უმაქნისი ორგანიზაციის უსაქმური გზავნილი
       

        მეორე დღეა, თბილისში, ეუთოს სახელით მოლაპარაკებას აწარმოებს ჩვენთვის კარგად ცნობილი ლივიუ ბოტა, რომელიც მცირე ხნის წინ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი გახლდათ «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის» მოწესრიგების დარგში. ამ მისიას რამდენად გაართვა თავი, საყოველთაოდ ცნობილია. სოხუმსა და თბილისს შორის რეგულარული მიმოსვლის შემდეგ ბოტამ დაასკვნა, რომ «მხარეებმა კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადადგან». თურმე, ამისთვის უნდა დაეხარჯა გაეროს ათეულობით და ასეულობით ათასი დოლარი აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
        ამჟამად, როგორც რუმინეთის (ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის) წარმომადგენელი ლივიუ ბოტა უკვე ევროპაში უშიშროებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციის განმტკიცებაზე ზრუნავს. თბილისში იგი პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდა.
        მასპინძლებმა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, არ დამალეს, რომ ეუთოს მოღვაწეობა საქართველოში, ჯერჯერობით, «არაეიფორიულ» განწყობას ქმნის. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან მსოფლიოში არ არსებობს ამაზე მეტად ბიუროკრატიული, მხდალი და დედალმაშო ორგანიზაცია.
        მიაქციეთ ყურადღება ყოვლად უსახურ და წყალწყალა რეაქციას ვენიდან (ეუთოს შტაბბინიდან) გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ეუთო არ აპირებს საქართველოს გულისთვის რუსეთთან ურთიერთბის გაფუჭებას, მიუხედავად სტამბოლის ხელშეკრულების ფორმატისა, რომელიც სწორედ ეუთოს ეგიდით გაფორმდა.
        რუსეთ-საქართველო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დისლოცირებული ეუთოს დამკვირვებლები ვენაში აგზავნიდნენ უბრალოდ აღმაშფოთებელ ინფორმაციას, რითაც მხარს უჭერდნენ რუსეთის საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ.
        მაგალითად, სწორედ ეუთოს დამკვივრებლებმა «ნახეს ნაკვალევი - ჩეჩნეთის მიმართულებით», ოღონდ ვენაში გაგზავნილ რაპორტში არ დაუზუსტებიათ, რა ნაკვალევი იყო, არადა, შემდგომ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ნაკვალევი აღმოჩნდა და არა «ბოევიკების».
        თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ეუთოს სამიტებზე მიღებული რეზოლუციები აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით რაიმეს ნიშნავს. ეს რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ღირებული ფაქტორი იყოს, მისი ბლოკირება არანაირ პრობლემას არ შექმნიდა, ისევე, როგორც გაეროს რეზოლუციებისა, თუ თავდაპირველ პროექტში «ეთნოწმენდა» ნახსენებია.
        ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ცივი ომის ჭეშმარიტი პირმშოა. იგი გულისხმობდა გარკვეულ «ინტერესთა ბალანსს» ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის.
        ამ ორგანიზაციამ სერიოზული როლი შეასრულა ტოტალიტარული რეჟიმების დაშლაში, მაგრამ მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს ეუთო რაიმე თვალსაზრისით ქმედით ინსტრუმენტი იქნება ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დასაცავად - რუსეთის ახალი აგრესიისაგან.:
        სინამდვილეში, ეუთოს თვით ფილოსოფია გულისხმობს გეოპოლიტიკური რეალიების აღიარებას, ხოლო «რეჟიმების» დაშლა არ ნიშნავს რუსეთის გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ეჭვქვეშ დაყენებას.
        ამდენად, უახლოეს მომავალში ქმედით დახმარებას ამ ორგანიზაციისგან საქართველო არ უნდა ელოდოს არც სამხედრო პრობლემატიკის, არც კონფლიქტების გადაწყვეტის თვალსაზრისით.
        ეუთოს მინისტრთა მომავალმა სამიტმა (ბუქარესტში), საეჭვოა, კარდინალური რეზოლუცია მიიღოს აფხაზეთის თაობაზე. სინამდვილეში, ის როლი, რომელსაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ქართული მხარე ეუთოსა და გაეროს აკისრებდა, შეიძლება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა შეასრულოს.
        ეს ორგანიზაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიიდან საკმაოდ შორს არის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ გეოგრაფიულად მას უშუალოდ ვესაზღვრებით.

დილის გაზეთი, 8 აგვისტო, 2001 წელი

მთელ გვერდზე