კგბ-ს ვარსკვლავთცვენა მოსკოვში
       

        რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წინამორბედისგან მოულოდნელი დემარშების ხელოვნება მიიღო მემკვიდრეობად.
        ბორის ელცინს უყვარდა ასეთი ტრიუმფალური სვლები: იუპიტერებისა და ტელეკამერების თვალწინ. კინწისკვრით აძევებდა პრემიერ-მინისტრებსა და თავდაცვის მინისტრებს.
        მეორე პრეზიდენტმაც იმავე ხერხს მიმართა: უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოულოდნელად განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი, მარშალი იგორ სერგეევი ტოვებს თანამდებობას, ხოლო მის ადგილს უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი დაიკავებს.
        ეს პიროვნება პუტინის «ალტერ ეგო» და «რუხი კარდინალია».
        იგი მასთან ერთად «გაიზარდა» საბოჭთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ერთად მუშაობდნენ.
        ანუ, გასაგებია, რასაც აკეთებდნენ: თვალყურს ადევნებდნენ, რათა გერმანელებს სხვა გერმანელები ეჟლიტათ ბერლინის კედელთან, თუ ისინი დასავლეთ ბერლინში გაქცევას შეეცდებოდნენ.
        როგორც ჩანს, რუსეთი საბოლოოდ ბრუნდება კგბ-ს ეპოქაში და ცხადია, მეზობელი ქვეყნებიც სიკეთეს აქედან არ უნდა ელოდონ. ელცინის ოლიგარქიულ დაჯგუფებას ცვლის «ძველი გვარდია», ვინაიდან პუტინისა და სერგეევის ზურგს მიღმა, მათი ახალგაზრდობის მიუხედავად, შესაბამისი ნომენკლატურა დგას, რომელიც აუცილებლად ჩაანაცვლებს «ქვედა რგოლებში» კადრებს.
        მრავალი დამკვირვებელის აზრით, პუტინის შემდეგი მსხვერპლი პრეზიდენტის აპარატის ურფოსი ალექსანდრე ვოლოშინი იქნება, რომელიც ელცინის ოლიგარქიული დაჯგუფების უკანასკნელი მოჰიკანია.
        იმავდროულად, შინაგან საქმეთა მინისტრად პუტინმა რუშაილოს ნაცვლად საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის გრიზლოვი დანიშნა. მაშასადამე, რუსეთის პრეზიდენტი აღმასრულებელ შტოს აძლიერებს და აგრძელებს ხელისუფლების ცენტრალიზებას.
        უტრირებულად თუ ვიტყვით, ვლადიმირ პუტინის რუსეთი ყაზარმულ მდგომაროებაზე გადადის. სტრატეგიული თვალსაზრისით, ამის მიზეზი საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი ვაკუუმია: კრემლს პოსტსაბჭოურ სივრცეზე დასავლეთის გააქტიურება აშინებს და ცდილობს, «მიასწროს», სანამ ზოგიერთ ქვეყანაში შესაბამისი ფსიქოლოგიური ფონია შექმნილი - რაც მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების სენსაციურ შედეგში გამომჟღაევნდა.
        ამ ფსიქოლოგიური ფონის წინაპირობები საქართველოშიც იქმნება - რასაკვირველია, არა მხოლოდ თავისთავად, არამედ შესაბამისი «სპეციალური» მუშაობის შედეგად.
        ამასობაში კი უსასრულოდ გრძელდება და ჭიანურდება საუბრები «ლუსტრაციის კანონის» შესახებ. არადა, კანონი მართლაც რომ ჰაერივით აუცილებელია, როდესაც მეზობელ სახელმწიფოს «შტირლიცის» იდეოლოგია მართავს.
        ეს არის სავსებით განსაკუთრებული მენტალიტეტის ხალხი, ვისაც პროვოკაციისა და «სპეცოპერაციების» გარეშე არსებობა არ შეუძლია. ისინი საგარეო პოლიტიკას სპეცსამსახურთა თვალთახედვით აღიქვამენ, რაც რუსეთის ტრაგედიაა, მაგრამ, ამასობაში, ჩვენ რა გვეშველება?
        ნიშანდობლივია, რომ სერგეი ივანოვის აღზევებას ერთხმად დაუჭირეს მხარი ეგრეთ წოდებულმა «გოსუდარსტვენნიკებმა». მაგალითად, კომუნისტთა ლიდერი, გენადი ზიუგანოვი 1991 წლიდან დღემდე ესოდენ ოპტიმისტურად განწყობილი არაოსდეს ყოფილა: «რუსეთის არმიის თავს ღვთის წყალობააო?»
        არ იკითხავთ, რით დაიმსახურა სერგეი ივანოვმა ასეთი პატივისცემა და სიყვარული? გენადი ზუიგანოვის თქმით, სერგეი ივანოვმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნობისას რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება მოამზადა - მათ შორის სავიზრო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან. ალბათ, ივანოვს სიცოცხლეშივე ძეგლს დაუდგამენ ამ გადაწყვეტტილების მომზადებისთვის, ოღონდ თუ თავად არ თქვა უარი.
        თვისებრივად კი რუსეთის პრეზიდენტმა ნამდვილად პარადოქსული გადაწყვეტილება მიიღო: ერთი მხრივ, სერგეი ივანოვი პირველი სამოქალაქო პირია, ვინც რუსეთის (მათ შორის საბჭოთა კავშირის) თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.
        ეს თითქოსდა დემოკრატიისა და სამოქალაქო კონტროლისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სინამდვილეში თვალთმაქცობაა და სხვა არაფერი: კგბ-ს დემოკრატიულობა სად გაგონილა? ერთმა ჭკვიანმა დისიდენტმა თქვა: კგბ-ს აგენტობა ხშირ შემთხვევაში მოწოდება იყო და «სულით სუკმენი» მანადმე დარჩება «სუკმენად», სანამ მის საფლავზე ლამაზი, თვალხატულა «ბერიოზკა» არ ამოვა.
        აქედან გამომდინარე, პუტინმა დემოკრატიისაკენ კი არ გადადგა ნაბიჯი, არამედ კომუნისტური ჟანდარმერიის აღდგენისკენ. ამას ჯობდა არმიისთვის ისევ მარშალს ეხელმძღვანელა, რადგან ჭეშმარიტი ოფიცერი მთელ მსოფლიოში ზიზღით უყურებს სპეცსამსახურს (არ აურიოთ დაზვერვაში).

დილის გაზეთი, 30 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე