ინვესტორთა აგიოგრაფიული მარტვილობა საქართველოში
       

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გერმანელ და შვეიცარიელ ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც უკვე 6 თვეა, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის რეაბილიტაციის პროეტზე მუშაობს.
        «მეტალურგიულის» პრივატიზებაზე 1996 წლიდან ლაპარაკობენ, სტრატეგიული ინვესტორი კი დღემდე არ ჩანდა. ბუნებრივია, ამ კომბინატის განსახელმწიფოებრიობა პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენს. ეს საქართველოში უდიდესი საწარმოა, ხოლო მისი პრივატიზების პროექტი «თელასის» განსახელმწიფოებრიობაზე უფრო მასშტაბურია.
        «რუსთავისთვის» იბრძვის ორი პოტენციური ინვესტორი: შვეიცარიულ-გერმანული კონცერნი და თურქული. გუშინ პირველი პრეტენდენტის შეხვედრას პრეზიდენტთან, ეკონომიკისა და ქონების მართვის მინისტრების გარდა, ესწრებოდნენ რუსთავისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები - მეტალურგიული საწარმო ხომ «რეგიონული ელიტის» «ყველაზე მსუქანი» ლუკმაა.
        ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო ვითარებას ოპტიმისტურად უყურებენ და მზად არიან, ასეულობით მილიონი დოლარი დააბანდონ რუსთავში.
        გერმანელები და შვეიცარიელები 300 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებენ, რაც, ფაქტობრივად, ახალი საწარმოს აშენებას გულისხმობს (არსებული ბაზის საფუძველზე). თურქი ინვესტორი უფრო მოკრძალებულია (80 მილიონი დოლარი). თუმცა, უმთავრესი საკითხია, რამდენად რეალურია ან ერთი, ან მეორე პროექტის დაფინანსების წყაროები. იქნებ, 80 მილიონიანი პროექტი ურფო რეალური აღმოჩნდეს, «გერმანული პროექტი» კი აშკარად უფრო მომხიბვლელია.
        ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვს ფინანსური (საბანკო) გარანტიების წარმოდგენეას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ერთი შეთანხმება ძალაში არ შევა. ორივე ინვესტორი ორი კვირის ვადაში აპირებს ასეთი გარანტიების მოპოვებას, ანუ ისინი ახლა იწყებენ ფინანსური წყაროების ძიებას. რაც ყველაზე საგულისხმოა, არც ერთი არ მოითხოვს სახელმწიფო გარანტიას, თორემ ლამის საქართველოს ბიუჯეტისოდენა გარანტიის მიცემა იქნებოდა საჭირო.
        თუ რუსთავში გერმანულ-შვეიცარიული ფირმა შემოვა, დიდი წარმატება იქნება - ინვესტორი გადაიხდის კომბინატის უზარმაზარ ვალებს და საწარმოს აამუშავებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპორტის წილს საქართველოს სავაჭრო სალდოში.
        ტრადიციის შესაბამისად, ძნელი განსაჭვრეტი არ არის, რა ტანჯვა-წამება ელის ახალ ინვესტორს: როგორც კი ხელი მოეწერება შეთანხმებას, მაშინვე გამოჩნდებიან მევალეები, ინვესტორს სასამართლო სარჩელებით დაესევიან (დღეს იმალებიან - საწარმო ჯერ კიდევ სახელმწიფოს ეკუთვნის და მას ვერაფერს წაგლეჯენ) და ისეთ დღეში ჩააგდებენ, თავბედს დაიწყევლის, - ეს სად ჩამოვედიო.
        როდესაც ინვესტორი შეეცდება საწარმოს რესტრუქტურირებას (რაც პერსონალის შემცირებას ნიშნავს), დაიწყება მიტინგები, გულის ამაჩუყებელი დემაგოგია პარლამენტში, «ადგილობრივი საკრებულო» კომბინატს თავის საკუთრებად გამოაცხადებს, იქ «მუნიციპალურ პოლიციას» შეიყვანს, ელექტროენერგიას შეუწყვეტენ, ხანძარს გააჩენენ, ააფეთქებენ, დაანგრევენ, საქმის გასარჩევად «კანონიერ ქურდებს» ჩარევენ და ასე შემდეგ.
        ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი საქართველოში ინვესტორთა ტანჯვა-წამება უკვე საერთაშორისო ანეკდოტად იქცა.

დილის გაზეთი, 27 ოქტომბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე