კოდორის ხეობაში კვლავ ომია
       

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს საომარი მოქმედების ესკალაციას კოდორის ხეობაში, სადაც კვლავ დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც გააფთრებული შეიარაღებული შეტაკება მოხდა სოფელ ლათასთან.
        როგორც ცნობილია, ამ სოფელს 1994 წლიდან სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ხოლო მთლიანად კოდორის ხეობა ერთადერთი რეგიონია აფხაზეთში, სადაც კვლავინდებურად ვრცელდება თბილისის იურისდიქცია.
        იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ კოდორის ხეობაში (განსხვავებით მდინარე ენგურის აუზისგან) განლაგებულია რუსეთის სიმბოლური «სამშვიდობო» კონტიგენტი. იგულისხმება იმავე სოფელ ლათასთან «დისლოცირებული» ორიოდე ჯავშანმანქანა, 10 ჯარისკაცი და ორი ოფიცერი.
        ბუნებრივია, პირველი სერიოზული საფრთხისთანავე, ეს «მშვიდობისმყოფელები» დაუყოვნებლივ მოუსვამენ სოხუმისკენ.
        რაც შეეხება სოფელ ლათასთან მომხდარ შეტაკებას, სეპარატისტთა წყაროს ცნობით, დაახლოებით, ოცკაციანი რაზმი თავს დაესხა აფხაზურ- სომხურ დასახლებას, რომელიც ლათადან ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მოკლულია (უკანასკნელი ცნობებით) ხუთი სეპარატისტი, კიდევ ხუთი ტყვედაა აყვანილი.
        დანამდვილებით თითქოს არ შეიძლება ითქვას, ვინ განახორციელა თავდასხმა, მაგრამ ოფიციალური სოხუმი ისტერიული დაჟინებით ამტკიცებს, რომ შეტევაზე გადმოვიდა კოდორის ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი ქართული (სვანური) შეიარაღებული ფორმირება.
        უდავოა, რომ ის, რაც მოხდა კოდორის ხეობაში, ყველაზე სერიოზული ინციდენტია 1994 წლის შემდეგ, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, უპირველესად, საყურადღებოა სამხედრო-სტრატეგიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი.
        არ არის შემთხვევითი, თუ აფსუეთის ახლადდანიშნულმა «პრემიერ-მინისტრმა» ანრი ჯერგენიამ სწორედ ამჟამად გააკეთა სკანდალური განცხადება. ამით იგი, უპირველეს ყოვლისა, სეპარატისტულ ისტებლიშმენტში თვითდამკვიდრებას ცდილობს, ახდენს «უკომპრომისობის» დემონსტრირებას და რუსეთსაც მიანიშნებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს «აფხაზური კოზირი» ბაზების პრობლემის გადასაწყვეტად.
        თუ მოვლენათა სავარაუდო განვითარებას გავიაზრებთ, სულაც არ არის გამორიცხული, ამ საბაბით (დატყვევებულთა გათავისუფლების მოტივით) სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებები შევიდნენ კოდორის ხეობის სიღრმეში, ანუ, ფაქტობრივად, განაახლონ ომი - ეს იქნება «ინტერესთა თანხვედრა» რუსეთის მხრიდან, ვინაიდან თბილისი არ აპირებს დათმოს გუდაუთის ბაზასთან, ისევე, როგორც ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებთან დაკავშირებული პოზიციები.
        ეს არის ზემოქმედების და საქართველოს «დასჯის» ერთ-ერთი უკანასკნელი ბერკეტი, ვინაიდან, ყველა სხვა რეგიონში (გალის რაიონში, ცხინვალის რეგიონში) რუსეთს უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე იქ რუსეთის «სამშვიდობო» ძალები იმყოფებიან.
        კოდორის ხეობაში კი, ჯერ კიდევ 1994 წლის «ცეცხლის შეწყვეტის შესახებ» ხელშეკრულების თანახმად, მოქმედებს მხოლოდ «მოძრავი სამშვიდობო ჯგუფი», ანუ ხორციელდება პერიოდული პატრულირება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო ძალები იქ უშუალოდ არ მიჯნავენ დაპირისპირებულ მხარეებს.
        სწორედ ამიტომ დგას ლათასთან ის მცირერიცხოვანი «პიკეტი». თავის დროზე (1994 წლის გაზაფხულზე, როდესაც «მოსკოვის» ხელშეკრულებები ფორმდებოდა), აფსუებმა და რუსებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რათა პოლიტიკური საჭიროებისას, ჰქონოდათ კოდორის ხეობაში საომარი მოქმედებების განახლების საშუალება.
        ვაითუ, სწორედ ახლა მიიჩნიონ ეს აუცილებლად. ანუ კოდორის ხეობაში საომარი მოქმედება ყოველ წუთს შეიძლება განახლდეს - შესაბამისი პოლიტიკური ანგაჟირება უკვე მიმდინარეობს.
        ანრი ჯერგენიას ისტერიული კივილი «საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერის» შესახებ ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია.
        თუ სეპარატისტები მოახდენენ ძალების კონცენტრაციას (არტილერიის ჩათვლით) ლათასთან და შეუტევენ აჟარა-უღელტეხილის მიმართულებით, ხეობისა და მოსახლეობის გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იქნება.

დილის გაზეთი, 14 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე