ენერგოქარტია საქართველოსთვის
        გია ჭანტურიას ახალი ასპარეზი

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და მსოფლიო ბანკის «ენერგეტიკული პროგრამის» ხელმძღვანელებს შორის.
        ეს პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ხორციელდება, თუმცა, ბუნებრივია, მსოფლიო ბანკს, უპირველეს ყოვლისა, საქართველო და აზერბაიჯანი აინტერესებს, ვინაიდან, სწორედ ეს ორი ქვეყანა მონაწილეობს (გადაუჭარბებლად) გლობალური მნიშვნელობის საკომუნიკაციო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.
        თანამშრომლობამ შეიძლება ქარტიის სახე მიიღოს. აქვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ბანკი, უპივრელეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების კრეატურაა, ხოლო ამერიკას არათუ პოლიტიკური კურსი, არამედ 50-იან წლებში მიღებული სპეციალური კანონი ავლადებულებს, იზრუნოს მსოფლიო ბაზარზე ენერგიის მიწოდების წყაროთა დივერსიფიცირებაზე.
        ერთადერთი ზესახელმწიფოს ეს გეოპოლიტიკური პრიორიტეტი საქართველოსთვისაც სახელმწიფოებრივი შანსია.
        სწორედ ამ შეხვედრისას ითქვა, რომ შაჰ-დენიზ-თბილისი-ერზრუმის (ანუ აზერბაიჯანიდან გაზის ტრანზიტის) პროექტზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და მის ხელმძღვანელს – გიორგი ჭანტურიას.
        პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის: გია ჭანტურიამ ძალიან კვალიფიციურად და ძლიერად წარმართა მოლაპარაკება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე. მართლაც გააფთრებით იბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად და შედეგსაც მიაღწია: ბაქოდან, თავდაპირველად შემოთავაზებული ყოველწლიური 10 მილიონი დოლარის ნაცვლად, ნავთობის ტრანზიტის საფასურად ქვეყანა ყოველწლიურად 50 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო აზერბაიჯანის ნავთობგაზის სახელმწიფო კომპანიის ინვესტიციათა განყოფილების ხელმძღვანელმა ვალეხ ალესკეროვმა (იგი აზერბაიჯანს წარმოადგენს გაზზე დაწყებულ მოლაპარაკებებში) აღიარა რომ ქართველებმა შეძლეს მსოფლიო დონეზე მოემზადებინათ ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტები.
        მაგრამ ბუნებრივი აირის ტრანზიტის თაობაზე მოლაპარაკება ბევრად უფრო რთული იქნება მრავალი მომენტის გათვალისწინებით. რუსეთი ამ საკითხში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერევა, რადგან ცდილობს, დაასწროს აზერბაიჯანსა და თურქმენეთს თურქეთის ბაზრის დაპყრობა. თურქეთის მეშვეობით კი გაზს ევროპულ ბაზარზე გაიტანს უკრაინის გვერდის ავლით, ანუ ამ ქვეყნის მიმართ «ხელფეხი» გაეხსნება.
        ამრიგად, გაზთან (ისევე, როგორც «დიდ ნავთობთან») დაკავშირებით, საქართველო კიდევ ერთხელ ექცევა დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ფოკუსში, მაგრამ არ არის გამორიცხული, რუსეთმა აამოქმედოს ზემოქმედების მტკივნეული ბერკეტები: აზერბაიჯანის გაზს მხოლოდ 2003-2004 წლების ზამთარში თუ მივიღებთ (უკეთეს შემთხვევაში), მომავალ ზამთარს კი მოსკოვმა შეიძლება ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტოს, რაც კატასტროფის მომასწავებელია.
        იმავდროულად, რუსეთს დიდი სურვილი აქვს, შეიძინოს საქართველოს გაზსადენი ქსელის აქციათა 50 პროცენტი და საქართველოს გავლით მიაწოდოს ელექტროენერგია თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებს.
        გია ჭანტურიას დიპლომატიურ ოსტატობაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა იგი ისეთი სისტემის შექმნას, როდესაც, ერთი მხრივ, არ ვაწყენინებთ სტრატეგიულ მოკავშირეს (აზერბაიჯანს), ხოლო, მეორე მხრივ, არ მივცემთ საშუალებას რუსეთს, აამოქმედოს ხსენებული ბერკეტები.
        საქართველოს აქაც «ბეწვის ხიდზე» გავლა მოუწევს, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც გვეძლევა ისტორიული შანსი, რომლის დაკარგვა დანაშაული იქნებოდა.
        რუსეთიდან - სომხეთში გაზის იმპორტის საფასურად საქართველო საწვავის ათ პროცენტს იღებს. აზერბაიჯანი, ჯერერობით, ასეთ პირობაზე არ თანხმდება, ხუთ პროცენტს გვთავაზობს, იმ არგუმენტით, რომ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გაზსადენის მშენებლობაში თბილისი დოლარსაც არ ხარჯავს. მაგრამ, საქართველოს გარდა, გაზის მსოფლიო ბაზარზე გასატანად აზერბაიჯანს სხვა მარშრუტი არ გააჩნია. ირანი კიდევ უფრო გამორიცხულია, ვიდრე ბაქო-ჯეიჰანის პროექტის დროს, ვინაიდან, ირანი თავად არის გაზის უდიდესი ექსპორტიორი.
        გარდა ამისა, თუ «ნავთობპროექტში», საქართველოს გარდა, სატრანზიტო სახელმწიფო თურქეთიც იყო, გაზის პროექტში ერთადერთი სატრანზიტო სახელმწიფო საქართველოა, თურქეთი კი – მხოლოდ მყიდველი.
        ეს გარემოება გია ჭანტურიას დამატებით კოზირებს აძლევს მომავალ გარდაუვალ პაექრობაში. საქართველოს აქვს შანსი, ყოველწლიურად 30-40 მილიონი დოლარი მიიღოს ტრანზიტის საფასურად. ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო საგულისხმოა, «თბილსრესის» შეუფერხებლად გაზმომამრაგების პერსპექტივა.
        გია ჭანტურია უკვე მომავალ კვირას იწყებს მოლაპარაკებას. მან უნდა შეაჯახოს ერთმანეთს რუსეთისა და თურქეთის ინტერესები – საქართველოს სასარგებლოდ.

დილის გაზეთი, 28 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე