თბილისს აჩრდილი უახლოვდება
       

        მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზოგიერთ რაიონს (რომლებშიც მრიცხველები გარეთ გამოტანილია) ელექტროენერგია 14 საათის განმავლობაში მიეწოდება, ვითარება სახელისუფლებო სტრუქტურებში მომავალ გარდაუვალ «ენერგოკატალიზმებთან» დაკაშვირებით სულ უფრო იძაბება. მოსახლეობის შედარებით «ბედნიერი» ნაწილი ამას არ გრძნობს, მაგრამ ხელისუფლებამ შესანიშნავად უწყის, რომ 3 თებერვალს იწურება სათბობენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოკომპანიათა ჯგუფ «იტერას» შორის გაფორმებული მოკლევადიანი კონტრაქტის ვადა.
        რა მოხდება შემდეგ, უფალმა უწყის.
        არ არის გამორიცხული, 50-მილიონიანი დავალიანების მომიზეზებით, «იტერამ» საერთოდ შეგვიწყვიტოს ბუნებრივი აირის მოწოდება, ხოლო «დროებითი კონტრაქტი» საიმისოდ სჭირდებოდეს, რომ, «დემპინგური ფასების» საბაბით, საქართველოს ერთადერთი კონტრაგენტი თავად ყოფილიყო და არა «ინნეფტგაზპრომი».
        რასაკვირველია, ეს ყოველივე უკავშირდება თებერვლის მიწურულს მოსკოვში დაგეგმილ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას «ბაზების თაობაზე». კრემლში სურთ, ქართველები ამ მოლაპარაკებას «მომწიფებული» შეხვდნენ.
        თუმცა, არც კორპორაციული ინტერესებია გამორიცხული. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ამ ინტერესთა «თანხვედრა» დერჟავის ინტერესებთან: აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, თუ რუსულმა «იტერამ» (ზოგიერთი ცნობით) ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა სომხეთს, რათა ამ უკანასნკელმა ვეღარ შეძლოს საქართველოსთვის ყოველდღიურად 110 მეგავატი ელექტროენერგიის მოწოდება - «აეს-თელასთან» გაფორმებული მეტად სარფიანი ხელშეკრულების შესაბამისად.
        აქ იგივე ალგორითმი და მოტივაცია მოქმედებს: «იტერას», მის ზურგსუკან მდგომ «გაზპრომს» და «გაზპრომის» ზურგს მიღმა არსებულ რუსულ სახელმწიფოს სურთ, მხოლოდ თავად ჰქონდეთ «ექსკლუზივი», ანუ თვითონ შეეძლოთ ერთი დარტყმით მთელი საქართველოს ენერგოსისტემის დანგრევა.
        რუსეთიდან მომავალ ელექტროგადამცემ ხაზ «კავკასიონზე» მომხდარი რამდენიმე საეჭვო ავარიაც ამ ტექნოლოგიას ადასტურებს. ყველა მათგანი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, ანუ, ერთი მხრივ, პასუხისმგებელი საქართველო იყო, «ეესროსიას» თანხა მაინც სრულად უნდა მიეღო, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული ენერგოსისტემის «ძაგძაგი» (როგორც იმერეთში იტყვიან) მუდმივი ხდებოდა.
        ჯერ-ჯერობით უცნობია, მიაღწევს თუ არა ეეს-ი «ინნეფტგაზპრომთან» ხელშეკრულების აღდგენას. იანვრის თანხის 80 პროცენტი ამერიკელს წინასწარ ჰქონდა გადახდილი. თითქოს მაიკლ სქოულს მოსკოვში რაღაცას შეჰპირდნენ, მაგრამ არ არის გამორიხული, «კატათაგვობანას» ეთამაშებოდნენ.
        «ინნეფტგაზპრომი» კი არა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის სუვერენული ვალის (!) დაბრუნებაზე უარი უთხრა კრედიტორთა პარიზის კლუბს, რაც ტანზანიასა და პაპუა-ახალ გვინეასაც კი არ უკადრიათ.
        ბოლოს და ბოლოს, დახურავენ იმ კომპანიას («ინნეფტგაზპრომს») და მორჩა! ასეთი «ჯიბის კომპანიები» რუსული გაზის იმპერატორმა რემ ვიახირევმა ათელუობით შექმნა. ალბათ, სწორედ იმისთვის, რომ, რუსეთის უშიშროების საბჭოს «კონცეფციათა» შესაბამისდა, სხვადასხვა «გეოპოლიტიკური პროვოკაცია» განეხორციელებინა.
        რუსეთის უშიშროების საბჭოს სპეციალისტებს კი (ყოფილი კგბ-ს მეორე და მესამე ანალიტიკური განყოფილებები) არა მხოლოდ ქართულია, რამედ ამერიკული «ეთნოფსიქოლოგიაც» შესანიშნავად აქვთ შესწავლილი: მაიკლ სქოული (განურჩევლად იმისა, წარმოშობით ირლანდიელია თუ უელსელი, შოტლანდიელი თუ ინგლისელი) ჭეშმარიტი ამერიკელია და არც ერთ ცენტს არ დაკარგავს, რაკი 60 პროცენტი წინასწარ აქვს გადახდილი: მიწა რომ გასკდეს, ახალ კონტრაქტს («იტერასთან») არ გააფორმებს!
        სულ გააჩერებს «თბილსრესს» და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მოსთხოვს, ჰიდროელექტროსადგურებიდან ენერგია მხოლოდ თბილისს მიაწოდოს (თბილისი იხდის, სხვები - არა).
        აი, სწორედ იქ იმალება ახსნა, თუ რატომ არ სურს სამინისტროს «დისპეტჩერიზაციის» რგოლის პრივატიზება. ამერიკული კომპანია ამჟამად დისტრიბუციას და გენერაციას ფლობს. თუ დისპეტჩერიზაციაც «ხელთ იგდო», ელექტროენერგიას საქართველოში გადამხდელის გარდა ვერავინ მიიღებს.

დილის გაზეთი, 23 იანვარი, 2001 წ.

მთელ გვერდზე