ირანი - მთვლემარე გოლიათი
       

        დღეს მთავრდება პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური ბომონდი, ისევე, როგორც პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოება, ირანს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ჯუჯად მიიჩნევს (ჟვანია ამას არ ეთანხმება - ამიტომაც გაემგზავრა თეირანს), ყოველ შემთხვევაში, ეს ვეება ქვეყანა საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ყურადღების პერიფერიაზე იმყოფება.
        არადა, ირანმა ათასწლეულთა განმავლობაში გაცილებით მეტი ზეგავლენა იქონია საქართველოზე, ვიდრე თურქეთმა. ამ თვალსაზრისით იგი მხოლოდ რუსეთს თუ ჩამოუვარდება.
        რაც შეეხება მის უნარს, აქტიურად იმოქმედოს კავკასიაში - არც აქ გვაქვს ადეკვატური აღქმა: რაკი საერთო საზღვარი არ გვმიჯნავს ირანთან, გვგონია, თითქოს იგი «მეორეხარისხოვანი მოთამაშეა». სინამდვილეში რისი უნარი აქვს ირანს, იქიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა ფრთხილად ეკიდება რუსეთი ამ ქვეყნის პოზიციას ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
        მაშასადამე, თეირანმა, თუ ყველა ბერკეტი აამოქმედა, რუსეთის სამხრეთ რეგიონებშიც კი შეიძლება «არიოს» ვითარება - არათუ სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, რაღა რუსეთს ვიღებთ მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, ირანი ჩინეთის შემდეგ მეორე საგარეო პოლიტიკური «საფრთხე-პრიორიტეტია».
        ჯერ კიდევ 1992 წლის მარტში, ირანი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სამოქალაქო ომით მოცულ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. დაახლოებით იმ დროს შედგა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი თეირანში, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში და აიძულა დასავლური სახელმწიფოები, დაეჩქარებინათ საქართველოს სახელმწიფოებრივი აღიარების პროცესი. მას შემდეგ ირანის პრეზიდენტი რამდენიმეჯერ იყო საქართველოში.
        თეირანი ყოველნაირად უსვამდა ხაზს, რომ სამხრეთ კავკასია თავის პასუხისმგებლობის ასპარეზად მიაჩნდა. ეს გეოპოლიტიკური ამბიცია მას არც ამჟამად განელებია და თუ «საქმე-საქმეზე მიდგა», ძალაც შესწევს ქადილისა.
        აქედან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიის სამივე გეოპოლიტიკური სუბიექტი (თბილისი, ერევანი, ბაქო) ირანის ფაქტორს ჯეროვან ყურადღებას აქცევს. თვით ირანს კი სერიოზულად აშფოთებს კავკასიაში დასავლურ დემოკრატიათა პოზიციების მომძლავრება.
        ამ ქვეყანას კვლავინდებურად მრისხანე აიათოლები (სულიერი ლიდერები) მართავენ, რომლებიც დიდი აიათოლა ჰომეინის ანდერძისა და ყურანის შიიტური ინტერპრეტაციის საფუძველზე მართავენ უზარმაზარ, უნიკალური ისტორიისა და კულტურის ქვეყანას.
        ბოლო დროს ირანის ისლამური რესპუბლიკა «კავკასიური მიმართულებით» განსაკუთრებით გააქტიურდა. რასაკვირველია, ამის მიზეზია, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვი-თეირანის დაახლოება (ანტიამერიკული და ანტიდასავლური ქვეტექსტით) - მოსკოვში ჰათამის ვიზიტმა ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ბობოქარი რეაქცია გამოიწვია. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობანი უპრეცედენტოდ გამწვავდა, ვაშინგტონმა 50 რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა.
        დაპირისპირება მიმდინარეობს ორ ურთიერთგადამკვეთ გეოპოლიტიკურ «ღერძში»: მოსკოვი-ერევანი-თეირანი და ბაქო-თბილის-ანკარა-ვაშინგტონი. ორივე ღერძის მონაწილეთა პოზიციები კარდინალურ საკითხებში ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, ისინი სწორედ თბილისში იკვეთებიან, გარკვეულწილად, ვინაიდან ერთი მხრივ, საქართველოსა და სომხეთს შორის, ყველა პრობლემისა და ეჭვის მიუხედავად, შენარჩუნებულია ნორმალური ურთიერთობა, ხოლო მეორე მხრივ, თეირანს თბილისთან ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ბაქოსთან.
        ამ წინააღმდეგობებსა და ინტერესთა კონფლიქტზე საქართველომ შეიძლება ოსტატურად ითამაშოს.
        თითქოსდა, რით შეიძლება ჩვენ ისინი დავაინტერესოთ? მაგრამ აქ კვლავ დასტურდება, რომ საქართველოს მთავარი სიმდიდრე ზღვაზე გასასვლელი და გეოპოლიტიკური მდებარეობაა. ირანი იზოლაციაში იმყოფება და კვლავინდებურად ცდილობს, თავის მხრივ, ითამაშოს წინააღმდეგობებზე ევროპასა და ამერიკას შორის.
        პოზიციათა გარკვეული სხვოაბა კი მათ შორის მართლაც არსებობს და იგი დროთა განმალვობაში კიდევ უფრო გაღრმავდება - ნავთობზე ფასის ზრდასთან ერთად.
        ამდენად, ირანს ევროპასთან დასაკავშირებლად, სტრატეგიული თვალსაზრისით, ურჩევნია ისარგებლოს იმავე «საქართველოს დერეფნით», ვიდრე ამერიკის დომინანტური ზეგავლენის რეგიონებზე გამავალი მარშრუტებით, მათ შორის, საზღვაო მაგისტრალებით, რომელთაც მთლიანად ძლევამოსილი ამერიკული საზღვაო ფლოტი აკონტროლებს.
        რასაკვირველია, საქართველოს აქ სიფრთხილე მართებს.
        ეგღა გვაკლია, «აიათოლების» გამო, მეგობარი ქვეყანა გავანაწყენოთ, რომელიც ამდენად დაგვეხმარა მთელი ამ წლების განმავლობაში.
        თუმცა, ქართულმა პოლიტიკამ, გეოპოლიტიკური «ხიდები» არც ერთი მიმართულებით ბოლომდე არ უნდა დაწვას.

დილის გაზეთი, 19 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე