გაერო ისევ ჭოჭმანობს
       

        კვლავინდებურად არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის ნიუ-იორკიდან, სადაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გრძელდება კონსულტაციები უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თაობაზე - საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მომავალი სტატუსის შესახებ. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ დოკუმენტს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ამით აფხაზ სეპარატისტებს კიდევ ერთხელ უდასტურდებათ სრული უპერსპექტივობა, საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით (რაც, კაცმა რომ თქვას, არც ისე აწუხებთ). გარდა ამისა, თუ უშიშროების საბჭო დოკუმენტით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს აღიარება ხომ რუსეთის აღიარებაც იქნება?! სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება სოხუმი და მოსკოვი ასეთი გააფთრებით ამ დოკუმენტის მიღებას.
        სხვათა შორის, უმთავრეს არგუმენტად იმ გარემოებას იყენებენ, რომ «თუ გაერო პროექტს დაამტკიცებს, მაშინ საქართველო დაუყოვნებლივ წაუყენებს მას ულტიმატუმის სახით აფხაზურ მხარეს და, საერთაშორისო მხარდაჭერით გულმოცემული, დაიწყებს ომს».
        რამდენად რეალურია ამგვარი სცენარი, სხვა საქმეა, თუმცა, საინტერესოა, რომ ასეთი არგუმენტი ნამდვილად არსებობს.
        ჯერ კიედვ წელიწად-ნახევრის წინ, როცა «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფში» ეს იდეა მოიწონეს (მისი ავტორი, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება იყო), ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რუსეთმა, წინასწარი კონსულტაციებისას საკითხი «დაბლოკა». მოგეხსენებათ, სანამ უშიშროების საბჭოზე ესა თუ ის წინადადება კენჭისყრაზე დადგება, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები (აშშ- დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი) ყოველთვის ცდილობენ წინასწარი კონსულტაციები გამართონ და, როდესაც ხედავენ, ერთ-ერთი მათგანი «ვეტოს» უფლების გამოყენებას აპირებს, ამჯობინებენ, საქმე კენჭისყრამდე არ მიიყვანონ - თუ, რასაკვირველია, ერთმანეთთან ურთიერთობის გამწვავება არ სურთ.
        გააჩნია საგანს - ისრაელ-პალესტინის ან ევროპის ცენტრში მდებარე კოსოვოს გამო, შეიძლება არც მოერიდონ კონეფრონტაციას, მაგრამ საქართველოს გამო არ «უღირთ». ამიტომ «კონსულტაციების გაგრძელება» გადაწყვიტეს, რაც შეთანხმების არსებობას ნიშნავს, თუ დიპლომატიური ენიდან «გადმოვთარგმნით».
        მეორე მხრივ, რუსეთი დღენიადაგ ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებებს, ვითომდაც «პროცესი გრძელდება» და ბოლოს და ბოლოს შეიძლება შედეგიც იყოს მიღწეული, ანუ რეზოლუცია «დამტკიცდეს». შარშან, იალტაში შეხვედრისას, როცა ედუარდ შევარდნაძემ ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, რატომ «ბლოკავდა» რუსეთი რეზოლუციას, ამ უკანასკნელმა «გაიკვირვა» და თეატრალურად თანაშემწესაც კი უსაყვეუდრა:. თუ საქართველოს მთლიანობას ვაღიარებთ, მაშინ რეზოლუციას რატომ არ ვიღებთო.
        სადღაც 2001 წლის დასაწყისისთვის, გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ლავროვი მიხვდა, რომ გაცილებით უფრო ეშმაკური იქნებოდა ტაქტიკის შეცვლა: რუსეთი უკვე რეზოლუციის მიღებას კი არ ბლოკავდა, არამედ ცდილობდა მასში ისეთი დებულებების შეტანას, რაც უკვე საქართველოსთვის მიუღებელი იქნებოდა და სეპარატისტებს აღაფრთოვანებდა.
        ამჟამად დოკუმენტის პროექტი თანდათან უახლოვდება ევგენი პრიმაკოვის «საერთო-სახელმწიფოს» კონცეფციას, ანუ საქართველო და აფხაზეთი ქმნიან «საერთო სახელმწიფოს». თავისთავად ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს «საერთო სახელმწიფო შეიძლება კონფედერაციაც იყოს, ფედერაციაც და უნიტარული ერთობაც. გააჩნია, ვინ როგორ შეძლებს ამ მოდელის ტრანსფორმირებასა და გამოყენებას. ამიტომ მოსკოვში და სოხუმში მაინც ფრთხილობენ - მათ შესანიშნავად ესმით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეზოლუცია აფხაზეთს აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად.
        ამიტომ, ვლადიმირ პუტინის პირობის მიუხედავად, რუსეთის წარმომადგენლობა წინასწარ კონსულტაციებისას მაინც «თავს იკავებს» და «დროს წელავს». მისი წინადადებით, შეიძლება ეს იყოს არა გაეროს რეზოლუცია, არამედ გენერალური მდივნის განცხადება ზოგადი ფრაზებით - «საერთო და ერთობლივი საგარეო, სამხედრო, საბაჟო და საფინანსო პოლიტიკის შესახებ».

დილის გაზეთი, 12 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე