დაკა-დაკა ევროსაბჭოში - რუსეთმა სტრასბურგიდან შემოგვიტია
       

        იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ის, რაც გუშინ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხდა (რუსეთ-საქართველოს დეპუტაციათა გაწევ-გამოწევა მაქვს მხედველობაში), სულაც არ არის დამახასიათებელი ამ ორგანიზაციისთვის. ევროსაბჭო გაერო არ გახლავთ და თითქმის საერთოდ არ იხილავს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხებს.
        მისი ინტერესის ძირითადი საგანია ადამიანისა და ეროვნულ (ან რელიგიურ) უმცირესობათა უფლებების დაცვა. ძალიან ბევრს აღიზიანებს ის გარემოება, რომ მაგალითად ევროსაბჭო ყურადღებას არ აქცევს ასეულობით ათასი ლტოლვილის უფლებათა დარღვევას, მაგრამ შეუძლია თვეების განმალვობაში იმსჯელოს (და მკაცრი ზომებიც მიიღოს) ერთი, ცალკე აღებული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
        მაგრამ ამჯერად, დისკუსიის «აღმძრავი» უდავოდ რუსული დელეგაცია გახდა. მისმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი როგოზინმ,ა რომელიც სულ ახლახან სტუმრობდა საქართველოში, უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი ტონით გამოთქვა ცნობილი ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, რომ ჩვენ ვიფარავთ ტერორისტებს (იგორ გიორგაძე დაავიწყდა), რომ თბილისში მოქმედებს ჩეჩნეთის წარმომადგენლობა (ანალოგიური, აფხაზური წარმომადგენლობა მოსკოვში მას კანონიერად მიაჩნია) და ასე შემდეგ.
        რასაკვირველია, საპასუხოდ, ქართველმა დეპუტატებმა ისაუბრეს ჩეჩენ ლტოლვილებზე, რომელთა მიღებით საქართველომ თავისი ჰუმანიტარული მოვალეობა შეასრულა ცივილიზებული კაცობრიობის მიმართ. თუმცა, საბოლოოდ რაც არ უნდა ელაპარაკა დმიტრი როგოზინს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერას (საქართველოს დაბომბვაში) ვერ მოიპოვებდა. მას ასეთი მიზანი არც ჰქონია - მისთვის მთავარი იყო, ევროპაში თუნდაც გაეჟღერა «საქართველოს ტერორისტობის» თემას მაშინ, როდესაც ამერიკა და მთელი მსოფლიო ომისთვის ემზადება. მართლაც, არ არის გამორიცხული, მოსკოვმა მდგომარეობით ისარგებლოს და საქართველოს «დაარტყას». ყოველ შემთხვევაში, ამის ალბათობა დღეს ყველაზე მაღალია, 1999 წლიდან.
        თვით დმიტრი როგოზინი ცნობილი «დერჟავნიკი» და ჩვენი ქვეყნის «დაუძინებელი მეგობრის», კონსტანტინე ზატულინის ყოფილი თანაპარტიელია - შემდეგ ფული ვერ გაიყვეს და როგოზინმა «ცალკე» პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო.
        მისი შეხედულებები კი ზატულინის ფაშისტური ზრახვებისგან დიდად არ განსხვავდება. კომენტარი აქ ზედმეტია. რამდენიც არ უნდა ეყვირა რაგოზინს სტრასბურგში (მიაქციეთ ყურადღება, რუსებმა სტრასბურგში დემარში მაშინ მოაწყვეს, როცა პუტინი ბერლინში დასავლეთს ანტიჩეჩნურ მხარდაჭერას სთხოვდა), ევროპის საბჭო, ჩეჩნეთის პრობლემის გამო, საქართველოს არ დაუპირისპირდება.
        ოღონდ, იგი არც იმ შემთხვევაში გამოიდებს თავს მიანცდამაინც, თუ რუსეთი საქართველოს დაბომბავს. ევროპის საბჭო საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას (მკაცრი სანქციებით) მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების ცემა-ტყეპა. ამ მოტივით, შესაძლებელია საქართველო ათეულობით მილიონი დოლარით დააჯარიმონ. მაგალითად, საბერძნეთმა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევად მიიჩნიეს და საბერძნეთი 50 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.
        ჩვენგან განსხვავებით, ათენს ამ თანხის გადახდა არ გაუჭირდებოდა. საქართველოს რა ეშველება ასეთ შემთხვევაში - თავად განსაჯეთ. საეჭვოა, სტრასბურგმა ჩვენი საბიუჯეტო პრობლემები გაითვალისწინოს და ნაკლები თანხით დაგვაჯარიმოს. იგივე ითქმის საპატიმრო ადგილებსა და პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე.
        კი ბატონო, არ გადავიხდით, მაგრამ მაშინ გაგვრიცხავენ და რაღას შევდიოდით?!
       
       

დილის გაზეთი, 26 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე