ჯორჯ ბუში საქართველოს მიმართ პოლიტიკას აყალიბებს
       

        შექმნილი ტრაგიკული ვითათრების ფონზე, რაც პარლამენტის წევრის და მის მეგობრის გატაცებას უკავშირდებოდა, თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს საქართვლეოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის - მარკ ბროსმანის ვიზიტი. არადა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. წინა კვირაში ჯორჯ ბუშმა გამოაქვეყნა თავისი ინიციატივა «სტრატეგიულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის» თაობაზე. ამ კონცეფციას ჯერ კიდევ რონალდ რეიგანმა ჩაუყარა საფუძველი 1983 წელს, რათა «გარანტირებული ურთიერთგანადგურების» დოქტრინა შეცვლილიყო «გარანტირებული თავდაცვით».
        მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ამერიკული საზოგადოება კვლავაც აიძულებს პოლიტიკოსებს, 1972 წლის ხავსდადებული შეთანხმების მიუხედავდა, დაიცვან ამერიკის ტერიტორია «ტოტალიტარული თერმობირთვული იარაღისგან». ჯორჯ ბუშ-უმცროსის ინიციატივა გამოქვეყნდა იმ ვითარებაში, როდესაც საბოლოოდ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგის პარადიგმა. ბუშის თქმით, ამერიკას ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია 1972 წლის ხელშეკრულების დაძლევა, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა სხვადასხვა რანგის დიპლომატები მიავლინეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
        ის ფაქტი, რომ საქართველოში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვიდა, აშკარად მეტყველებს, რომ ვაშინგტონში საქართველო არცთუ უმნიშვნელო ფიგურად მიაჩნიათ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელსაც «ევრაზიულ საჭადრაკო დაფაზე» იწყებენ რუსეთთან და ჩინეთთან.
        რასაკვირველია, ჯორჯ ბუში მთელ ამ გონებამახვილურ კონსტრუქციას თავად ვერ ააგებდა, ვინაიდან, სინამდვილეში, ტეხასის გარდა, არც არაფერი იცის ხეირიანად, მაგრამ მას ბრწყინვალე საგარეო-პოლიტიკური გუნდი ჰყავს, რომელსაც უილიამ კოენი და კონდოლიზა რაისი უდგანან სათავეში.
        მათ შესანიშნავად ესმით, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას, როგორიც არის გლობალური მნიშვნელობის ხელშეკრულების გაუქმება, აუცილებელია ყველა გეოპოლიტიკური კოზირისა და არგუმენტის «ინვენტარიზაცია», მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში.
        საქართველოს ამ დროს «დანის პირზე» მოუწევს გავლა, რათა, უპირველესად, ჩვენი ინტერესები დავიცვათ და აქტიურად ვიმოქმედოთ ვაშინგტონ-მოსკოვის ინტერესთა «შეჯახებაზე».
        რამდენიც უნდა ილაპარაკონ «მორალისტებმა», რომ საქართველოს ხელს არ აძლევს დაპირისპირება რუსეთსა და ამერიკას შორის, სინამდვილეში პირიქითაა. რაც უფრო დაიძაბება ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის, მით უკეთესი საქართველოსთვის, მით უფრო მეტად ფართო არჩევანი გვექნება, ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
        გროსმანს აინტერესებდა რუსეთის ბაზების საკითხი- ამჯერად ეს თემა «გაყინულია», თუმცა, პრობლემა მოუგვარებელია. უახლოეს მომავალოში უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ირაკლი მენაღარიშვილსა და ილია კლებანოვს შორის ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე. რუსეთს მათი გაყვანა სულაც არ ეპიტრავება. «ნეზავისიმაია გაზეტაში» (ეს გაზეთი სპეცსამსახურებიდან იკვეთება და ამდენად, იშვიათად ცდება) გამოქვეყნდა საინტერესო ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეჭვი ეპარებათ, რამდენად ვალდებულია რუსეთი, შეასრულოს სტამბოლის ცნობილი «დეკლარაცია», რომელიც თან დაერთო ევროპულ ხელშეკრულებას «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ».
        მაშასადამე, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც ამერიკა განაცხადებს 1972 წლის ხელშეკურლებიდან გამოსვლას, რუსეთმაც აღარ მიიჩნიოს თავი ვალდებულად, შეასრულოს ხელშეკრულებები - მათ შორის, საქართველოდან ჯარების გაყვანისა.
        ეს კი საქართველოს ახალ შესაძლებლობას უქმნის - ჩვენ შეგვეძლება, უშუალოდ ჩავერთოთ (ალბათ, მოლდოვასთან ერთად) რუსეთ-ამერიკის ურთიერთქმედებაში, რომელიც უახლოეს წლებში აშკარად ძალზე მტკივნეული და პრობლემური იქნება.
        ამერიკელი დიპლომატი სწორედ იმის სათქმელად ჩამოვიდა, რომ ვაშინგტონში საქართველოს «ხურდაში დაბრუნებას» არ აპირებენ, თუ თბილისი, შესაბამისად, თანმიმდევრული იქნება, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის აგება კი აბსოლუტურად გარდაუვალია - ეს შესანიშნავად ესმით ყველა დედაქალაქში.

დილის გაზეთი, 12 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე