კიდევ ერთი ალტერნატივა
       

        დღეს საღამოს საქართველოში ჩამოდის ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
        განსხვავებით წინამორბედებისგან (ავსტრია და პოლონეთი), მას არც ფაშისტური კომპლექსი აწუხებს და არც დომუხოვსკის პრობლემა. როგორც ცნობილია, პოლონელი დომუხოვსკი სწორედ მისი გავლენიანი თანამემამულის «თხოვნით» გაათავისუფლეს, ხოლო ფერერო ვალდნერი ავსტრიაში ნეონაცისტთა ელექტორატული წარმატებით იყო შეშფოთბეული.
        თუმცა, მოლდოვაში კრემლის მიერ კომუნისტთა არანაკლებ შთამბეჭდავი გამარჯვება მაინც შეიძლება მორიგ «სუბიექტურ» ფაქტორად იქცეს, მაგრამ მთლიანობაში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანგიზაციას ამგვარი სუბიექტური ფაქტორებით, როგორც რუსები იყტვიან: «არც სცხელა და არც სცივა» - ისევე, როგორც საქართვლეოს - მასთან ურთიერთობით.
        პასუხგაუცემელია კითხვა, - რატომ მოვახერხეთ ეუთოს სამიტზე აფხაზეთში უპირატესად ქართული მოსახლეობის გენოციდის თოაბაზე შესაბამისი ჩანაწერის «გატანა» და ვერ მოვახერხეთ იგივე გაეროში?
        პასუხი თვალნათელია: იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეუთოს ნებისმიერი პოზიცია იმაზე ნაკლები «ღირს», ვიდრე ქაღალდი, რომელზეც იგი დაფიქსირებულია.
        ამ თვალსაზრისით, გაეროს უშიშროების საბჭო ოდნავ უფრო ფასეულია, მაგრამ სწორედ «ოდნავ უფრო».
        ხომ წარმოგიდგენიათ ეუთო რაღა იქნება? გაეროც და ეუთოც ცივი ომის პირმშონი არიან, თანაც, ეუთო უფრო მეტადაც კი, ვიდრე გაერო, ვინაიდან გაერო შეიქმნა 1945 წელს, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი მხოლოდ ყალიბდებოდა, «ხოლო ევროპაში უშიშროებისა და თანაშმრომლობის თათბირი» ჰელსინკში 1966 წელს მოიწვიეს.
        1975 წელს «ჰელსინკის პროცესი» დაგვირგვინდა დასკვნითი აქტის ხელმოწერით. არ დაიჯეროთ ზღაპრები, თითქოს ჰელსინკის პირველმა, მეორე ან მესამე (ჰუმანიტარულმა) «კალათებმა» რაიმე ზეგავლენა მოახდინეს კომუნისტური «ბოროტების იმპერიის» დაშლაზე. რომ არ ყოფილიყო დიდი (!) რონალდ რეიგანი, რომ არ ყოფილიყო კონსერვატიული ტალღა დასავლეთში 80-იან წლებში, - ევროპული «მემარცხენეები» ახლაც (მესამე ათასწლეულში) გადაღეჭავდნენ მეათასედ დასკვნით აქტის რომელიღაც დებულებას «გამალებული შეიარაღების დაუშვებლობის შესახებ».
        ასე რომ, განსაკუთრებული იმედი ამ, ეგრეთწოდებული «საერთო-ევროპული ორგანიზაციისა» (სადაც თანაბარი უფლებებით შედიან საფრანგეთიც და ტაჯიკეთიც) არავის უნდა ჰქონდეს.
        შეგახსენებთ: ეუთოს დამკვირვებლები ჩვენ განვალაგეთ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. ეს გადაწყვეტილება თითქოს ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა გრანდიოზული ანტიქართული «მედიაისტერია» წამოიწყო.
        საქართველომ რუსეთს შესთავაზა ჩეჩნეთის მონაკვეთზე რუსი დამკვირვებლების (მათ შორის, სამხედრო დამკვირვებლების) განლაგება იმ პირობით, თუ ქართული დამკვირვებლებიც განლაგდებოდნენ აფხაზეთისა და «სახმრეთ ოსეთის» მონაკვეთებზე რუსეთის მხრიდან.
        ეს წინადადება მოსკოვში სასაცილოდ არ ეყოთ, - თქვენი გულისთვის მოძმე აფხაზებსა და ოსებს ხომ არ ვაწყენინებთო. მოსკოვმა, უბრალოდ, გააძლიერა მედიაისტერია და აიძულა საქართველო (ამ სვლის გათვლა სულ ადვილად შეიძლებოდა), მიემართა ეუთოს დახმარებისთვის.
        იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა შორის, რომლებიც განლაგდებოდნენ შატილ-ომალოში, აუცილებლად იქნებოდნენ რუსი სამხედრო დამკვირვებლები - წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი, უბრალოდ, ვეტოს დაადებდა ეუთოს გადაწყვეტილებას.
        როგორ გგონიათ, რა გააკეთეს ამ დამკვირვებლებმა? - პირველივე შემთხვევაში გაგზავნეს ვენაში (ეუთოს შტაბბინაში) ინფორმაცია, თითქოსდა რაღაც «ნაკვალევის» შესახებ, რომელიც ვითომცდა ნახა ვიღაცამ, მაგრამ არ უთითებდნენ, ადამიანის ნაკვალევი იყო თუ საქონლის, ერთეული იყო თუ მრავალი, ახალი იყო თუ ძველი - ამ «ინფორმაციაზე» დაყრდნობით, საინფორმაციო დივერსიებში ჯერ კიდევ «კომინტერნის» ეპოქიდან დახელოვნებულმა «ტასს»-მა ჭურვი გამოაცხო, რომელიც საშკა ლუბიმოვმა დააქუხა საღამოს «ვრემიადან».
        მეორე დღეს კი, ეუთოს წინა თავმჯდომარე, ფერერო ვალდნერი ესტუმრა საქართველოს. სარწმუნო წყაროთა ცნობით, ეს დედაკაცი 2 საათი არწმუნებდა შევარდნაძეს, «აელაგმა» ქართული პრესა, რომელიც (თურმე ნუ იტყვით) აღიზიანებს რუსეთს ეუთოს დამკვირვებელთა საქართველოში განლაგების ისეთი ინტერპრეტაციით, თითქოს ეუთო ამით მხარს უჭერს საქართველოს რუსეთთან წარმოშობილ პრობლემაში.
        ეგ არის მხოლოდ: ეუთოს (!) თავმჯდომარეს არ დაუზუსტებია მეთოდები, რომლითაც შევარდნაძეს პრესა უნდა «აელაგმა».
        მოკლედ, ეუთო ცივი ომის ღირსეული პირმშოა, - ოღონდ, ცივი ომის დასრულებასთან ერთდა, არ ჩაფლავდა ისტორიის წყვდიადში.
        რა ქმედითობაზე შეიძლება საუბარი, როდესაც ორგანიზაციაში გადაწყვეტილება კონსენსუსით, ანუ ყველა წევრის თანხმობით მიიღება.
        მაშასადამე, ამჟამინდელი ვიზიტიც სხვა არაფერია, თუ არა «ნოუმენის» სტუმრობა.

დილის გაზეთი, 28 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე