გუდაუთის ბაზა: უკანასკნელი ფაზა
       

        რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ «გუდაუთის» ბაზა საბოლოოდ დახურულა». თუმცა, იქვე დაუმატა: «მაგრამ იქ დარჩნენ ჩვენი მშვიდობისმყოფელნი».
        თავისთავად ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ზესახელმწიფოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე აკეთებს ასეთ განცხადებას. მაშასადამე, საქართველოსთან ურთიერთობას (ჩრდილოკავკასიაში არსებული ვითარების კონტექსტში) მოსკოვი სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს.
        გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია გადაწყდა 1999 წლის ნოემბერში, სტამბოლის ისტორიულ სამიტზე. გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა დახურულიყო. სხვათა შორის, ვლადიმირ პუტინმა ამ გარემოებას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი: «აბა, მე რა ვქნა, ხელშეკრულებას ჩემმა წინამორბედმა მოაწერაო ხელი - მე რომ ვყოფილიყავი, არ მოვაწერდიო». ამის ხაზგასმა თანამედროვე რუსეთში აუცილებელია, ვინაიდან, საქართველოდან ჯარების გაყვანა რუს საზოგადოებას ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიაჩნია.
        ვაზიანის ბაზის ლიკვიდაცია განხორციელდა განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან იქ მოსკოვს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა. 2001 წლის 1 ივლისისთვის ბაზა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით კი «დაგეგმილი პრობლემები» წარმოიშვა. აფხაზურმა მოსახლეობამ ბომბორას აეროდრომს ალყა შემოარტყა, რათა რუსული სამხედრო ტექნიკა «არ გაეშვა» აფხაზეთიდან.
        რასაკვირველია, ეს აქცია სეპარატისტთა ხელმძღვანელობამ დაგეგმა, მაგრამ აქ საქართველოს მხარეს აღმოჩნდა საერთაშორისო სამართალი: სტამბოლის ხელშეკრულების შესაბამისად, რუსეთს არა მხოლო «ფლანგური შეზღუდვებით» შეკვეცილი სამხედრო ტექნიკა უნდა გაეტანა საქართველოდან (რაც სკურპულოზური სიზუსტით გააკეთა, რათა დასავლეთთან ურთიერთობა არ დაეძაბა), არამედ ორი ბაზაც უნდა დაეხურა.
        ფორმალურად, 1 ივლისისთვის გუდაუთის ბაზაც დაიხურა, მაგრამ, პრაქტიკულად, ბომბორას სტრატეგიული მნიშვნელობის აეროდრომზე რჩებოდა ბაზის სამხედრო ტექნიკა და რამდენიმე ასეული მედესანტე 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკიდან.
        ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ იქვეა ვერტოდრომი, რომელსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები იყენებენ, ხოლო იგივე სადესანტო პოლკი სანახევროდ აკომპლექტებს ენგურის აზუში დისლოცირებულ «ცისფერჩაფხუტიანებს».
        საქართვლეოს ხელისუფლება უარს აცხადებდა დაედასტურებინა გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია (ანუ სტამბოლის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება, «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ»), სანამ ბაზა რეალურად არ იქნებოდა ლიკვიდირებული და ამას არ დაადასტურებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელითაც ბომბორას აეროდრომზე რუსები «აფხაზების ხელით» არ უშვებენ - აქაოდა «ჩვენ რა შუაში ვართ, დამკვირვებელთა უსაფრთხოება ქართულმა მხარემ უზრუნველყოსო» - ვითომ არ იციან, რომ საქართველოს იურისდიქციაგუდაუთაში კი არა, გალშიც არ ვრცელდება.
        მიუხედავად მრავალი ხრიკისა, საერთაშორისო დიპლომატიური პრობლემები რუსეთს მაინც შეექმნა. ამიტომ გადაწყვიტეს უკანასკნელი კოზირის გამოყენება: სადესანტო პოლკის კუთვნილი სამხედრო ქონება გუდაუთიდან მართლაც გატანილია, მაგრამ იქ დარჩა სადესანტო პოლკის სამი ასეული (შესაბამისი საბრძოლო ტექნიკით), უკვე როგორც «სამშვიდობო ძალები».
        მათი გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მართლაც მოითხოვს აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანას.
        არძინბამ მიიღო გარანტია, რომ მასების მიერ მოწყობილი პიკეტის გამო ეს არ მოხდება.
        თანაც მაშინ უკვე საქართველო ვეღარ შეძლებს სტამბოლის ხელშეკრულების გამო დასავლეთისადმი აპელირებას. მოსკოვშიც და სოხუმშიც შესანიშნავად იციან: საქართველო ამისთვის მზად არ არის არც ერთი თვალსაზრისით.

დილის გაზეთი, 8 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე