ენერგეტიკული პოკერი
       

        გუშინ გადამწყვეტ სტადიაში შევიდა ომი რუსთავის აზოტის გარშემო.: ამ საწარმოს ერთდროულად იმდენი დაჯგუფება ეცილება ერთმანეთს, ძალაუნებურად ჩნდება ელემენტარული შეკითხვა: თუ «აზოტი» პოტენციურად მომგებიანია, რა გახდა მისი ამუშავება წლების განმავლობაში?
        თუმცა, თვით შეკითხვაც შეიცავს გამაოგნებელ (არცთუ საფუძველს მოკლებულ) ვარაუდს: საწარმო მუშაობდა კიდეც და გვარიანი მოგებაც ჰქონდა. გაუთავებელი წუწუნი კი დავალიანებათა პერმანენტული რესტრუქტურიზაციისა და ენერგიის უფასოდ მიღების უებარი საშუალებაა. შექმნილი ტრაგიკომიკური ვითარება (რაც მიხეილ უკლებას თანამდებობიდან გადაყენების უმთავრესი მიზეზი გახდა), კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საწარმოთა განსახელმწიფოებრიობა (მათი «გიგანტურობის» მიუხედავად) ერთადერთი გამოსავალია - რა თქმა უნდა, შესაბამისი კანონების ამოქმედებით, «ქონებაზე გადასახადის» და «გაკოტრების» შესახებ.
        «აზოტის» სევდიანი ამბავი ამ მხრივ მართლაც თვალსაჩინო მაგალითია. ერთი შეხედვით, ძალიან ძნელი გასარკვეუი უნდა იყოს, ვის რა ბანქო უჭირავს ხელში, «ბლეფზე» მიდის კინკილა «სტრიტის» ამარა, თუ «ფლეშროიალის» მფლობელია. მაგრამ პრესამ (მის სასახელოდ უნდა ითქვას) კარტების გახსნის სიტუაციაც შექმნა, და ისეთი ამბავი ატყდა უმალვე, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში.
        გუშინ პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ფირმა, რომელსაც ბუნებრივი აირის შემოტანის არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. სწორედ ეს გახლავთ კომიკური ამ მდგომარეობაში. «აზოტი» გაზის გარეშე საერთოდ ვერ იმუშავებს, ხოლო თუ ბუნებრივი აირის მომწოდებელი «იტერა» უნდა იყოს და მასაც (ან მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს) აქვთ საშუალება, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართვლეოში, მაშინ გაუგებარია, ტენდერში დამარცხებული კომპანია «გამარჯვებულს» რატომ მიაწვდის ენერგიას? მით უმეტეს, ათეულობით მილიონი დოლარის დავალიანების პირობებში?»
        რასაკვირველია, მეორე მხარესაც აქვს არგუმენტები. ბოლოს და ბოლოს, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისად და არა იმის მიხედვით, მართლა შეძლებს თუ ვერა პრეტენდენტი პირობის შესრულებას, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სწროედ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებაა «იტერასთან» დაკავშირებით, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძე მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. მისი თქმით, «თუ არსებობს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობის გრძელვადიანი პერსპექტივის სხვა ფორმები, ისინი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.» რას გულისხმობდა პრეზიდენტი? შესაძლოა, სწორედ «გაზსადენის» 50 პროცენტის გადაცემას «იტერასთვის», რასაც მოსკოვი დიდი ხანია ითხოვს, მაგრამ თბილისი არ თანხმდება პოლიტიკური გნიასის შიშით.
        აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ «იტერა» არის რუსულ-ევროპულ-ამერიკულ კომპანიათა კონსორციუმი და არა მხოლოდ რუსული კომპანია. თუმცა, იგი, რასაკვირველია, დამოკიდებულია «გაზპრომზე», მაგრამ პოლიტიკური გართულების შიში აიძულებდა ხელისფლებას, უარი ეთქვა ამ პროექტზე. თუმცა, უახლოეს მომავალში ამ კორპორაციის ხელმძღვანელი ალეკო გოცირიძე მიემგზავრება მოსკოვში, სადაც სწორედ თანამშრომლობის გრძელვადიან პროგრამებზე იქნება საუბარი. საქართველოს გაზსადენი ქსელი საკმაოდ სერიოზული საინვესტიციო კაპიტალია. მით უმეტეს, რომ ნავთობის მარაგი პლანეტაზე იწურება და ბუნებრივ აირს ყველა ქვეყანაში პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
        არის კიდევ ერთი მომენტი: შაჰ-დენიზ-თურქეთის გაზსადენის პროექტმა 2004 წლის ბოლოსთვის გადაიწია, რაც თბილისში სულაც არ ესიამოვნათ. ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა პიდაპირ განაცხადა, კარგი იქნებოდა, ეს პროექტი უფრო ადრე განხორციელებულიყოო.
        არ არის შემთხვევითი, რომ «გაზპრომთან» (ფაქტობრივად, სწორედ «გაზმპრომთან») მიღწეული შესაძლო შეთანხმების პროცესში შევარდნაძემ გუშინ ახსენა «ამერიკელების დახმარება». ვაშინგტონში ყველა ენერგეტიკულ პროექტს უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინაიდან ჯერ კიდევ ჰარი ტრუმენის ეპოქიდან დაწყებული, ენერგეტიკა ქვეყნის უშიშროების განუყოფელ კომპონენტად მიაჩნიათ.
        მაშასადამე, საქართველოს ეძლევა საშუალება, ითამაშოს ინტერესთა ამ კონფლიქტზე და მიიღოს სარგებელი. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ენერგეტიკის სფეროში უახლოეს ხანებში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. საშველი დაადგება დისპეტჩერიზაციისა და გენერაციის სხვა ობიექტების განსახელმწიფოებრიობას, ხოლო «გაზის» სფეროში (ისევე, როგორც ელექტროენერგიის «ტრანზიტის» მხრივ) თბილისი მიიღებს იმ წინადადებებს, რასაც მოსკოვი კარგა ხანია გვთავაზობს.
        «ზოგი ჭირი მარგებელიაო» და მაზანდამაც აიწია ამასობაში. აქედან გამომდინარე, «აზოტის» საკითხი უკვე გადაწყვეტილია და რა აურზაურიც უნდა იყოს ამის თაობაზე, უკიდურეს შემთხვევაში, პრეზიდენტი პირადად ჩაერევა საქმეში - შესაბამისი ბერკეტების გამოყენებით.

დილის გაზეთი, 29 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე