მოგველის ნინო ბურჯანაძის სანკტ-პეტერბურგული ბენეფისი
       

        საპარლამენტო წყაროთა ცნობით, ამ გიორგობას დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სანკტ-პეტერბურგში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომა იმართება.
        ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რუსეთის «ჩრდილოურ» დედაქალაქში საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მიემგზავრება, რომელშიც თითქმის ყველა ფრაქციის წარმომადგენლები იქნებიან. ნიშანდობლივია, რომ 5 წლის წინ, 1996 წლის თებერვალში, ზურაბ ჟვანიას პირველი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ვიზიტი სწორედ სანკტ-პეტერბურგში შედგა - დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე.
        ეს ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის - ვლადიმირ შუმეიკოსა და ვახტანგ გოგუაძის ინიციატივით დაარსდა. მაშინდელ ქართულ პარლამენტში დსთ-ის ასამბლეაში გაწევრიანების საკითხის გატანა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ამიტომ ვახტანგ გოგუაძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება და თავად განახორციელა. მას შემდეგ გრძელდება საქართველოს პარლამენტის ნელთბილი ურთიერთობა საპარლამენტო ასამბლეასთან. ყველაფრის მიუხედავად, საქართველო რჩება ამ ასამბლეის წევრად.
        თვით ეს «საპარლამენტო ასამბლეა» რუსებმა შექმნეს ისევ და ისევ პოსტსაბჭოურ სივრცეზე თავისი პრიორიტეტის დასადასტურებლად. ჰიპოთეტურად კი არც იმას გამორიცხავდნენ (დღესაც არ გამორიცხავენ), რომ ეს ასამბლეა დაადასტურებს ამ სივრცეზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას.
        ოცნება, რასაკვირველია, უმტკივნეულოდ შეიძლება. თუმცა, დღეს დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეა კვლავინდებურად რჩება «მოდელური კანონების» მიმღებ ფორმალურ ორგანოდ. ესე იგი, იღებს «მოდელურ კანონებს», რომლებიც შეიძლება გაითვალისწინონ სუვერენულ სახელმწიფოთა პარლამენტებმა, თუმცა, შეიძლება არც გაითვალისწინონ. საქართველოს (ისევე, როგორც ყველა სხვა «რესპუბლიკას») სანკტ-პნეტერბურგის თბილ ტავრიის სასახლეში უზარმაზარი დარბაზი აქვს. თუმცა, კვლავინდებურად, არ იხდის საწევრო გადასახადს
        ოღონდ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გადახდით არც სხვები იკლავენ მაინცდამაინ თავს. თუმცა, რუსები ინტერესს არ კარგავენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში უკვე გაისმა «ავტორიტეტული» წინადადებები სახელმწიფო სათათბიროს სანკ-პეტერბურგში გადატანის თაობაზე - სწორედ ამ «ტავრიის» სასახლეში.
        1996 წელს ასამბლეის პირველ სამიტზე (რომელშიც საქართველო მონაწილეობდა) სერიოზული სკანდალი მოჰყვა აფხაზეთის საკითხის განხილვას. შეგახსენებთ, რომ ის იყო რუსეთის მეორე «დუმის» ეპოქა - ყველაზე რეაქციულის და ანტიქართულად განწყობილის: სერგეი ბაბურინი, გიორგი ტიხონოვი, კონსტანტინე ზატულინი, სხვები და სხვები აშკარად ანტიქართულ აქციებს მართავდნენ,
        თუმცა, საბოლოოდ ძალიან უცნაური რამ მოხდა: ზურაბ ჟვანიამ შეძლო «გაეტანა» პროქართული რეზოლუცია: აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გენოციდის დაგმობით. ბევრს უკვირდა, რატომ დაუშვა რუსულმა დელეგაციამ ამ რეზოლუციის «გასვლა». როგორც ჩანს, რუსული მხარე დაინტერესებული იყო, შეენარჩუნებინა საქართველო ასამბლეაში. დაახლოებით, იგივე პრობლემები შეექმნება ნინო ბურჯანაძესაც. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მას სანკტ-პეტერურგში ძალიან დიდი ყურადღებით და თბილად მიიღებენ, ყოველნაირად შეეცდებიან, ხაზი გაუსვან მისდამი პატივისცემას, აფხაზეთის თემაზეც დაამტკიცებენ ჩვენთვის სასურველ რეზოლუციას-მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს შენარჩუნება სიმბოლურ ორგანიზაციაში უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე არაფრისმომცემი დოკუმენტის დამტკიცება.

დილის გაზეთი, 23 ნოემბერი 2001 წ.

მთელ გვერდზე