არის კოდექსი!
       

        გუშინ, «არასამთავრობოებისა» და საპარლამენტო «არაუმრავლესობის» (ეს ტერმინი მკაფიოდ ასახავს არსებულ პოლიტიკურ მარაზმს) მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეულია შეთანხმება საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესის შესახებ.
        ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიამ ამ ინიციატივით ძლიერი პოლიტიკური სვლა გააკეთა: ოპოზიცია თავდაპირველად არ ეთანხმებოდა წინადადებას «არასამთავრობოების» კომისიაში შეყვანის შესახებ, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ამით ობიექტურად წამგებიან მდგომარეობაში იყენებდა თავს, ამიტომ «ჩათრევას - ჩაყოლა» ამჯობინა.
        უფრო მეტიც: «ახლები» აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ მთლიანად პროფესიულ საარჩევნო კომისიას. თუ ასეა, საერთოდ, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამდენი გნიასი - «პროფესიული საარჩევნო სტრუქტურების» თემა ხომ იმთავითვე «ჰაერში ეკიდა» და არავინ ამის წინააღმდეგი არ იყო?
        მაგრამ აქ მიზეზი სხვაა: «არაუმრავლესობამ» იგრძნო, რომ ამომრჩეველსაც აღიზიანებდა საკითხის ასე დასმით: «თქვენ წადით და ჩვენ მოვალთ». იმთავითვე ცხადი იყო - თუ საარჩევნო კომისია იქნებოდა პოლიტიზებული, მაშინ ხელისუფლება არ დაუთმობდა უმრავლესობას პოლიტიკურ ოპონენტს. ამაში იყო გარკვეული ლოგიკა: თუ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ხოლო სტრუქტურა, რომელსაც იგი აკომპლექტებს, პოლიტიზებულია, მაშინ, ბუნებრივია, ხელისუფლება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით (თავის სასარგებლოდ) მიიღებდა - აბა მოწინააღმდეგის სასარგებლოდ რატომ უნდა მიეღო?
        ერთადერთი გამოსავალი ამ «ჩაკეტილი წრიდან», პროფესიული საარჩევნო კომისიის შექმნაა. «არასამთავრობოების» შემოყვანა პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. მაშასადამე, «საარჩევნო დისპოზიცია» შემდეგნაირად დადგება: ექვს წევრს დანიშნავენ «ნგო»-ები, ექვს წევრს - პარლამენტი (სამ-სამს უმრავლესობა და უმცირესობა) და ექვსს - ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სამპროცენტიანი ბარიერი გადალახეს.
        მაგრამ შეთანხმებისთანავე გამოიკვეთა კიდევ ერთი მომენტი: «არასამთავრობოები» (რაც სავსებით ბუნებრივია) კატეგორიულად მოითხოვენ წარმომადგენლების დანიშვნას არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ საოლქო საარჩევნო კომისიებში.
        მართლაც, ამის გარეშე, «არასამთავრობოების» ძალისხმევას ყოველგვარი აზრი ეკარგება, ვინაიდან გაყალბებათა უმრავლესობა სწორედ «საოლქო კომისიებში» ხდება.
        მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ «არასამთავრობოებმა» ყველა საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დააკომპლექტონ - მათ შორის, აჭარის საარჩევნო კომისიაც.
        გუშინ «აღორძინების ბლოკის» ლიდერმა ამის თაობაზე გამაოგნებელი განცხადება გააკეთა: «ამას გადაწყვეტს აჭარის უმაღლესი საბჭო». მაშასადამე, ავტონომიის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილებაც?
        ანუ «აღორძინება» გააფთრებით იბრძვის იმისთცის, რათა ყველა საარცევნო კომისია რაც შეიძლება დემოკრატიულად დაკომპლექტდეს, ხოლო ერთ-ერთ ოლქში - ნურას უკაცრავად?!
        თუ საკითხი მართლაც ასე გადაწყდა, ამან შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს მთლიანად ოპოზიციას, ვინაიდან იგი კრინტის დაძვრას ვეღარ გაბედავს არჩევნების «არადემოკრატიულობაზე», თუკი მის «ფორპოსტში» არ იქნება რეალური მონიტორინგის საშუალება - იმავე წესით, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში.
        თუ მხარეები საარჩევნო ტექნოლოგიაზე შეთანხმდნენ, გამოდის, «კაბინეტთან» დაკავშირებით, ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
        უკვე მიმდინარე კვირას, ოპოზიციის რადიკალური ნაწილიც იძულებული გახდება მიიღოს მონაწილეობა «საარჩევნო კოდექსის» განილვაში, რასაც გარკვეული «ქვედინებები» შეიძლება მოჰყვეს.
        რაც შეეხება არასამთავრობოების მონაწილეობას - მათ ნამდვილად შეუძლიათ ობიექტური პოზიციის დაკავება, ვინაიდან კორპორაციული, სისხლხორცეული ინტერესები აქვთ და მაინც პრესტიჟს გაუფრთიხლდებიან.

დილის გაზეთი, 21 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე