მამა ბასილ მკალავიშვილი, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის პროდუქტი
           

            იეღოველთა სექტის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა ლოგიკურ ფინალს უახლოვდება - დაიწყო წიგნების დაწვით, დემონსტრაციებით, მშვიდობიანი პროტესტებით, შემდეგ ცემა-ტყეპა და სულ მალე მოხდება უარესი. ყოველ შემთხვევაში, მოვლენათა განვითარების ლოგიკური ვექტორი სწორედ ამ მიმართულებისაა.
            ბასილ მკალავიშვილმა ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს შეურიგდეს სექტების არსებობას საქართველოში და განზრახული აქვს მათ პრინციპულად ებრძოლოს. იგი თანხამა იქნება, თუ მხარს დაუჭერენ სახელისფლებო სტრუქტურები, მაგალითად - პოლიცია. ან, ყოველ შემთხვევაში, ხელს მაინც არ შეუშლიან. ესე იგი, არ დაიცავენ «სატანისტებს».
            პოლიცია ცდილობს ამ პროცესებში აქტიურად არ ჩაერიოს და ეს, რასაკვირველია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა სამინისტროს და ქალაქის განყოფილების ხელმძღვანელთა მხრიდან: თუ პოლიცია «დაიცავს» იეღოველებს მკალავიშვილის მომხრეთაგან, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება განდგომილი მრევლის მხრიდან დაპირისპირების გარეშე. ძნელი მისახვედრი არ არის, რა მოხდება შემდეგ: «მკალავიშვილის მოძრაობა» შეიძენს სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს, ანუ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ ერთ ფაქტორად იქცევა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სამართლისდამცველ ორგანშოთა მესვეურების ლოგიკა. სწორედ ამიტომ ხუჭავენ თვალს ყველაფერზე, რასაც მკალავიშვილი აკეთებს.
            ამგვარი ტაქტიკა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გამომუშავდება შესაბამისი ნეგატიური განწყობა «მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტების» მიმართ.
            თუმცა, ასეთი განსაზღვრებაც აბსურდია, ვინაიდან თვით მართლმადიდებლობაა ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გამოვლინება. აქედან გამომდინარე, მკალავიშვილის ფენომენის ნიველირიება და იგნორირება სრულიად შეუძლებელია. არც ის არგუმენტი (შეგონება) გაჭრის, რომ «სინამდვილეში ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) სიყვარულს ქადაგებს და არა ძალადობას». ასეთი არგუმენტებით მას ვერაფერს დააკლებ, ვინაიდან თუ გულწრფელნი და თანმიმდევრულნი ვიქნებით, ქრისტიანობა სწორედ «მოყვასის» სიყვარულს ქადაგებს და არა «სატანა-ლუციფერისას, რომლის ნაირგვარ განსახიერებათაგან ერთ-ერთია იეღოველთა სექტა».
            ხოლო სახარებისეული «იუდეველთა და ელინთა გარეშე...» სრულებითაც არ ნიშნავს რელიგიურ პლიურალიზმს. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეთნიკურ სხვაობას მართლაც არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ «ელინიცა და იუდეველიც» მართლმორწმუნე ანუ ქრისტიანია.
            სხვაგვარად თუ ვიტყვით, სრულებით ფუჭად დაშვრებიან ისინი, ვინც შეეცდება მკალავიშვილის ქმედების «სიმცდარე» ან «უმართებულობა» დაადასტუროს (დაამტკიცოს) ქრისტიანული პოზიციებიდან. «რწმენა საქმის გარეშე მკვდარია» - ეს მრისხანე შეგონება დაძლევს ყოველ ასეთ არგუმენტს.
            და ამ «ლოგიკით», ვერაფერს უპასუხებ მკალავიშვილს, თუ იგი გეტყვის, რომ სოდომსა და გომორშიც ყველა როდი იყო წაწყმედილი - მაგრამ უფალმა ყველა დასაჯა განმაწმენდილი ცეცხლით - განურჩევლად ცოდვა-ბრალის თუ ასაკისა.
            ზუსტად ასევე «რამდენიმე ათასი სულწაწყმედილი იეღოველის გამო, უფალმა მთელ საქართველოს რატომ უნდა მოუვლინოს მიწისძვრა თუ ათასი უბედურება - ჩვენ რატომ უნდა დავისაჯოთ მათი ცოდვისთვის?»
            იმქვეყნიერში მამაზეციერი კი განარჩევს ცოდვილთა და უცოდველთ ისევე, როგორც სოდომ-გომორის მცხოვრებთაგან განარჩევდა უმანკო ბავშვებს, მაგრამ აქ «ამქვეყნიურ» სასჯელზეა საუბარი. ბასილი მკალავიშვილი ნებისმიერ ქრისტიან მოპაექრეს ეტყვის, რომ თუ ის ჭეშმარიტი ქრისტიანია, ვალდებულია მასთან ერთად იბრძოლოს, რათა საქართველოს უფლის სასჯელი ააცილოს თავიდან.
            საპატრიარქოს «დუმილი» აქ არგუმენტად არ გამოდგება: ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, წმინდა სინოდს ან თვით ეკლესიის საჭეთმპყრობელს იეღოველები «სატანის მოციქულებად» არ მიაჩნია.
            უბრალოდ, ისინი ასეთ მეთოდებს არ (ვერ) იყენებენ, თორემ მათი განწყობა იდენტურია.
            ბასილი მკალავიშვილის მოქმედება საპატრიარქოს მიუღებლად მიაჩნია მხოლოდ თანმხვედრი, თანამდევი, არაპირდაპირ მასთან დაკავშირებული პორცესებისა და ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ არა თვისებრივად და არსობრივად.
            შეგახსენებთ: ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღო ბასილი მკალავიშვილის ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ვინაიდან თუ ისევ და ისევ ფუნდამენტალისტური (მართლმადიდებელი) პოზიციებიდან მივუდგებით საკითხს, ეკუმენისტური მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა ღვთის გმობა და სატანასთან მორიგების მცდელობა.
            ამ მოძრაობაში ხომ არა მხოლოდ კათოლიკეები არიან გაერთიანებულნი (ანუ მართლმადიდებელთა აზრით, ჯოჯოხეთის განაპირას დაწვისთვის განწირულნი), არამედ პროტესტანტებიც, რომელთაც XI საუკუნეში გახლეჩილი ქრისტიანული ეკლესიის ორივე განშტოებისთვის უეჭველი და ხელშეუხებელი დოგმები ხელჰყვეს.
            ამრიგად, სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემია მავანთა მცდელობა, ბასილი მკალავიშვილის მოქმედებას კონტრარგუმენტები მოუძებნონ ქრისტიანული შემწყნარებლობის პოზიციებიდან, აქაოდა: «ჩვენც ქრისტიანები ვართ, მაგრამ ასეთი რამ მიუღებელია ჩვენთვის». სინამდვილეში, ამ ფენომენის საწინააღმდეგო არგუმენტი სულ სხვა სიბრტყეში ძევს: ეს გახლავთ, სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო შეგნება, ჰუმანისტური ფასეულობები, ადამიანის უფლებათა დაცვა, ბოლოს და ბოლოს, ყბადაღებული «დემოკრატია», როგორც სახელმწიფოებრივი და სოციალური მოწყობის ფორმა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ეკლესიისა და «ერის» ანუ ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრ გამიჯვნას გულისხმობს.
            ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა: თუ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას ანუ დემოკრატიას, მაშინ სოციალურ ურთიერთობათა სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ პრინციპებს. ესაა ერთგვარი «სოციალური ჯებირების» სისტემა, როდესაც არც ერთ სეგმენტს არა აქვს უფლება და საშუალება, იქცეს დომინანტად.
            როგორ გაღიზიანებასაც უნდა იწვევდეს ამის თქმა, მაინც სრული ჭეშმარიტებაა, რომ «ჰუმანიზმის» (აქედან გამომდინარე, «ადამიანის უფლებათა») მსოფლმხედველობრივი დოქტრინა დასავლური ცივილიზაციის წიაღში წარმოიშვა კათოლიციზმსა და რეფორმაციას შორის ჭიდილში (XV-XVI ს.ს.), რისი ერთ-ერთი გამოვლენაც (ხელოვნებაში) «აღორძინება» გახლდათ.
            მართლმადიდებელ ცივილიზაციას კი ამ რეალიებთან შეგუება კიდევ უფრო უჭირს, ვიდრე კათოლიკურს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის, თუ გვინდა საქართვლეო იქცეს თანამედროვე, ცივილიზებულ (ანუ, «დემოკრატიულ») ქვეყნად.
            ბასილი მკალავიშვილი ალბათ ფანატიკოსია (აქ არ განვიხილავთ ვერსიებს მისი «აგენტობის» შესახებ), მაგრამ საკმოად ეშმაკურად მოქმედებს, მიაქციეთ ყურადღება: იგი უტევს მხოლოდ იეღოველებს. არას ერჩის კათოლიკეებს, ებრაელებს, მაჰმადიანებს, რომლებიც (მართლმადიდებლური აღქმით) «პირდაპირ ცეცხლში მიდიან».
            რატომ? იმიტომ, რომ მკალავიშვილის მიზანია ერთი მართლაც საკმოად «აბეზარი» და ზედმეტად აქტიური სექტის მაგალითზე შექმნას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი - ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა!
            არ დაიჯეროთ, თითქოს იეღოველთა «დანაშაული» მათი აქტიურობაა - სინამდვილეში ისინი «საშიშნი» არიან იმის გამო, რომ მართლმადიდებლობას საქართველოში მრევლის ნაწილს ეცილებიან, ანუ ახერხებენ იმას, რასაც ვერ ახერხებს ჩვენს ქვეყანაში ვერც კაოთლიციზმი და ვერც (მით უმეტეს) ისლამი.
            «იეღოველთა სექტამ» კი მრავალი კატაკლიზმის, სულიერი ტრავმის, სოციალური გაჭირვების შედეგად მოქანცული საზოგადოების ერთ ნაწილს ალტერნატივის ილუზია შეუქმნა, ანუ მისცა საშუალება «თავისუფალი არჩევანის» შედეგად ეგრძნო ერთგვარი «სულიერი შვება».
            დააკვირდით: იეღოველთა 99 პროცენტი ეთნიკური ქართველია. მათ ისარგებლეს «არჩევანის უფლებით», რაც სავსებით ბუნებრივია სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური თვალსაზრისით.
            ესე იგი, «იეღოველთა» დევნა სინამდვილეში განპირობებულია არა იმით, რომ ისინი ვინმეს «ავიწროვებენ» ან «ხსვის უფლებას არღვევენ», არამედ მათ მიერ შექმნილი ალტერნატივისა და «თავისუფალი არჩევანისადმი» შიშით.
            არადა, ეს შიში თვისებრივად სრულიად უსაფუძვლოა: მართლმადიდებლობა საქართველოში იმდენად ძლიერ ეროვნულ ტრადიციას ეფუძნება, მის «მოშლას» ვერანაირი სექტა ვერ მოახერხებს - თუნდაც აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანის პირობებშიც.
            საქმეც სწორედ ესაა: თავისუფალი არჩევანის არსებობა არათუ შეასუსტებს მართლმადიდებლობას საქართველოში, არამედ პირიქით- გააძლიერებს კიდეც მას. ამ პარადოქსის შესახებ ჯერ კიდევ დიდი ჯონ ლოკი წერდა: «ალტერნატივის არსებობა აძლიერებს ძირითადს». მაშინ, როდესაც აკრძალვას შედეგი არასდროს მოუტანია: იგი მხოლოდ ასუსტებს «ძირითადს» და ზრდის ალტერნატივის «ხიბლს».
            რასაკვირველია, მამა ბასილი მკალავიშვილისათვის (თუ იგი მართლა რწმენით მოქმედებს) ეს ყოველივე ჩვეულებრივი «კაბალისტიკაა» და სხვა არაფერი, მაგრამ მტკიცე ჯებირების აღმართვის გარეშე საქართველო იქცევა უცნაურ, არასიცოცხლისუნარიან ჰიბრიდად: ერთის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება (თავისუფალი არჩევანის განუყოფელი უფლებით) და მეორეს მხრივ, «მობილური თბილისური ინკვიზიცია».
            სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს ჩვეულებრივი ობივატელი ქმნის. ამ ცნებას კომუნისტურმა პროპაგანდამ შესძინა ნეგატიური ელფერი. არადა, სინამდვილეში, სწორედ იგია თანამედროვე ცივილიზაციის ცენტრალური ფიგურა. ქართველი ობივატელი, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში «მცირედმორწმუნე მართლმადიდებელია», გულგრილად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს და ვერ ხვდება, რა მალე და ადვილად შეურყევენ ცხოვრების წესს, - თუ ასე გაგრძელდა.
            რეალურად, იეღოველთა სექტის გაძლიერება ერთდროულად რამდენიმე თანმხვედრი თუ პარალელურად მიმდინარე პროცესის შედეგია: უპირველეს ყოვლისა, დევნა-შევიწროვებით, ფუნდამენტალისტებმა და «საზოგადო სიწმინდის» ქომაგებმა სწორედ იგი აქციეს (უნებლიედ) ალტერნატივად.
            გარდა ამის,ა ქართული საზოგადოება, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სულ უფრო პლიურალისტური ხდება, ხოლო პლიურალიზმის უმთავრესი თვისება მისი ყოვლისმომცველობაა.
            თუ პროცესი ნორმალურად წარიმართა, საქართველო, რა თქმა უნდა, დარჩება მართლმადიდებელ ქვეყნად ანუ ეს დიდი ეროვნული (მათ შორის, კულტურული) ტრადიცია შენარჩუნდება, ოღონდ იარსებებს ალტერნატივა, როგორც სოციალური «ოტდუშინა», რაც მხოლოდ გააძლიერებს «ძირითადს».
            ასე რომ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ფუნდამენტალისტები, სინამდვილეში, თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ, მართლმადიდებლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და «დედა ეკლესიის» გაძლიერებას აფერხებენ.
           

         დილის გაზეთი, 29 იანვარი, 2001 წ.
            ------------
           

ახალი სუბიექტები რუსეთს ჯერ არ სჭირდება
           

            საქართვლეოში დიდი ხმაური გამოიწვია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შემუშავებულმა და მიღებულმა კანონმა «რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტების მიღებისა და შექმნის» წესის შესახებ.
            ამჟამად რუსეთის ფედერაციაში 89 სუბიექტია. ამ ქვეყნის კონსტიტუცია იმთავითვე მოითხოვდა ახალი სუბიექტების მისაღებად ან შესაქმნელად (ეს ერთი და იგივე არ არის) სპეციალური კანონის შემუშავებას, თუმცა ელცინის ეპოქაში რუსეთმა ამგვარი რამ ვერ გაბედა, ვინაიდან გადაწყვეტილების აგრესიულობა (პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული ვითარების გათვალისწინებით) იმთავითვე ნათელი იქნებოდა.
            მაგრამ ამჟამად რუსეთში სხვა ხანაა - პუტინის «დერჟავის» აღორძინება დაიწყო და ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა, ამჟამად უკვე სავსებით შესაძლებელია.
            თუმცა, კანონის მიღება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თითქოს რუსეთი დღესვე ან ხვალვე მიიღებს «ფედერაციის შემადგენლობაში» აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთს».
            ჯერ ერთი, მას უბრალოდ ეს არ სჭირდება - რატომ შეიქმნას დამატებითი პრობლემები, აიტკივოს აუტკივარი თავი, როდესაც მნიშვნელოვან პროცესებს (საქართველოს ყოფილ ავტონომიებში) ისედაც მტკიცედ აკონტროლებს?
            რასაკვირველია, ესოდენ თავხედური და აგრესიული გადაწყვეტილება საერთაშორისო გაერთიანების შეშფოთებასა და აღშფოთებას გამოიწვევს, ვინაიდან ამით ძალზე საშიში პრეცედენტი შეიქმნება.
            «დაშინდებიან» აგრეთვე რუსეთის მეზობელი, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» წევრი ქვეყნები. თითქმის ყველა მათგანს აქვს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა შეიძლება წაგლიჯოს ამ კანონის მეშვეობით.
            რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს უეჭველად დაამტკციებს, მაგრამ მას აამოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს საერთაშორისო პრობლემებს არ შეუქმნის - მაგალითად, «ხელსაყრელ დროს», საქართველოში მორიგი სამოქალაქო ომის გაჩაღების შემთხვევაში, რაც გამორიცხული სრულებითაც არ არის - გარკვეულ ძალთა და ჯგუფთა «მზარდად პათოლოგიური» დაპირისპირების გათვალისწინებით.
            ოღონდ «ხელსაყრელ მომენტშიც» რუსეთი კანონის ამოქმედებას მხოლოდ ეგრეთ წოდებული «სამხრეთ ოსეთის» წინააღმდეგ თუ შეძლებს.
            კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ცხინვალელ ოს ანატოლი ჩეხოევს (იგი ამჟამად რუსეთის სხაელმწიფო სათათბიროს დეპუტატია) არაერთგზის უთქვამს: ოსების გულის წადილია, შექმნან ერთიანი «ოსეთის რესპუბლიკა - ალანია» - რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
            რაც შეეხება აფხაზეთს, რაოდენ მოულოდნელადაც უნდა ჟღერდეს ეს დებულება რუსი დერჟიმორდა-შოვინისტებისათვის, აფხაზ სეპარატისტებს (განსხვავებით, ოსებისაგან) რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არც უფიქრიათ.
            არძინბას მიზანია დააფუძნოს დამოუკიდებელი «აფსუანური სახელმწიფო», რომელიც საერთაშორისო სამართლისსუბიექტი იქნება.
            არძინბას, მასთან ერთად შამბებსა და «ცვიჟბებს», არაერთგზის უთქვამთ «აფხაზეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესაძლებლობას» - განურჩევლად იმისა, ეს «სხვა სახელმწიფო» რუსეთი იქნება თუ საქართველო.
            მქასიმუმი, რაც შეიძლება სოუხმში განიხილონ, არის «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» ან «რუსეთ-ბელორუსეთის» კავშირის შემადგენლობაში თანასწორუფლებიან სუბიექტად შესვლა. ოღონდ მას შემდეგ, რაც «აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი გახდება». რუსეთი კი კატეგორიულად არ არის დაინტერესებული აფხაზეთის დამოუკიდებლობით, ვინაიდანგ ასეთ შემთხვევაში, მას ძალზე სერიოზული პრობლემები შეექმნება ჩრდილ-დასავლეთ კავკასიაში, სადაც აფსუათა მონათესავე, ადიღელი ხალხები ცხოვრობენ.
            მაშასადამე, რუსეთი აფხაზეთის მიერთებით კია დაინტერესებული, მაგრამ არა მისი «დამოუკიდებლობით». აქედან გამომდინარე, კანონი (ჰიპოთეტურადაც კი) მხოლოდ «სამხრეთ ოსეთს» ეხება, ოღონდ (ვიმეორებ) მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ ტერიტორიის «მისაერთებლად» ხელსაყრელი ვითარება შეექმნა რუსეთს, ანუ მოახერხებს ამგვარი ვითარების შექმნას.

დილის გაზეთი, 29 იანვარი, 2001 წელი

მთელ გვერდზე