სეპარატისტები მორიგ «არჩევნებს» ატარებენ
       

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგი «წყალწყალა» განცხადებით გამოეხმაურა არძინბას ახალ აქციას. თბილისის მხრიდან კი საუკეთესო რეაქცია იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი განცხადება და შემდგომ ვითარების სრული იგნორირება, ვინაიდან მეტისმეტი ყურადღება ამ ეგრეთ წოდებული «არჩევნებისადმი» სწორედ სეპარატისტებს აძლევს ხელს.
        მათთვის ძალზე ხელსაყრელია რაც შეიძლება მეტი აჟიოტაჟი აფხაზეთში «მუნიციპალურ არჩევნებთან» დაკავშირებით - ამჯერად არა აქვს მნიშვნელობა, ნეგატიური თუ პოზიტიური ნიშნით.
        რასაკვირველია, ეს არჩევნები ფიქციაა - არანაირი თვითმმართველობა აფხაზეთში არ შეიძლება არსებობდეს, ისევე, როგორც მმართველობა ზოგადად:
        არძინბას ტერორისტული ბანდის თარეშს არც «ხელისუფლება» ჰქვია და არც «მართვა». გარდა ამის,ა ვლადისლავ არძინბა, ზოგიერთი ცნობით, ძალიან არის ავად.
        თავდაპირველად ეს ცნობები ჩვეულებრივი ჭორი ჩანდა. ისევე, როგორც 1992 წელს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია არძინბას დაბრმავებისა და სიკვდილის შესახებ. მაგრამ ამჯერად, საქმე უფრო სერიოზულადაა.
        თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად «ქმედითი» იქნება ეს ავადმყოფობა სეპარატისტთა ლიდერის «ამრასთან» გასტუმრების თვალსაზრისით.
        დადასტურებულია, რომ ამჟამად არძინბა აფხაზეთში არ იმყოფება (მაშასადამე, საყურადღებოა - არჩევნები უმისოდ ტარდება), იგი სწორედ ამიტომ არ შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანატოლი ზლენკოს.
        ვლადისლავ არძინბას მოსკოვში, საუკეთესო კლინიკაში რუსი ექიმები თავს დაჰკანკალებენ და ცივ ნიავს არ აკარებენ, ვინაიდან მოსკოვს ესოდენ ფასეული მოკავშირის დაკარგვა ნამდვილად არ უნდა.
        რაც შეეხება «მუნიციპალურ არჩევნებს» გალის რაიონში, სეპარატისტები ინფორმაციას არ ავრცელებენ, ვინაიდან სამურზაყანოში მათთვის სასურველი რეალობის შექმნა მაინც ვერ მოახერხეს.
        მეორეს მხრივ, უკრაინის გააქტიურება და ყირიმში მორიგი შეხვედრის ჩატარება უეჭველად მეტყველებს, რომ რუსულ «მშვიდობისმყოფლობას» ყავლი გაუდის.
        ანუ თბილისში სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადებიან. ამას სოხუმშიც გრძნობენ და «წინმსწრებ ზომებს» იღებენ, რათა ახალ რეალობასა და ახალ ფორმატს მომზადებულნი შეხვდნენ.

დილის გაზეთი, 12 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე