კომუნისტები მოდიან?!

        მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების შოკისმომგვრელი შედეგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს არის ნამდვილი სენსაცია: რუმინეთის მეზობლად მდებარე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში (ამ მომენტის ხაზგასმა აუცილებელია, ვინაიდან რუმინეთი «ნატოს» ილარჯმენტ-ის მეორე ტალღის უმთავრეს კანდიდატად ითვლება) თავისუფალი არჩევნების(!) შედეგად გაიმარჯვეს კომუნისტებმა და საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობაც მოიპოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლდოვაში მთავრობასაც კომუნისტები დააკომპლექტებენ და პრეზიდენტსაც თავად აირჩევენ, ვინაიდან ამ ქვეყანაში პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
        სწორედ ეს გახლავთ ყბადაღებული «საპარლამენტო გადატრიალება». როდესაც არჩევნების შედეგად (მეშვეობით) იცვლება ქვეყნის გეოპოლიტიკური სტატუსი.
        მიაქციეთ ყურადღება: მოლდოვაში კომუნისტების გამარჯვება სულაც არ ნიშნავს პრივატიზებულ საწარმოთა ნაციონალიზებას, საბაზრო ეკონომიკის ყაზარმული სოციალიზმით შეცვლას, პურზე ბარათების შემოღებას, ანუ მთელი იმ ინსტრუმენტარიის აღდგენა-გამოყენებას, რაც ავადსახსენებელი კომუნისტური სოციალურ-ეკონომიკური წყობისთვის იყო დამახასიათებელი.
        არამც და არამც! მოლდოველმა კომუნისტებმა წყობა შეიძლება დიდად არ შეცვალონ, მაგრამ მათი გამარჯვება ნიშანდობლივია გეოპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით.
        1989 წლიდან დღემდე, მოლდავეთში ზეობდნენ (ჯერ არაფორმალურად, შემდეგ ფორმალურად) ძალები, რომლებიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ორიენტირებულნი იყვნენ დასავლეთზე, უპირველესად, რუმინეთზე და ამ ქვეყანასთან გაერთიანებასაც კი გეგმავდნენ, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მოლდოველები იგივე რუმინელები არიან და რუმინულ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა აშკარად მოსკოვზე ორიენტირებული ძალა - აი, ეს იშიფრება მათ «კომუნისტობაში», ეს ერთგვარი «გეოპოლიტიკური ფსევდონიმი» და «პაროლია», თორემ თანამედროვე მოლდოველ კომუნისტებს ბრეჟნევისდროინდელ კომუნისტებთან თითქმის არაფერი აქვთ საერთო.
        მოლდოვას პრეზიდენტი, პეტრე ლუჩინსკი (რომლის დღეები დათვლილია) ყოფილი პოლიტბიუროს წევრია, მაგრამ დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსი იყო.
        ახალი ხელმძღვანელობის პატრონაჟით კი, სუუამის წევრმა მოლდოვამ შესაძლოა რუსეთ-ბელორუსეთის კავშირშიც «დურთოს» თავი, როგორც იმერეთში იტყვიანგ.
        მოლდოვას შემთხვევა ერთეული არ არის. თვალსაჩინოა, რომ იგი გამოხატავს პოსტსაბჭოურ სივრცეზე განვითარებულ საერთო ტენდენციას - უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უზბეკეთის ფლირტი რუსეთთან, სუუამის სამიტის ჩაშლა, პუტინის სენსაციური (მაშტაბურად პროვოკაციული) ვიზიტი აზერბაიჯანში, რუსეთ-ბელორუსეთის კავშირის ქცევა, ფაქტობრივად, კონფედერაციად, ევრაზიული კავშირის (პლუს ყაზახეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი) შემდგომი «დამძიმება» და ა.შ.
        ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ კრემლის ახალი და ახალგაზრდა ბინადარი თავის უმთავრეს მისიას «მიწების შეკრებაში» ხედავს, რაც რუსეთში ესმით, როგორც «დერჟავის» აღდგენა. პირველ ეტაპზე კონფედერაციის, შემდგომში ფედერაციისა. ასეთი გეგმა ელცინსაც ჰქონდა, მაგრამ ვერ განახორციელა.
        რეალურია თუ არა იგი - სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, პუტინმა მოლდოვასთან, უკრაინასთან, უზბეკეთთან და ნაწილობრივ, აზერბაიჯანთანაც უკვე მიაღწია იმას, რაზეც ელცინის ადმინისტრაცია და იმ ეპოქის რუსული სახელმწიფო ვერ იოცნებებდა, - პუტინის რუსეთი გაცილებით უფრო მოურიდებელი და აგრესიულია, ვიდრე ელცინის რუსეთი, ვინაიდან დასავლეთს ხელიდან გაუსხლტა კრემლზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი: ნავთობზე ფასების ფანტასტიკურმა ზრდამ რუსეთს საშუალება მისცა ვალებიც გადაეხადა და დასავლურ კრედიტებზეც არ ყოფილიყო დამოკიდებული.
        რამდენად შორს წავა პროცესი - სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ვერც უკრაინამ, ვერც აზერბაიჯანმა და ვერც მოლდოვამ (საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ვერ მიიღეს დასავლეთისგან იმ ოდენობისა თუ ხარისხის დახმარება, რაც გამორიცხავდა პრორუსულ (უფრო სწორად, «კრემლისმიერ») ძალთა გამარჯვებას.
        შედეგიც თვალსაჩინოა. მთლიანობაში პროცესი კლინტონის დედალმაშო ადმინისტარციის საგარეო პოლიტიკის შედეგია. თუ ჯორჯ ბუშმა პოლიტიკა არ გაამკაცრა, სულ მალე იხილავენ ვაშინგტონში «ევრაზიის დიდ საჭადრაკო დაფაზაე» (ზ.ბ. ბჟეზინსკი) აღორძინებულ გრანდიოზულ სახელმწიფოს.
        შესაძლებელია თუ არა იგივე სინდრომი განმეორდეს საქართველოში? - რასაკვირველია, მაგრამ ორი რამ შეიძლება ითქვას სრული დარწმუნებით: კურსის შეცვლა შეუძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში და შესაძლო «კრემლისმიერ» ძალას «კომუნისტური პარტია» არ ერქმევა.
       ანუ, სხვა სახელი შეირჩევა - სპეციფიკის გათვალისწინებით.

დილის გაზეთი, 27 თებერვალი, 2001 წ.

მთელ გვერდზე