კორუფციის აუღებელი ციხესიმაგრე
       

        პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა «შვიდკაცამ» არათუ ანტიკორუფციული პროგრამის ძირითად მიმართულებებზე, არამედ თვით პროგრამაზე დაასრულა მუშაობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში არც დაწყებულა - მხოლოდ ხმამაღალი საუბარი მიმდინარეობს.
        მართალია, ამ «ხმამაღალ საუბარს» უკვე შეეწირა რამდენიმე არცთუ «უკანასკნელი» თანამდებობის პირის თავისუფლება, მაგრამ პრეზიდენტს ეს მხოლოდ საწყისად, თანაც არასაკმარის საწყისად მიაჩნია.
        ასეთი ვერბალური დემარში შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ მოსალოდნელია რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ პრობლემის თავი და თავი პასუხისმგებლობისა და რისკის ფაქტორია.
        არსებული ბიუროკრატიული სისტემის ბუნებრივი მოთხოვნილებაა პასუხისმგებლობა დაეკისროს უმაღლეს პირს (ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს), მაგრამ არავითარ შემთხვევაში «საშუალედო რგოლებს», ვინაიდან ეს «საშუალედო რგოლები» (იგივე სამინისტროები უკვე იქნენ ჩაკეტილ, თვითკმარ კორპორაციებად, რომლის «აღება» ისევე ძნელია, როგორც ქაჯეთის ციხისა.
        მაგალითად, კომიკურობის ელფერი დაჰკრავს გაუთავებელ გნიასს ჰუმანიტარული დახმარების სახით არათუ ქათმის ბარკლების, არამედ კაფელისა და უნიტაზების შემოტანის თაობაზდე. არადა, ნეტავ ყველას განახათ, რა რუდუნებითა და კაცთმოყვარეობით იღწვიან ზოგიერთები ამ ჰუმანური ტვირთის დროულად შემოსატანად.
        მოყვასისადმი ასეთი მასობრივი სიყვარული ამერიკის, ხსნის არმიასაც «შეშურდება», იმ განსხვავებით, რომ გახრწნილი და «ერესში ჩაფლული» ხსნის არმია ამერიკის საგადასახადო სამსახურის მიერ არ არის შემჩნეული ჰუმანიტარულ დახმარებად გაფორმებული უნიტაზებისა და მანქანის საბურავების იმპორტ-ექსპორტში.
        საქართველოში კი სწორედ ასეთი ჰუმანიზმი ჩქეფს. რაც შეეხება გრანტებს - ქართველები ყველაფერში განსაკუთრებულნი უნდა ვიყოთ. დედამიწის ზურგზე (თვით პოსტსაბჭოურ შუა აზიაში) ვერ გაახერხეს გრანტის ქცევა კორუფციის ორმად.
        საქართვლეოში ესეც კი მოხერხდა ორმხრივი გარიგებით, გრანტი იგივე «ჰუმანიტარული დახმარება» ხდება, ანუ იგივე კონტრაბანდა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი აჯაფსანდალივით აიზილა ერთმანეთში და ძნელი გასარკვევია, სად ვისი საკმაზი იწყება.
        ერთადერთი ანტიკორუფციული ღონისძიება აქ შეიძლება იყოს გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების არა აკრძალვა, არამედ ჩვეულებრივი დაბეგვრა, მაგრამ ესეც ტრაგედიაა, ვინაიდან საქართველო ამითაც გამოიჩრევა «სხვა ერთა შორის». ამგვარი გადაწყვეტილება ხომ არსად არ მიუღიათ - ყველგან, უბრალოდ, დასაჭერი დაიჭირეს.
        გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარყო ეკონომიკის მინისტრის წინადადება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის თაობაზე - ამ საკითხების მოსაწესრიგებლად.
        ვანო ჩხარტიშვილის წინადადება (ეს აშკარად გამოჩნდა) ედუარდ შევარდნაძემ აღიქვა, როგორც ირიბი მინიშნება «ნეიტრალური მეხამრიდის» შექმნის თაობაზე და პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ამგვარი სააგენტო შეიქმნება («გრანტებისა» და «ჰუმანიტარული» დახმარების გასაკონტროლებლად), იგი სწორედ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში უნდა შეიქმნას.
        რასაკვირველია, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს სააგენტო არ იქცევა მორიგ «ვირთხათა საკრებულოდ», მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გამოიკვეთება პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელმაც ეს არ უნდა დაუშვას და თუ დაუშვებს - პასუხი უნდა აგოს.
        ჩხარტიშვილის რეაქცია პრეზიდენტის წინადადებაზე აშკარად მეტყველებდა, რომ იგი მზად არის ასეთი პასხუისმგებლობისა და ახალი ფუნქციებისთვის.
        ედუარდ შევარდნაძის აღიარებით, ჯერჯერობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას რაიმე პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს. ალბათ იმ აზრით, რომ ამჟამად ინტერნირებულნი წარსულ საქმეებზე აგებენ პასუხს, რასაც საეჭვოა, რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს.
        «მიმდინარე საქმეებზე» კი, ჯერჯერობით, აქტიური რეაგირება არ ხდება. «მეხუთე იზოლატორში» ლიმონათის, ღვინისა და შამპანურის ბოთლების ტექნოლოგიებით ბიუჯეტი ვერ შეივსება და ვერც პარიზის კლუბი გვიშველის.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, უახლოეს მომავალში (ალბათ, მარტის შუა რიცხვებში) პრეზიდენტი გამოვა პარლამენტში მოხსენებით - «ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ» და აპირებს ძალიან სერიოზული განცხადებების გაკეთებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე.
        შესაძლოა, გამოცხადდეს ახალი, საბოლოო და გადამწყვეტი ეტაპი, ოღონდ «თავები» უმალვე დაგორდება პარლამენტის კიბეზე გაშლილ ნოხზე.
        ეს ვარაუდი რომ ჭეშმარიტია, ედუარდ შევარდნაძის გუშინდელი განცხადებაც მეტყველებს - ყოფილი და «ნამდვილი» ჩინოსნები ბრძოლის «მართლა» დაწყებას შეეწირებიან.

დილის გაზეთი, 8 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე