გენერალური პროკურორის გარშემო ცა იქუფრება
       

        გუშინ ბრიუსელიდან დაბრუნებულმა გია ბარამიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ «წარმოუდგენლად მიაჩნია ჯამლეთ ბაბილაშვილის კანდიდატურის დამტკიცება გენერალური პროკურორის თანამდეობაზე». როგორც ცნობილია, მოქმედ გენპროკურორს უახლოეს ხანებში ეწურება უფლებამოისლების ვადა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, ხოლო პარლამენტმა (კომიტეტებში განხილვის შემდეგ) დაამტკიცოს გენერალური პროკურორის კანდიდატურა.
       

        გია ბარამიძის განცხადება იმას ნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის გარშემო პოლიტიკური ომი იწყება და მმართველი პარტიის ლიდერთა გუნდი სოლიდარულ პოზიციას დაიკავებს.
        ყოველ შემთხვევაში, გია ბარამიძის ესოდენ მკვეთრი განცხადება სხვას არაფერს შეიძლება გულისხმობლდეს - თუ გია ბარამიძემ იგი ზურაბ ჟვანიას აზრის გაუთვალისწინებლად ან ჟვანიას აზრის საწინააღმდეგოდ გააკეთა - მაშინ, ის, უბრალოდ, უპასხუისმგებლო პოლიტიკოსია.
        მაშასადამე, ეს არის მთლიანად «ჟვანიას გუნდის» აზრი, რაც სავსებით თავსდება ბოლოდროინდელ პროცესთა ჩარჩოებში. «რეფორმატორთა გუნდი» სწორედ პროკურატურას ადანაშაულებს კორუფციის წინააღმდეგ უმწეობასა და უნებისყოფობაში.
        პარლამენტში, ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობდა «წინასაიმპიჩმენტო» პროცედურა, რომელიც დეპუტატთა ჯგუფმა (აშკარად მხოლოდ «მმართველი პარტიის» წევრებმა, ფარულად კი ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა) დაიწყო იმ მოტივით, რომ გენერალურმა პროკურორმა უკანონოდ დანიშნა პროკურორები.
        თემა მჭიდროდ უკავშირდება პროკურატურის რეფორმირების პრობლემას, რომელიც თავის მხრივ, ამ სამართლის დამცველ სტრუქტურაში კორპორაციული ინტერესთა არსებობას ეხება.
        თუმცა, რეფორმა გარდაუვალია - ჯამლეთ ბაბილაშვილს თავად უნდა გამოეჩინა ინიციატივა, რათა ყოველგვარი კონტრარგუმენტი გამოერიცხა.
        პროკურატურა ის «შუალედური რგოლია», რომლის რეფორმირება და სტრუქტურული გარდაქმნა აუცილებელი იყო მთავარი საქმის - შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის დასაწყებად.
        აქედან გამომდინარე, ისიც ბუნებრივია, თუ ახალი გენერალური პროკურორი «რეფორმასთან ასცირებული» პიროვნება იქნება, მაგრამ საამისოდ ჯერ მოქმედი გენერალური პროკურორის საკითხის გადაწყვეტა არის საჭირო, რაც არც ისე იოლი საქმეა. ვინაიდან, ჯამლეთ ბაბილაშვილს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს.
        უპირველეს ყოვლისა, თვით პროკურატურა.
        ამ თვალსაზრისით, კორპორაციაში სრული ერთსულოვნება სუფევს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზიდენტისთვის.
        თავისთავად, ედუარდ შევარდნაძეს აქ უდავო პრიორიტეტი აქვს - არჩევანი სწორედ მან უნდა გააკეთოს. შევარდნაძე აშკარდ ჯერ არ ამბობს, თუმცა, დამკვირვებელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მაინც ჯამლეთ ბაბილაშვილს დაუჭერს მხარს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პარტიის უმრავლესობა ამ კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება.
        რა მოხდება პარლამენტში, დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. საეჭვოა, «მრეწველები» და «აღორძინება» ერთსულოვნად დაუპირისპირდნენ ჯამლეთ ბაბილაშვილს.
        «ბათუმურ კოალიციას» ის დააფრთხობს, რომ ბაბილაშვილის ნაცვლად, ამ თანამდებობაზე შეიძლება, მოვიდეს გაცილებით ნაკლებ «დიპლომატიური» მოღვაწე - მაშინ, როდესაც ბაბილაშვილის «თავდაჭერილობა» საყოველთაოდ ცნობილია.
        მმართველ პარტიაში «ბაბილაშვილის საკითხი» მორიგი «გაუგებრობის» საბაბად იქცევა. გამორიცხულია (ვთქვათ), ყოფილმა პროკურორმა რეზო ყიფიანმა ჯამლეთ ბაბილაშვილს ხმა არ მისცეს. თუმცა, ასეთები რამდენად მრავალრიცხოვანნი იქნებიან, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
        გენერალური პროკურორი, რა თქმა უნდა, შეეცდება იმ ფაქტზე აპელირებას, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს კორუფციის ბრალდებით და ეს საქმეები «საკმაოდ პერსპექტიულია», მაგრამ გია ბარამიძეს არ ავიწყდება და არც ოდესმე დაავიწყდება საკუთარი «საგამოძიებო» კომისიის მასალები, რომლითაც ყოფილ ვიცე-პრემიერებს ამხელდა.
        ამ მზადებას პროკურატურის მხრიდან, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
        რაც შეეხება «იმპიჩმენტს», სათუოა, ეს ბაბილაშვილის უფლებამოსილების ამოწურვამდე მოესწროს.
        კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება ძირითადი კანონის დარღვევა, შესაბამისი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიმართოს კენჭისყრა პარლამენტში, ანუ «იმპიჩმენტით» მმართველი პარტია თავის გადაწყვეტილებას ადასტურებს.

დილის გაზეთი, 26 იანვარი, 2001 წ.

მთელ გვერდზე