დსთ-ის სამიტზე სამშვიდობოებს მანდატს აღარ გაუგრძელებენ?
       

        რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ამჟამად დსთ-ის მომავალი, საიუბილეო სამიტის რაკურსში ვითარდება. როგორც ცნობილია, 30 ნოემბრისთვის რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში დაგეგმილი აქვს დიდი პოლიტიკური შოუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოშობილ სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობით.
        «ზეიმი» ორ დღეს გასტანს და კრემლი შეეცდება კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ სწორედ მას ეკუთვნის პრიორიტეტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე. როგორც ჩანს, ამით აიხსნება რუსეთის ხელისუფლების საკმაოდ «დინჯი» და «ზომიერი» რეაქცია ედუარდ შევარდნაძის სენსაციურ განცხადებებზე რუსულან გელაევის შესახებ. მათ სურთ შეინარჩუნონ ისეთი ვითარება, როდესაც მოსკოვში თორმეტივე ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება - გამონაკლისის გარეშე.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის დადანაშაულება (რატომ თქვა გელაევის შესახებო) არცთუ სამართლიანია - განა ჩვენ (ჟურნალისტები, ანუ საზოგადოება) არ ვაკრიტიკებდით პრეზიდენტს, რატომ გვიმალავსო - ჰოდა, ადგა კაცი და თქვა პირდაპირ. ახლა ვაკრიტიკებთ, რატომ არ დამალაო. სანამ ჩვენ, ყველანი ისევ და ისევ (ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც) არ შევიგნებთ, რომ სახელმწიფოს შეიძლება და უნდა ჰქონდეს რაღაც საიდუმლო, რომლის გაუხმაურებლობა, ან, თუნდაც, საჯაროდ უარყოფა დანაშაული არ არის, მრავალჯერ ჩავიგდებთ თავს კრიტიკულ სიტუაციაში. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ვიმყოფებით.
        ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ნიშანდობლივ ფაქტს: დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი თბილისში დსთ-ის ყოველი სამიტის წინ მაშინ ჩამოდიოდა, როცა სამიტამდე სულ 1-2 კვირა იყო დარჩენილი. ეს მოსკოვის მითითებით კეთდებოდა, რათა შეექმნათ იმგვარი ვითარება, რომ საქართველოს პრეზიდენტი იძულებული გამხდარიყო «სიტყვა შეესრულებინა» სახელმწიფოს მეთაურთა საბოჭზე დასწრებით. მაგრამ ამჯერად იაროვის გრაფიკი ისეთნაირად შეარჩიეს (თბილისში), რომ ერთი თვით ადრე ჩამოვიდა საქართვლეოში და 30 ნოემბრამდე საქართველოს პრეზიდენტის პირობა (მოსკოვში გამგზავრების შესახებ) აღარავის ეხსომება.
        დღეს არსებული ვითარებით, რუსეთი საერთოდ არ აპირებს რაიმე შეცვალოს აფხაზეთთან დაკავშირებით. რუსეთის დელეგაციამ გაეროში კვლავ ვეტო დაადო აფხაზეთის სტატუსის პროექტს. სრულიად უშედეგოდ დასრულდა მოსკოვში მოლაპარაკებები აფხაზეთის პრობლემის თაობაზე.
        ამჟამად საკვანძო საკითხია: დასვამს თუ არა საქართვლეო დსთ-ის სამიტზე (ამის გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია) სამშვიდობო ჯართა მანდატის გაგრძელების საკითხს? «შეწყვეტაზე» აქ ლაპარაკი არც არის, ვინაიდან მანდატი იწურება 31 დეკემბერს და თუ არ გაუგრძელდათ, ეგრეთ წოდებულ «მშვიდობისმყოფელებს» ვადა, ისინი იძულებულნი გახდებიან (ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად ვალდებულნი იქნებიან) გავიდნენ ენგურის აუზიდან და გუდაუთიდან, სადაც, ეგრეთ წოდებულ, «მშვიდობისმყოფელთა» ორი ასეული კიდევ დარჩა.
        ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდება. მით უმეტეს პოლიტიკურ თბილისში არსებული კრიზისის ფონზე, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესში.
        რა იქნება შემდეგ, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია.

დილის გაზეთი, 14 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე