კლებანოვი მრეწველობის პრივატიზაციითაც ინტერესდება
       

        გუშინ თბილისს კვლავ ეწვია «ხშირ სტუმრად» ქცეული, რუსეთის ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი, რომელიც ერთდროულად სამ ფუნქციას ითავსებს (საქართველოსთან დაკავშირებით, თორემ ისე რამდენი აქვს - ღმერთმა უწყის); იგი არის რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომისიის თანათავმჯდომარე, პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებებში ორ ქვეყანას შორის და რუსი ოლიგარქი, რომელიც აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოს სამრეწველო კომპლექსის პრივატიზებით.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ილია კლებანოვი, შესაბამისი «ინფორმატორების» მეშვეობით, ყურადღებით ადევნებდა თვალს დისკუსიასა და შეხლა-შემოხლას დასავლეთ საქართველოს სამრეწველო კომპლექსის განსახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით. აქ, ოლიგარქ კლებანოვის ინტერესები მთლიანად ემთხვევა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს. ამას სავსებით შეიძლება «პუტინის დოქტრინა» ვუწოდოთ - კონცეფცია ითვალისწინებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში «ეკონომიკურ-სამრეწველო» ხერხემლის პრივატიზებას რუსული სამრეწველო ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ - რუსეთისადმი ამ ქვეყნის ვალის ანგარიშში.
        ეს სქემა, ყოველ შემთხვევაში უკრაინაში, უკვე წარმატებით ხორციელდება და ყოველმხრივ დასუსტებული ლეონიდ კუჩმა ამას წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. საქართველოში იმავე სქემის ამოქმედებას «სამხდერო ბერკეტების» ამოქმედებითაც ცდილობენ, ანუ აქ ოლიგარქ და «სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კურატორ» ილია კლებანოვის ინტერესები მთლიანად ემთხვევა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს.
        რუსეთს კვლავინდებურად რამდენიმე ზემძლავრი ფინანსურ-ოლიგარქიული დაჯგუფება მრათავს. ილია კლებანოვი რუსეთის რამდენიმე სტრატეგიული საწარმოს უმსხვილესი აქციონერია. რა პასუხს მიიღებს იგი ზესტაფონ-ჭიათურის კომპლექსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, გარკვეული არ არის, თუმცა, საეჭვოა, პასუხი დადებითი იყოს, ვინაიდან კლებანოვის ოლიგარქიულ ბანდას, რუსეთის სახელმწიფო სახელით, ამ სამრეწველო კომპლექსის მუქთად (ვალების ანგარიშში) ხელში ჩაგდება აქვს განზრახული, რაც არავის აძლევს ხელს - თვით კლებანოვის ქართველი კოლეგების ჩათვლით.
        ეს უკანასკნელნი «პრორუსულად» მხოლოდ მანამ არიან განწყობილნი, სანამ მათ ინტერესებს არ შეეხება რაიმე, ასე რომ, ქართული ელიტის ამ სეგმენტის «პრორუსული განწყობაც» უკვე სავსებით შეფარდებითი ცნებაა.
        რაც შეეხება მოლაპარაკებებს ბაზების თაობაზე, არც ერთი მხარე არ მალავს, რომ მოლაპარაკებათა შედეგი ნულის დონეზეა დაგეგმილი. საერთოდ, ეს «ბაზების» შესახებ ორმხრივი ოფიციალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც კი არ არის - ისე, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა კლებანოვსა და მენაღარიშვილს შორის.
        ამ საკითხში მხარეთა პოზიციები დიდი ხანია გარკვეულია, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შეჯერებულია: რუსეთი მოითხოვს ბაზების დახურვის ვადის დადგენას 15 წლით, საქართველო მიიჩნევს, რომ საამისოდ სამი წელიც საკმარისია და მოსკოვისგან სათანადო გრაფიკს მოითხოვს, მაგრამ მწარედ ვცდებით, თუ გვგონია, თითქოს რუსეთი ამგვარ გრაფიკს ვერ წარმოადგენს.
        მას ფორმალურად მართლაც შეუძლია დაასაბუთოს, რომ ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზის ინფრასტრუქტურის გატანას 15 წელი ესაჭიროება, ხოლო «საერთაშორისო სტანდარტებისადმი» აპელირებით ვერაფერს მივაღწევთ, ვინაიდან ეს სტანდარტები (მით უმეტეს, რუსეთისთვის) კანონი არ არის.
        ერთადერთი გამოსავალია გაეროს წესდების (და არა სტამბოლის ხელშეკრულების) შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის მოთხოვნა, რაც უმწვავეს კონფრონტაციას ნიშნავს და ამ შემთხვევაშიც, ვადები მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება განისაზღვროს, ალბათ, იმავე კლებანოვთან.
        ამ დემარშებითა და ისტერიკით აქ ვერაფერს გავხდებით - იგივე ამერიკა გვირჩევს «მეტისმეტად ნუ გაამწვავებთო», მაგრამ ქართული მხარე, როგორც ჩანს, უფრო ეშმაკურად აპირებს მოქმედებას:
        პარლამენტი მიიღებს კანონს სამხედრო ბაზების მიწის გადასახადით დაბეგვრის თაობაზე.
        რუსეთი კაპიკს არ გადაგვიხდის, მაგრამ პარიზის კლუბი უეჭველად ჩამოგვაწერს მის ვალს - 159 მილიონ დოლარს.
 


 დილის გაზეთი, 15 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე