პანკისში ხანძარი მიინავლა
       

        «დილის გაზეთი» უკვე წერდა, რომ გაშინ, გამთენიისას წარმატებით და მშვიდობიანად დასრულდა მოლაპარაკება ლუკა რამაზაშვილის რაზმსა და ჩეჩენთა წარმომადგენლებს შორის. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ წარმატება განაპირობა მოლაპარაკებებში ჩეჩენი ავტორიტეტების (ანუ, არა ქისტების, არამედ უშუალოდ ჩეჩნების) ჩართვამ.
        უპირველესად, გასარკვევია, ვინ იყვნენ ეს ჩეჩნები. საეჭვოა ლუკა რამაზაშვილი, უბრალოდ, ჩეჩნის დანახვაზე შემცბარიყო. ამდენად, სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ძალიან ცნობოილი ჩეჩნები - ვთქვათ, ვიცე-პრეზიდენტი ვახა ასანოვი ან ცნობილი საველე მეთაური რუსლან გილაევი. თუმცა, ამ ინფორმაციას ყველა ოფიციალური სტრუქტურა კატეგორიულად უარყოფს.
        როგორც ჩანს, მთავარი მაინც ის არის, რომ ჩეჩნურმა (და არა ქისტურმა) მხარემ დაარწმუნა ქართველი მოლაშქრეები, დაპირისპირების გაგრძელების უაზრობაში. ესპანელი ბიზნესმენები, ტრენილიო და როდრიგესი, არაბი ბიზნესმენი ბაშარ ანუ და ლევან კალაძე, ჩეჩნების მტკიცებით, ხეობაში არ იმყოფებიან - რომ ყოფილიყვნენ, ბაზერაშვილთან და არაბულთან ერთად მათაც გამოვიყანდითო.
        მართლაც არ არიან ეს მძევლები პანკისში, უბრალოდ, ვერ მიაგნეს მათ კვალს, თუ გათავისუფლება «ზედმეტად ჩათვალეს» - კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, ლუკა არმაზაშვილის მოლაშქრეებმა ძალიან ზუსტად იგრძნეს ის ზღვარი, რომლის მიღმა დაპირისპირებისგაგრძელება მხოლოდ ფუჭი და ზიანის მომტანი იქნებოდა. საეროთდ, ეს ბიჭები თავიდანვე არა მხოლოდ ფიცხად და მტკიცედ, არამედ ჭკუითაც მოქმედებდნენ - საქართველოში ეს დიდი იშვიათობაა, არადა, ძალას თუ ჭკუა არ მიჰყვა, ის ძალა ადვილად დაგლახავდება და ამის მაგალითები ბევრი გვაქვს.
        შესაძლებელია თუ არა ხსენებული მძევლები პანკისში არ იყვნენ? შესაძლებელია, მაგრამ არა დამტკიცებული. უფრო ნაკლებსავარაუდოცაა, მაგრამ კახელები ჩეჩნებს ენდნენ და ამ შემთხვევაში, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ, რაკი ისევ და ისევ, «ჭკუით გათვალეს», რომ ჩეჩნებს მართლაც არ აძლევთ ხელს მდგომარეობის გართულება პანკისში, მით უმეტეს, კონფლიქტი საქართველოსთან.
        ამრიგად, უმთავრესი პირობა - ვეფხია მარგოშვილის (ჩოფინაშვილის) გადმოცემა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, უეჭველად იმის ერთგვარი «ბარომეტრია!, თუ რამდენად მყარია ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი და რა უფრო მეტად «უღირთ» ჩეჩნებს - ნუ დავივიწყებთ, რომ პანკისის ხეობაში მათი უშუალო მასპინძლები ქისტები არიან, ანუ აწონ-დაწონონ, არჩევენ ისინი ქართველებთან (მათ შორის, ოფიციალურ თბილისთან) «ბალანსის» შენარჩუნებას, თუ უშუალო მასპინძლების (ქისტების) განაწყენებას ამჯობინებენ.
        არცთუ იოლი არჩევანია.
        რაც შეეხება ხელისუფლების (უპირველესად, «ძალოვნების») მონაწილეობას მთელ ამ ამბავში: ძალზე საეჭვოა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო მხოლოდ გარეშე დამკვირვებლები ყოფილიყვნენ ამ პროცესების დროს. ყოველ შემთხვევაში, თუ მარგოშვილის ხროვა მუქარას შეასრულებდა და ფშავ-ლალისყურს დაესხმებოდა, მძევალთა გასათავისუფლებლად, შინაგანი ჯარი და უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმები ერთმნიშვნელოვნად ქართველ მოლაშქრეებს დაუჭერდნენ მხარს. ჩეჩნებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ - ასეთი რამ არასდროს ეშლებათ. ბუნებრივია, ოფიციალურად «ძალოვნები» ტყვეთა აყვანის ოპერაციაში ვერ ჩაერეოდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიდოდა, რომ სახელმწიფო იმავე მეთოდებით მოქმედებს, როგორსაც ბანდიტები იყენებენ. მაგრამ სხვა რომ არაფერმა გაჭრა?
        რას არ დაჰპირდნენ ყაჩაღებს, = ეხვეწნენ, ემუდარნენ, კრედიტებს დაჰპირდნენ «მცირე ბიზნესის» გასავითარებლად, მაგრამ მათზე მხოლოდ «მათებურმა» მოქმედებამ გაჭრა.
        თუ ეს ჰიპოთეზა სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ სრულიად უსაგნოა ლაპარაკი კახელთა სახალხო ლაშქრის დაშლასა და მის «ლეგალიზაციაზე» - იგი ისედაც ლეგალიზებულია.

დილის გაზეთი, 20 ივლოისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე