იზრდება ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი
       

        ინიციატივა მინისტრთა კაბინეტის თაობაზე კვლავინდებურად ნელთბილ მდგომარეობაში იმყოფება. ოპოზიციის საჯარო «ფიცმა» და დაძმობილებამ ჯერჯერობით მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ საკითხი «გაყინულია». რა ხნით - არავინ იცის. არც უმრავლესობა, არც უმცირესობა, ამ ტრაგიკომიკური ფიცი-მტკიცის მიუხედავად, არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მაინც განხორციელდება. ოღონდ ამისთვის ოპოზიციის პირშეკრულობის «გახეთქვაა» საჭირო. და თუ «გასკდა», ამჯერად ისეთი ხმაურითა და გრუხუნით «გასკდება», ქართული პოლიტიკის სახეცვლილებასაც გამოიწვევს.
        ჭეშმარიტების მომენტი კი უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში დადგება, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით, საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გატანილი კენჭისყრაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, უხმაუროდ (მით უმეტეს, უპრობლემოდ) ეს საქმე არ ჩაივლის, ვინაიდან იგი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი პროცესის ძალზე მტკივნეულ ნერვს ეხება
        ამ ფონზე დამკვირვებლებს თითქმის გამორჩათ მხედველობის არიდან ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც თან ახლდა წინადადებას მინისტრთა კაბინეტის შესახებ: საუბარია «ეროვნული უშიშროების საბოჭს» როლისა და მნიშვნელობის ზრდის შესახებ. თავდაპირველად, პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ ძალოვანი მინისტრები, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და უშიშროების მინისტრი (შესაძლოა, გენერალური პროკურორიც), ინიშნებიან ჩვეულებრივი წესით, ანუ პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერს, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პრეზიდენტს მინისტრთა კანდიდატურებს (მათ შორის, ძალოვან მინისტრთა კანდიდატურებს), რომელთაც ამტკიცებს სახელმწიფოს მეთაური.
        აქ, უეჭველად, ისიც იგულისხმება, რომ პრემიერმა, სრულიად შესაძლებელია, პრეზიდენტს წარუდგინოს ერთი კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტი უარყოფს. ასეთ შემთხვევაში, პრემიერი ვალდებულია პრეზიდენტს წარუდგინოს სხვა კანდიდატურა, ოღონდ არა აუცილებლად ის, ვისზეც პრეზიდენტი მიუთითებს, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ფორმალურად იგულისხმება რაიმე შეუთანხმებლობა.
        გარდა ამისა, ფრანგული მოდელით პრეზიდენტი ინარჩუნებს კონტროლის უფლებას, ანუ მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლოს თანამდებობიდან ცალკეული მინისტრი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ატყდა ასეთი გნიასი ძალოვანი მინისტრების დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით.
        თავდაპირველად, ოპოზიცია ძალოვანი მინისტრების კაბინეტში თავისი კანდიდატების შეყვანას მოითხოვდა, ანუ ისეთ მექანიზმს, როდესაც ძალოვანი მინისტრები ჩვეულებრივი წესით დაინიშნებოდნენ, მაგრამ «აღორძინების» ლიდერმა, ასლან აბაშიძემ, განაცხადა, რომ ძალოვანი მინისტრები უშუალოდ პრეზიდენტს უნდა დაქვემდებარებოდნენ, ანუ პრეზიდენტს ისინი უშუალოდ უნდა დაენიშნა, პრემიერ-მინისტრის წარდგშენის გარეშე.
        ედუარდ შევარდნაძე ამ მოთხოვნას კი გამოეხმაურა, მაგრამ კანონპროექტში ცვლილება არ შეუტანია. ამ პროექტის მიხედვით, ძალოვან მინისტრებს ისევ პრემიერი წარადგენს და პრეზიდენტი ნიშნავს. პროექტის «უცვლელობაც» ადვილად აიხსნება. სინამდვილეში, არავითარი განსხვავება არ არის, დანიშნავს პრეზიდენტი მინისტრებს უშუალოდ თუ პრემიერის წარდგენით, არსი ამით არ იცვლება. საეჭვოა, პრემიერმა პრეზიდენტს წარუდგინოს მისთვის კატეგორიულად მიუღებელი კანდიდატურა (მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურას, როგორიც ძალოვანი სამინისტროებია) და ამით დაიწყო კონფრონტაცია პრეზიდენტთან.
        ამდენად, მართლაც, გაუგებარია, რატომ მიენიჭა ამ საკითხს ესოდენი მნიშვნელობა: ყველას დაავიწყდა, რატომღაც, რომ პრემიერ-მინისტრი «ფრანგულ მოდელში» არ ნიშნავს და არც ხსნის მინისტრებს. «მინისტრთა კაბინეტი კოალიციური ორგანოა და გადაწყვეტილებებს იღებს (თავისუფლების ფარგლებში) ხმათა უმრავლესობით». ამ დაზუსტებას («თავისი უფლებამოსილების ფარგლებში») აქვს პრინციპული მნიშვნელობა.
        რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, კაბინეტური სისტემის შემოღების შემთხვევაში მისი მნიშვნელობა სრულიად ობიექტურად გაიზრდება. აქვე უნდა მივაქციოთ ყურეადღება ერთ არცთუ უმნიშვნელო დეტალს: ამერიკის შეერთებულ შტატებში უშიშროების საბჭოს გარკვეულად სხვა ფუნქციები აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ, მაგალითად, ქალბატონი კონდოლიზა რაისის თანამდებობის ოფიციალური სახელწოდებაა «პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში».
        საქართველოში, ტრადიციულად, უშიშროების საბჭოს ფუნქცია სცილდება მხოლოდ «რეკომენდაციებისა და რჩევების» მომზადებას - მისი ფუნქცია კოორდინაციასაც მოიცავს, რაც სრულიად ბუნებრივია, შემდგომში ეს ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: უპირველეს ყოვლისა, «კაბინეტური სისტემის» შემოღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, უეჭველად, დასჭირდება რაიმე ორგანო, სადაც მოხდება ძალოვანთა ფოკუსირება ისევ და ისევ პრეზიდენტის საერთო ხელმძღვანელობით.
        კონსტიტუცია კრძალავს ძალოვანი სამინისტროების რაიმე ფორმით გაერთიანებას. უფრო ზუსტად, აქ საუბარია არა სამინისტროთა, არამედ თვით სტრუქტურათა გაერთიანებაზე. უშიშროების საბჭო კი, ერთი მხრივ, «კოორდინაციის ფუნქციას» ითავსებს, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტის პრიორიტეტს ადასტურებს, რაც «ძალისმიერებთან» დაკავშირებით (მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა) აბსოლუტურად აუცილებელია.
        მეორე ფაქტორი, ამჟამინდელი ეროვნული უშიშროების საბჭოს და მისი ხელმძღვანელის (ამ საკითხებში პრეზიდენტის მარჯვენა ხელის) ნუგზარ საჯაიას უდავო ავტორიტეტი და გავლენაა. ეს გავლენა სულ უფრო გაიზრდება და ამის მიზეზი არის არა რაიმე სტრუქტურა (უპირველესად), არამედ პირადად ნუგზარ საჯაიას ჭკუა და სიფრთხილე - იგი რომ არ ხმაურობს, ჯერ არაფერს ნიშნავს. საკმარისია თვალი გავადევნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორგანოს აზრი საკვანძო საკადრო გადაწყვეტილებათა მიღებისას და ყველაფერი ნათელი გახდება.
        ნუგზარ საჯაიამ მოახერხა მთავარი: დაემყარებინა ისეთი კონტაქტი ძალოვნებთან, რომ ეს თვალში არავის ხვდება, მაგრამ რეალურად ქმედითია.
        მინისტრთა კაბინეტის მოდელში კი, როდესაც შეიქმნება გარკვეული დისტანცია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, «ეროვნული უშიშროების საბჭოს» როლი და ფუნქცია ობიექტურად გაიზრდება, ვინაიდან მასში აისახება პრეზიდენტის უმთავრესი ფნუქცია და მოვალეობა. მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანაში, სადაც ამგვარი მოდელი არსებობს, მთავრობა პასუხს აგებს ძირითადად კონკრეტულ, მიმდინარე საკითხებზე - ეკონომიკურ ვითარებაზე, კულტურაზე და ა.შ.
        აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ იწვევს «ძალისმიერთა დაქვემდებარების» საკითხი ასეთ დაპირისპირებასა და გააფთრებას ქართველ პოლიტიკოსებს შორის.

მთელ გვერდზე