«უდღეურად აქტუალური» კონსტიტუცია
       

        დღეს შესრულდა 80 წელი იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა (ეროვნულმა) კრებამ, ოფიციალური ვერსიით, დაამტკიცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია.
        ადვილი გამოსათვლელია, რომ ეს მოხდა 20-21 თებერვალს... 1921 წლისა! ბუნებრივია, ყველას, ვისაც საბჭოთა პერიოდში უსწავლია სკოლაში, უმალვე გაუჩნდება ასოციაცია: «...25 თებერვალი... წითელი საქართველო... მენშევიკური ტირანიის დამხობა... «შეუტიე, დასტურია»... თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა»... და ასე შემდეგ.
        კი მაგრამ, ეს როგორ? 1921 წლის 21 თებერვალს «მენშევიკური მთავრობა «(ანუ ჟორდანია და მისი ორატორების საკრებულო) ხომ უკვე ლამის ემიგრაციაშია? არადა, საქართველოს დამოუკიდებლობა ხომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა?
        ძალაუნებურად გებადება კითხვა: ეს ოჯახაშენებულები რას აკეთებდნენ 1921 წლის თებერვლამდე? რატომ მიიყვანეს საქმე უკანასკნელ დღეებამდე?
        1988-89 წლებში, «მოძრაობის» აბობოქრებისას, გვიმალავდნენ, თორემ (მკრეხელური რამ უნდა ვთქვა), თუ მართლა იურიდიულ-სამართლებრივ-კონსტიტუციური «არსენას არშინით»
        მივუდგებით... არავითარი 1921 წლის კონსტიტუცია არ არსებობს ბუნებაში! კონსტიტუცია შეიმუშავეს, მაგრამ მისი მიღება, ანუ იურიდიულად გაფორმება ვერ მოასწრეს!
        იმას «კონსტიტუციის მიღება» არ ჰქვია, რაც მაშინ მოხდა, როდესაც ხელისუფლება თავქუდმოგლეჯილი გარბოდა დედაქალაქიდან, შეიკრიბა მატარებლის ტამბურში (თუ რომელიღაც პროვინციულ ქალაქში) რამდენიმე ათეული «წევრი», - არა რეგლამენტი, არა კენჭისყრა, არა განხილვა და მიიღეს «კონსტიტუცია».
        ეს იგივეა, დაახლოებით ასეთივე ვითარება რომ შექმნილიყო 1995 წელს და გაქცეულ პარლამენტს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტი დაემტკიცებინა ფაციფუცში, - თავქუდმოგლეჯილი «კურცხვლისას».
        ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით: 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ისე განსხვავდება მანამდე საკონსტიტუციო «კომისიაში» მომზადებული პროექტისგან, როგორც ცა და დედამიწა!
        ახლა დავუბრუნდეთ კითხვას - რას აკეთებდნენ თითქმის სამი თვის განმავლობაში წს სასიქადულო ოჯახქორი სოციალ-დემოკრატები?
        რას და. . . ყბედობდნენ! გადაჰყვნენ საპარლამენტო დისკუსიებს (ტრადიციულად ლანძღვა-გინებას) და კონსტიტუციის გარეშე დატოვეს მათ მიერ დაფუნეძბული რესპუბლიკა.
        კაცმა რომ გულწრფელად თქვას, არც ამ რესპუბლიკის დაფუძნება უნდოდათ, გარემო ვითარებას რომ არ აეძულებინათ.
        მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი (!) თავისი დროისთვის უაღრესად პროგრესული დოკუმენტია, ამჯერად, განურჩევლად იმისა, აუცილებელი იურიდიული პროცედურების დაცვით მოხდა მისი მიღება თუ არა.
        უპირველესად, ეს არის თანამედროვე ტიპის ქართული სახელმწიფოს იურიდიული გაფორმების პირველი ცდა, რომელშიც აისახა იმდროინდელი საკაცობრიო პოლიტიკური აზრი - მისი ყველაზე პროგრესული გამოხატულებით.
        რაც მთავარია, «პირველი რესპუბლიკა» და მისი კონსტიტუცია მოიცავდა ისტორიული საქართველოს ტერიტორიის უიდეს ნაწილს. მართალია, «აფხაზეთი» ნახსენები იყო, როგორც «სოხუმის ოლქი», მაგრამ ეს ნამდვილად ასახავდა იმდროინდელ რეალიებს.
        რა თქმა უნდა, ქართული თვალთახედვით, თორემ სეპარატისტებს თუ ჰკითხავთ, აფხაზეთი მაშინ ეგრეთ წოდებული, «მთიელთა რესპუბლიკის» განუყოფელი ნაწილი იყო.
        თუმცა, თბილისის იურისდიქცია ცხუმ-აფხაზეთში უფრო მეტად ვრცელდებოდა, ვიდრე არარსებული «მთიელთა რესპუბლიკისა» - სადაც სამი ჩერქეზი, ორი ოსი და ერთი ჩეჩენი შეიკრიბა - ეს ჯერ კიდევ «რესპუბლიკა» არ არის.
        1921 წლის კონსტიტუციამ ძალიან ძლიერი არგუმენტი დაუტოვა მომავალ თაობას, რათა ემტკიცებინათ, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე უნდა გაჩნდეს არა როგორც «ერთა თვითგამორკვევისა» და «დეკოლონიზაციის» შედეგი, არამედ ისტორიულად არსებული და იურიდიულად დაფიქსირებული სახელმწიფოს აღდგენისა. მიუხედავად ამისა, რაოდენ საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, 10-12 წლის წინ მავანთ «მოახერხეს» ამ ორი შეუთავსებელი პოსტულატის «შეთავსება» - იმიტომაც ვართ ამჟამად კარგ დღეში.
        პირველი რესპუბლიკის იურიდიული მემკვიდრეობა (რასაკვირველია,კონსტიტუცია ასე თუ ისე რეალური «აგურებისგან» შედგებოდა) საკმოად მკაფიოდ აისახა 1995 წლის, ანუ მოქმედ კონსტიტუციაში.
        იურიდიული თვალსაზრისით, ამჟამინდელი საქართევლო სწორედ 1918-1921 წლების რესპუბლიკის მემკვიდრეა და არა «საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა» (განსხვავებით დსთ-ის წევრი 11-ივე ქვეყნისგან).
        კარგია ეს თუ ცუდი - არც ისე იოლი სათქმელი, როგორც ზოგიერთს ჰგონია.

დილის გაზეთი, 21 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე