამგვარი თერაპია, ეროვნული იდეის საბოლოო დისკრედიტაციას მოიტანს შედეგად. ყველაზე უარესი აქ მართლაც, დამცირება და უმწეობა-უილაჯობის შეგრძნებაა.

მერიდიანი, 3 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე