ციფრების ლოგიკა
       

        ორიოდე დღის შემდეგ საქართველოში (და მითელს მსოფლიოში) ქრისტესშობიდან 2002 წელი დგება. ეს არის, ეგრეთ წოდებული «პალინდრომი», ანუ ციფრი, რომელიც ორივე მხრიდან ერთნაირად იკითხება. შემდეგი პალინდრომი დადგება 2112 წელს. უფრო შორეული, _- 2222 წელს, 3003 წელს და ასე შემდეგ.
        საერთოდ, «ციფრების თამაში» ქრონოლოგიაში ყოველთვის საკრალურად მიიჩნეოდა. არ არის შემთხვევითი, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლას, აგრეთვე «მრგვალ თარიღს» - ჩვენი წელთაღრიცხვის 1000 წელს ელოდნენ. შიშით ცახცახებდა მთელი მაშინდელი «ცივილიზებული» სამყარო: ბიზანტია, რომი და ევროპა - ბრიტანეთითურთ.
        მანამდე, - 666 და 999 წლები «სატანისტურად» მიაჩნდათ. ისევე, როგორც 1666, ხოლო 1999 წელს ჰოლივუდმა მორიგი «ბლოკბასტერი» გამოაცხო არნოლდ შვარცენგერის მონაწილეობით, რომლის სიუჟეტი «სატანის გამოცხადებაზეა» აგებული.
        რასაკვირველია, 2001 წელი,, წმინდა სიმბოლური თვალსაზრისითაც, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთის ბურთების «ჩახატვა» ორივე ორიანის (აქ სიტყვიერი «პალინდრომი» გამოგვივიდა) თავში: კორეა-იაპონიის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით. თუნდაც იმიტომ, რომ საოცარი დამთხვევით, ჩვენი თაობა ორ «ჰალინდრომს» მოესწრო: 1991-ს და 2002-ს. რა თქმა უნდა, «შემთხვევითობაა», მაგრამ მეტისმეტი ხომ არ არის? მით უმეტეს «9»-იანთან დაკავშირებულ სოაცრებათა გათვალისწინებით: 4 და 9 აპრილის (მეოთხე 9 აპრილი, ოღონდ 1884 წლისა - ამ დღეს იწყება «დათა თუთაშხიას» სიუჟეტის განვითარება), 9 მარტი, 9 თებერვალით, 29 აგვისტო და ასე შემდეგ.
        რაც შეეხება პირველ პალინდრომს, 1991-მა წელმა, დღევანდელი გადასახედიდან, ისევე «შემოსაზღვრა» ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი, როგორც 2002-მა. ღმერთმა ნუ ქნას, მომავალი წელი ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, როგორიც 1991. ამიტომ, ჯერჯერობით, მხოლოდ «პალინდრომულ» ათწლეულზე ვიმსჯელოთ უემოციოდ. მით უმეტეს, რომ ეს სამმაგი დამთხვევა აღმოჩნდა, ანუ არა მხოლოდ ის, რომ პალინდრომს დაემთხვა გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში (თანაც ორი «9»-ით აღნიშნულ წელს)! არამედ ისიც, რომ შემდეგ პალინდრომამდე ათი წელი იყო დარჩენილი, 2112 წლამდე ასათი და ასე შემდეგ.
        პალინდრომებით ქრონოლოგიურად შემოსაზღვრულ ათწლეულს კი, დამოუკიდებლობასთან ერთად, მრავალი ტრაგედია მოჰყვა: სამოქალაქო ომი, ეთნიკური შეფერილობის ორი რეგიონული კონფლიქტი (აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში»), დამოუკიდებელი სახელმწიფოს საბოლოო გაფორმება, საბაზრო ეკონომიკის დაფუძნება, თავისუფალი მედია, რამდენიმე მაშსტაბური ტერორისტული აქტი, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ.
        ნეგატიურ შედეგთა რიგს განეკუთვნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ტერიტორიების დაკარგვა, ასეულობით ათასი ლტოლვილი. თანაც, ამ პრობლემათა მოგვარების რაიმე კონკრეტული პერსპექტივაც არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, 2002 წელს მაინც, გარკვეულწილად, სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობა, რომელსაც რაციონალური საფუძველი (როგორც აღმოჩნდა) არ გააჩნდა, - «ორივე მხრივ» პალინდრომებით შემოსაზღვრული იყო.
        თუმცა, 2002 წელი ამ პროცესის ერთგვარ «დაგვირგვინებად» უნდა მივიჩნიოთ. თუ ინტუიცია არ გვღალატობს, გაისად საქართველოში სერიოზული ამბებია მოსალოდნელი: პრეზიდენტმა სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად «მოამწიფა» ვითარება რადიკალური ნაბიჯებისთვის. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით. ახალ ძალთა განლაგება პარლამენტში მას ამის საშუალებას უეჭველად მისცემს, ისევე როგორც ახალი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური განწყობა, რომელიც ცა და დედამიწასავით განსხვავდება 1991 წლის ჰალინდრომისაგან.
        შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ამ ათწლეულბში ჩამოყალიბდა და განისაზღვრა, ხოლო შემდეგ პალინდრომამდე (2112 წლამდე) სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მართლაცდა, რას მოესწრო ჩვენი თაობა (რომლის ნასახიც აღარ იქნება 2112 წელს) - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი იმპერიის რღვევას, ჰალეის კომეტას ყველაზე ახლოს დედამიწასთან და ერთდროულად ორ(!) პალინდრომს.

დილის გაზეთი, 29 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე