სერიოზულად და დიდი ხნით
       

        გუშინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა კომპანია ბრითიშ პეტროლიუმის პრეზიდენტი, ჯონ ბრაუნი.
        თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიის წლიური ბრუნვა აღემატება სნგ-ს ყველა ქვეყნის ბიუჯეტს ერთად აღებულს, მოვლენა ძალზე საყურადღებოდ შეიძლება ჩაითვლაოს. მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელიც ამჟამად ცდილობს გაიაროს ამერიკის გეოპოლიტიკური დაინტერესების სცილასა და რუსეთის იმპერიულ-დერჟავნიკული ამბიციის ქარიბდას შორის.
        BP-ს პრეზიდენტის ვიზიტმა დაადასტურა, რომ მართლაც გლობალური ენერგეტიკული გეგმების განხორციელება და მათში საქართველოს მონაწილეობა უკვე აღარ არის შორეული «პროექტი», როგორც 1992 წელს: როცა მარგარეტ ტეტჩერი ჩავიდა ბაქოში ნავთობის საკითხთა «დასაზვერად», მაშინ მას საქართველოში «შემოვლა» არც უფიქრია.
        დღეს თბილისში ჩამოსვლას უკვე აუცილებლად მიიჩნევენ. ჯონ ბრაუნმა განაცხადა კიდეც: ცოტა დავაგვიანეთ, «მაგრამ რაკი შემოვედით, შემოვალთ ძალზე სერიოზულად და დიდი ხნით».
        BP ორივე სტრატეგიული პროექტის ოპერატორია, ანუ არა მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, არამედ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენისა, თუმცა, გაზსადენის პროექტი შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა, ვიდრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.
        ჯონ ბრაუნის თქმით, პროექტი რენტაბელური და მომგებიანია როგორც კომერციული, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ ფორმულაში ლაკონურადაა ჩამოყალიბებული პრობლემის არსი, რომელიც, იმავდროულად, საქართველოს ისტორიულ შანსს ანიჭებს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი უახლოეს მომავალში შესამჩნევად აღარ დაეცემა, ვინაიდან ამერიკის გრანდიოზული ეკონომიკა კვლავაც განსაცვიფრებელი ტემპით იზრდება - ამერიკის შეერთებული შტატები წარმოებული ნავთობის 25 პროცენტს (!!!) მოიხმარს.
        გარდა ამისა, ჯონ ბრაუნი თბილისში თურქეთიდან ჩამოვიდა. სტამბოლში ყოფნისას მას დაათვალიერებინეს ბოსფორის სრუტე და აუხსნეს, რომ ეს სრუტე ვერაფრის დიდებით ვერ შეძლებს, გაატაროს ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის შელფის ნავთობის კოლოსალური მარაგი. რამდენიც არ უნდა იძახოს რუსეთმა, რომ ბოსფორში მოძრაობის შეზღუდვა «მონტრეს» კონვენციის დარღვევაა - ამით ვეღარაფერს გახდება. ეკოლოგიური პრობლემატიკა თანამედროვე მსოლფიო პოლიტიკის დომინანტი ხდება.
        გარდა ამისა, რუსეთი გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც აღარ არის პირველხარისხოვანი სიდიდე. ჯონ ბრაუნმა ედუარდ შეუარდნაძეს განუცხადა, რომ გასულ კვირას ვაშინგტონში შეხვდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის (ყოფილ თავდაცვის მინისტრს), რომელმაც დაადასტურა ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერა «ბაქო-თბილის-ჯეიჰანისადმი».
        როგორც ჩანს, «კავკასიური ნავთობსადენები» ჯორჯ ბუშ-უმცროსის ენერგეტიკული სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს სტრატეგია კი ენერგოკომუნიკაციათა დივერსიფიცირებას ითვალისწინებს, რათა არაბულ სამყაროსა და მსოფლიო კონგლომერატ «ოპეკ»-ს (აგრეთვე, რუსეთს) ზემოქმედების ბერკეტები და გლობალური კრიზისის პროვოცირების საშუალება აღარ ჰქონდეს.
        ამ მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის გუშინდელი წინადადება «შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების ქარტიის» შემუშავების თაობაზე.
        არ არის გამორიცხული, სწორედ ამ პარადიგმამ უფრო იმუშაოს, ვიდრე რუსეთთან ახალმა «დიდმა ხელშეკრულებამ».
        «დიდი ნავთობსადენის» მშენებლობა კი, ბრაუნის თქმით, წლის მიწურულს დაიწყება და დათქმულ ვადებში, ანუ 2004 წლის მარტისთვის დასრულდება.

დილის გაზეთი, 22 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე