დინამო დინამო!!!
       

        გუშინ პრეზიდენტთან გაიმართა თათბირი ყველაზე «კომპეტენტური შემადგენლობით» - საფეხბურთო კლუბ თბილისის «დინამოს» შემდგომ ბედზე. როგორც ცნობილია, ეს გუნდი, ფაქტობრივად, აღარც არსებობს - დარჩა მხოლოდ სახელი და დიდებული ტრადიცია. საბჭოთა პერიოდში სპორტსაზოგადოება «დინამოს» საფეხბურთო კლუბები შინაგან საქმეთა სამინისტროს განეკუთვნებოდნენ.
        1992 წლიდან, სამოქალაქო ომის პერიოდში დაიწყო თბილისის «დინამოს» უმოწყალო ძარცვა სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტებისა და თაღლითების მიერ, რომლებმაც ადვილად «დაჩაგრეს» ოფიციალური მფლობელები და ხელმძღვანელები.
        ცოტამ თუ იცის, რომ არათუ იმ წლებში, არამედ დღესაც კი, საქართველოში ამაზე მეტად მომგებიანი ბიზნესი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, სრულიად უმიზნოდ და უაზროდ დაიხარჯა (სპორტულ წარმატებებს არაფერი დატყობია) 27 მილიონი ლარი და კიდევ ათეული მილიონი დოლარი სატრანსფერო თანხა.
        ამჟამად აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, უზარმაზარი თანხა, კარგა ხნის წინათ «საიმედოდ» ჩაიკეტა შვეიცარიის საბანკო სეიფებში. შვეიცარიას კი ებრაელებმა ძლივს გაამხელინეს ფაშისტური გენოციდის დროს გასაიდუმლოებული ანგარიშები და საქართველოს «შიშით» შვეიცარიელი «გნომები» (ბანკირები) იგივეს არ გაიმეორებენ.
        ამ საქმეს უკვე საეჭვოა, რაიმე ეშველოს - შეგვიძლია მხოლოდ ბუნდოვანი ქარაგმებით ვისაუბროთ იმაზე, რომ «დინამოსა» და «ფეხბურთის ფედერაციის» ზოგიერთი მესვეური საფრანგეთში, იქაურმა ქართველმა «კანონიერმა ქურდებმა» და «მხედრიონელებმა» ფეხებით ჩამოკიდეს. ქვეშ ცეცხლი შეუნთეს თუ არა (როგორც სიღნაღში გახმაურებული ინციდენტის დროს - რაიონის მოსამართლე კინაღამ რომ შებრაწეს) - უცნობია, თუმცა, ამას აღარც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
        ფაქტია, რომ თბილისის «დინამო» სულს ღაფავს, იგი მოკვდება, თუ სასწრაფოდ არ იქნა ზომები მიღებული. მოკვდება თუნდაც «მრეტების» ვალის გადაუხდელობის გამო.
        ფიფამ უკანასკნელად გააფრთხილა გუნდი - არ არის გამორიცხული, მას არათუ ევროპულ სარბილეზე, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც აეკრძალოს თამაში უეფას განკარგულებით - ევროპის საფეხბურთო ფედერაციას ამის უფლება აქვს და საქართველო ვალდებულია, დაემორჩილოს.
        ამჟამად არსებობს ერთადერთი გამოსავალი: უნდა მოიძებნოს «პატრონი», რომელიც შეძლებს «დინამოს» ამოთრევას წუმპიდან, ძმები არველაძეები მზად არიან, დაფარონ ვალები და «დინამო» ააღორძინონ. სარწმუნო წყაროთა ცნობით, ხელისუფლება ამ წინადადებას დადებითად მოეკიდა - შესანიშნავ სპორტსმენებად ითვლებიან, პატიოსნად ნაშოვნი ფულიც აქვთ, «დინამოს» ძველი გვარდიაც მხარს უჭერთ, მაგრამ ძალიან საეჭვოა, ისინი გაუმკლავდნენ იმ «მგლების ხროვას», რომელიც გარედან ცდილობს «დინამოს» მართვას და «წილების გაყოფას».
        ამიტომ, პრეზიდენტი (იმავე წყაროთა ცნობით) დაეთანხმა კახა თარგამაძის წინადადებას, რომ სპორტსაზოგადოება «დინამო» და შინაგან საქმეთა სამინისტრო აღადგენს თავის უფლებას კლუბზე (საამისოდ საკმარისია რეგისტრაცია, ვინაიდან რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 1996 წლიდან «დინამო» არ არის რეგისტრირებული), სპეცსამსახურებისა და კრედიტების მეშვეობით დაფარავს ვალებს, ანუ კლუბს მოამზადებს ინვესტიციათა მოსაზიდად. კახა თარგამაძის განცხადებით, «დინამოს» პრივატიზებაში შემდგომ მონაწილეობა შეიძლება მიიღონ არველაძეებმაც და სხვა ინვესტორებმაც.
        თუმცა, მანამდე გასარკვევია 10 მილიონი დოლარის ბედი, რომელიც «დინამოს» უნდა მიეღო (წესით) დემეტრაძისა და კალაძის ტრანსფერებიდან. ზოგიერთი ცნობით, კალაძეში «მილანმა» - «კიევის დინამოს» 15 მილიონი დოლარი (!) გადაუხადა - ავტ.). აქედან ნახევარი თბილისის «დინამოს» უნდა რგებოდა. ეს თანხა არსად ჩანს. დემეტრაძის ტრანსფერი (შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით) 5-6 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. აქედანაც მნიშვნელოვანი წილი «დინამოს» უნდა მიეღო. ეს თანხები საბიუჯეტო თვალსაზრისითაც კი ძალზე მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.
        გარდა ამისა, თარგამაძე დარწმუნებულია, რომ შეძლებს კისერი მოუგრიხოს ხსენებული მგლების ხროვას.
        2004-05 წლებისთვის კი (უფრო ადრეც) შესაძლებელი გახდება თბილისის «დინამოს» ისეთ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც მასში ევროპელი მყიდველი (იქნებ რომელიმე დიდი საფეხბურთო კლუბიც) - ეს მიღებული პრაქტიკაა გვარიან თანხას გადაიხდის, ყოველწლიურად მილიონობით დოლარს დახარჯავს და «დინამოსთან» ერთად მთელი ქართული ფეხბურთის აღორძინებასაც შეუწყობს ხელს.

დილის გაზეით, 3 თებერვალი, 2001 წ.

მთელ გვერდზე