ქართული პოლიტიკის მარშრუტები
       

        გუშინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი მოსკოვში გაემგზავრა საგანგებო მისიით. პრეზიდენტმა იგი მართლაც განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვა, რათა გაიმართოს მოლაპარაკება რუსეთის ხელმძღვანელობასთან იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შეიქმნა.
        რუსულმა მედიამ (და სპეცსამსახურებმა) მაინც შეძლეს იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც თანდათან ყალიბდება ხელისუფლებისთვის საკმაოდ საშიში სტერეოტიპი, თითქოს საქართველო კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებს მოსკოვის მიმართ.
        საქმე ეხება პანკისის ხეობას, კოდორის ხეობაში მყოფ იდუმალებით მოცულ შეიარაღებულ ფორმირებას (იგი ნამდვილი «მფრინავი ჰოლანდიელია» - არავინ იცის ზუსტად, სად არის), ზოგადად, ჩეჩნეთის პრობლემას, რომლის მიმართ საქართველო რუსეთის «მოსაწონ» პოზიციას ვერასგზით დაიკავებს, ვიდრე ქართული «დამსჯელი რაზმები» არ მიიღებენ მონაწილეობას ჩეჩნური სოფლების აოხრებაში - ისე, რომ 50 წლის შემდეგ რუსმა «ჰუმანისტმა პუბლიცისტებმა» ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალონ, - როგორც 15 წლის წინათ დააბრალეს ყველაფერი სტალინს, ბერიას და გვიშიანს.
        მიუხედავად ამისა, გია არსენიშვილი, კახა თარგამაძე და ჯონი ფირცხალაიშვილი მაინც შეეცდებიან გარკვეულ (თუნდაც ტაქტიკურ) კომპრომისს მიაღწიონ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მათ არ შეზღუდავდა, მაგრამ ნებისმიერი კარტ-ბლანში მიანც რეალობის ჩარჩოებითაა ობიექტურად შეზღუდული.
        რუსეთს რა უნდა, უკვე არაერთგზის ითქვა. ამაზე საქართველო ვერ წავა, ხოლო «ტაქტიკური კომპრომისი» მას არ დააკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, დღეს პლანეტაზე არსებულ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ცდილობს ისარგებლოს «ათასწლეულის ტერაქტით» კავკასიაში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად, თბილისში (და არა მხოლოდ თბილისში) გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ მოხდა «სეპარატული გარიგება» მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. კავკასიური სახელმწიფოების, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხარჯზე.
        «დიდი ელჩობა» მოსკოვში სწორედ ამ ეჭვის გამოხატულებაა.
        იმავდროულად, უახლოეს დღეებში განხორციელდება კიდევ რამდენიმე ძალზე ნიშანდობლივი ვიზიტი: ამერიკელებმა არ ისურვეს პრეზიდენტ შევარდნაძის ადრე დაგეგმილი ვიზიტის გადადება (რაც უდავოდ სასიკეთო ნიშანია), ამრიგად, საქართველოს ხელმძღვანელი 2 ოქტომბერს (პირველად დსთ-ის ქვეყნების ლიდერებს შორის) ოკეანის გაღმა გაემგზავრება. უფრო მეტიც - ედუარდ შევარდნაძე რამდენიმე საათით შეჩერდება ნიუ-იორკში, მოინახულებს ტრაგედიის ადგილს და ყვავილებით შეამკობს. ეს უკვე ძალიან სერიოზული დემარშია.
        ამ ვითარებაში, ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ბოსტონში, ჰარვარდის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში, უდავოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს.
        ვაშინგტონში კი, სარწმუნო წყაროთა ცნობით, არც ერთი ადრე დაგეგმილი შეხვედრა არ გაუქმებულა: ედუარდ შევარდნაძე შეხვდება არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის მრჩეველს - კონდოლიზა რაისს, რომელიც «ანტიტერორისტული ომის» მთავარი ავტორია.
        არ არის გამორიცხული, ამერიკამ სწორედ ოქტომბრის დასაწყისში «დაარტყას» ავღანეთში თალიბთა ბანაკებს, ანუ მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია ამერიკაში იქნება.
        ამ სიმპტომების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ ჭორი «კავკასიის ხარჯზე რუსდე-თამერიკის გარიგების» შესახებ სრულიად უსაგნოა. პირიქით, კრიზისმა კიდევ უფრო დაარწმუნა ამერიკის მმართველი ელიტა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის რუსეთისა და არაბული სამყაროსგან დამოუკიდებელი ნავთობის «დერეფნის» მოპოვება, რომელმაც მხოლოდ საქბართველოს ტერიტორიაზე შეიძლება გაიაროს.
        მიაქციეთ ყურადღება: ხვალ პრეზიდენტი შევარდნაძე ბაქოში მიემგზავრება და «დიდი გაზსადენის პროექტს» მოაწერს ხელს, გაიმართება დასკვნითი მოლაპარაკება ბაქო-ჯეიჰანის თაობაზე.
        ეს კიდევ ერთი ნათელი მესიჯია ქართული ისტებლიშმენტისთვის, რომ საქართველოს უკანადსახევი გზა არა აქვს.

დილის გაზეთი, 28 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე