ჟვანიას გუნდი შეტევაზე გადადის
       

        გუშინ, მთავრობის სხდომაზე ატეხილი სკანდალით, ფაქტობრივად, დაიწყო ახალი პოლიტიკური სეზონი საქართველოში, რომელიც, წესით, სექტემბერში უნდა დაწყებულიყო.
        მიხეილ სააკავშილმა წარმოადგინა «ფეთქებადსაშიში» კანონპროექტი უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და გადაცემის შესახებ.
        საყურადღებოა, რომ თავდაპირველად კანონში მხოლოდ «დაბრუნება» ფიგურირებდა, მაგრამ გაჩნდა ტერმინი «გადაცემა», ვინაიდან შეიძლება საქმე ეხებოდეს ისეთ ქონებას, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში არც არასოდეს ყოფილა.
        მართალია კანონპროექტიდან ამოღებული პუნქტი «მატერიალური დაინტერესებისა» სასარჩელო საქმის აღმძრავისადმი, მაგრამ მაინც რჩება მექანიზმები, რაც საკმოად სერიოზულ პრობლემებს შექმნის სხვადასხვა სახელისუფლებო დაჯგუფებაში.
        მთავრობაში დისკუსიისას, რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ კანონპროექტი არ ყოფილა იუსტიციის მინისტრის კერძო ინიციატივა - კანონის თეზისები მოამზადა ჯერ კიდევ «შვიდკაცამ» ანტიკორუფციული კონცეფციის ფარგლებში და საბოლოოდ ჩამოაყალიბა პრეზიდენტთან არსებულმა ანტიკოურფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ.
        ვიმეორებ: გუშინდელ სხდომაზე ეს რატომღაც ყველას დაავიწყდა (ვინც კანონპროექტს აკრიტიკებდა) პრეზიდენტის გარდა - ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ამ კონტექსტში მოუწოდა «ანტიკორუფციული საბჭოს» ხელმძღვანელობას, გააძლიეროს თავისი მოქმედება.
        უახლოეს მომავალში ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდება.
        «ანტიკორუფციულმა საბჭომ» კანონპროექტში სერიოზული ცვლილებები შეიტანა (ანგარებითი მოტივაცია სწორედ მისი მოთხოვნით იქნა ამოღებული, რათა დასმენების და ბეზღობის ეპიდემია არ დაწყებულიყო), მაგრამ მთლიანობაში, საბჭო (მაშასადამე, პრეზიდენტიც) ამ კანონპროექტს მხარს უჭერს.
        რაც შეეხება მიხეილ სააკავშილს, იგი უდაოვდ «ვა ბანკზე» წავიდა. თანაც არა მარტო პიროვნული გადაწყვეტილებით, არამედ მთელ «გუნდთან» ერთად. მას აქტიურად დაუჭირეს მხარი მიხეილ მაჭავარიანმა და ზურაბ ნოღაიდელმა.
        პოლიტიკური თვალსაზრისით, რა რეაქციაც არ უნდა მოჰყოლოდა ამ დემარშს, ეს მიანც ძალიან ძლიერი სვლა იყო და აი, რატომ: «გუნდმა» ხელთ იგდო ინიციატივა, რომელიც «ოპოზიციამ» ვერა და ვერ დაისაკუთრა.
        არადა, «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» ხომ ერთ-ერთი ყველაზე «ქმედითი» არგუმენტია მოსახლეობის თვალში.
        ამ მხრივ ძალზე ნიშანდობლივი იყო ერთგვარი გაფრთხილება «თავზეხელაღებულთა» მიმართ: ნუ ვეთამაშებით ხალხს, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი».
        არადა, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს მართლაც არაფერი აქვს დასაკარგი და პოლიტიკურ პარტიას თუ ჭკუა აქვს, აუცილებლად უნდა იბრძოლოს მისი მხარადჭერისათვის.
        თუ ამ მხარდაჭერის მოპოვება შესაძლებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით - რა უნდა დაუდგეს წინ ამგვარ ძალისხმევას?
        გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის ფენომენი (საეჭვოა, ასეთი მასშტაბის დემარში არ ყოფილიყო შეთანხმებული პარლამენტის თავმჯდომარესთან) იმაშიც მდგომარეობს, რომ «მოქალაქეთა კავშირის» მმართველი დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკური სპექტრის «მემარჯვენე ნიშის» დაკავებას ცდილობს (არცთუ უსაფუძვლოდ) - მოსახლეობას უმტკიცებს, რომ «მემარჯვენეობა», «კაპიტალიზმი», «საბაზრო ეკონომიკა», «ლიბერალიზმი» სულაც არ ნიშნავს უკანონოდ გამდიდრებას, სახელმწიფო ქონების მიტაცებას და ასე შემდეგ, ანუ «საბაზრო ეკონომიკა» და «სოციალური სამართლიანობა» სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
        თუ «ჟვანიას გუნდი» ამას მოახერხებს, ამით სერიოზულად გააძლიერებს «მემარჯვენე მიმართულებას» ქართულ პოლიტიკაში და ეგრეთ წოდებულ «მემარცხენეებს» დემაგოგიის საშუალებას მოუსპობს.
        თუმცა ეს ყოვლეივე არ გამორიცახვს კანონის სრულყოფისა და დახვეწის აუცილებლობას.

დილის გაზეთი, 9 აგვისტო, 2001 წელი

მთელ გვერდზე