ევროსაბჭო ვალდებულებათა შესრულებას მოითხოვს
       

        გუშინ თბილისში მუშაობას აგრძელებდა საქართველოს ოფიციალური ლობისტი ევროსაბჭოში ტერი დევისი, რომელმაც, თუ გახსოვთ, თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტისას.
        სწორედ ტერი დევისის დადებითმა დასკვნებმა, მისმა განუწყვეტელმა ლობირებამ განაპირობა ამ საკითხის სწრაფი და პოზიტიური გადაწყვეტა.
        მაგრამ ამჟამად ვითარება აშკარად დაიძაბა, ვინაიდან ახლოვდება ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ვადა. ორი წლის წინათ საქართველომ (და არა ხელისუფლებამ) სავსებით კონკრეტული ვალდებულებები იკისრა და მხოლოდ ამ პირობით მიგვიღეს ევროპის უძველეს ორგანიზაციაში.
        უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ, «თურქი მესხების» (ანუ ისტორიული მესხეთის მკვიდრთა - გათურქებული ქართველების) დაბრუნებას მესხეთში.
        თუ ვინმეს ჰგონია, სტრასბურგში ეს პირობა დაავიწყდებათ ან თვალს დახუჭავენ ამ საკითხებზე - ძალიან ცდება. ევროსაბჭო უმკაცრესი წესებით მოქმედი «დახურული კორპორაციაა», სადაც არანაირ პრეცენდენტს არ დაუშვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, «კორპორაციის მართვა» აბსოლუტურად შეუძლებელი გახდება.
        ორი წლის წინათ ნაკისრი ვალდებულებებით კი 2001 წლის ბოლომდე პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანონთა პაკეტი მესხთა რეპატრიაციის შესახებ. თვით ჩამოსახლება (მსურველთა, რომლებიც არც ისე ბევრნი არიან, როგორც თავდაპირველად ჩანდა) უნდა განხორციელდეს 10 წლის განმალვობაში.
        იმთავითვე ნათელი იყო, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ ვერ განვითარდებოდა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ არის - რაც ტერი დევისმა საკმოად მკაფიო «მესიჯის» სახით ჩამოიტანა სტრასბურგიდან.
        მეორე «მესიჯია» კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ «კორუფციაში» ევროპელები გულისხმობენ არა მხოლოდ მაღალჩინოსანეთა მექრთამეობას (როგორც ჩვენ), არამედ მასობრივ კორუფციასაც, რომლის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა გაცილებით ძნელია, ვიდრე გაუთავებელი, უსაგნო ლაპარაკი ზოგადად «კორუფციაზე».
        მიუხედავად ამისა, ევროსაბჭო აქტიურად დაუჭერს მხარს ყოველგვარ ანტიკორუფციულ ღონისძიებას - იმ პირობით, თუ კორუფციასთან ბრძოლა წარიმართება ადამიანის უფლებათა დარღვევის გარეშე. ეს მოთხოვნაც საკმაოდ მაღალ («ევროპულ») სტანდარტებს გულისხმობს, რაც აგრეთვე, არავის უნდა გაუკვირდეს, თუკი ევროპის საბჭოს სრულუფლებიან წევრად მიგვაჩნია თავი.
        კიდევ ერთი საკითხი, რაც ევროსაბჭოს წარმომადგენლებს აინტერესებდათ, გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებაა. მოსალოდნელიც იყო, რომ ჟურნალისტის მკვლელობა სტრასბურგში ძალიან დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. ბუნებრივია, ევროსაბჭო ასხვავებს ერთმანეთისგან საქართველოსა და ბელორუსეთს, სადაც ჟურნალისტები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ შინაარსობრივად, რეაქცია ანალოგიური იქნება, განურჩევლად იმისა, ხელისუფლება დაკავშირებულია მკვლელობასთან თუ არა.
        როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ვერ ხსნიან საქმეს ან (კიდევ უფრო უცნაური) კულუარებში აცხადებენ მცდელობას გახსნილად, მაგრამ ოფიციალურად ამას არ ადასტურებენ - ევროსაბჭოს რეაქცია მაინც ერთმანიშვნელოვანი იქნება, ამიტომ, სანაიას მკვლელობის გახსნა და შედეგების გამოქვეყნება არათუ მორალური ვალდებულებაა მხოლოდ, არამედ სახელმწიფოებრივად აუცილებელია.
        ნაკლებად ახმაურებენ «იეღოველთა» და სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა დარბევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
        სხვათა შორის, არავინ მოითხოვს მიანცდამაინც სექტების ლეგალიზებას, მაგრამ კატეგორიულად სვამენ საკითხს «რელიგიის შესახებ» კანონის მიღების თაობაზე, რომელმაც ეს საკითხები უნდა მოაწესრიგოს.
        ევროსაბჭო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენათა განვითარებას, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში მრავალმხრივ კომპრომისებთან იყო დაკავშირებული.

დილის გაზეთი, 5 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე