მიჯნაზე სვლა
       

        გასული კვირა თითქოს განსაკუთრებით რეზონანსული და, ასე ვთქვათ, «შემდგარი» პოლიტიკური მოვლენებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სწორედ ამ დღეებში შეიკრა «კვანძი», რომელიც მიმდინარე კვირას ხმაურით გაიხსნება უეჭველად.
        განსაკუთრებით ნიშანდობლივია მოლაპარაკებები პარადიგმით «არაუმრავლესობა - უმცირესობა» საარჩევნო მოდიფიკაციათა თაობაზე.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მრავალგზის ნამუსახდილი «საარჩევნო კანონმდებლობა» საერთოდ, ტრაგიკომიკურ ხასიათს იძენს. როგორ შეიძლება, საარჩევნო პრინციპები ყველა არჩევნების წინ იცვლებოდეს და იმის მიხედვით «დგებოდეს», თუ როგრია ე.წ. «ძალთა» შორის ბალანსი?
        რაც შეეხება «ფიცვერცხლნაჭამობით» შედუღაბებულ ოპოზიციას - კი ჭამეს, მაგრამ ერთმანეთს მაინც ეჭვით უყურებენ.
        მაგალითად, უკვე 7 თვეა საუბრობენ «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის» გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ზოგიერთი იმასაც ბედავდა, რომ ამ მოტივით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადატანის საკითხსაც სვამდა, მაგრამ მაინც რა ძალა აქვს კოლექტივს - ბოლოს «ფრონდა» მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორის მეთოდებით აღიკვეთა (ზოგი ავარიაში მოყვა, ზოგს პოლიცია აედევნა) და ბოლოს ეს ჩვენი ოპოზიცია პიონერული ეპოქის რაზმეულს დაეამსგავსა - პიონერხელმძღვანელს რომ პატაკს აბარებდა და «მარშიროვკას» აწყობდა სკოლის დირექტორის თვალთგასახარად: «მარჯვენისაკენ, მარცხნისაკენ».
        არადა, რა ისეთი ძნელი მისახვედრია, რომ თუ დღევანდელ პირობებში რაიონულ დონეზე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ეს ნიშნავს ამ ინსტიტუტის (და მასთან ერთად რაიონული რგოლის) ლეგიტიმაციასა და ინსტიტუციონალიზაციას. ამის შემდეგ ქვეყნის «ადმინისტრაციულ-ტერიტორიული» მოწყობისა და რეგიონალიზაციის პროცესში რაიონების გაუქმება ისეთივე რთული იქნება და იგივე შედგები მოყვება, როგორც ნებისმიერია ავტონომიისას.
        არადა, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რაიონის გამგებლის არჩევას ის ხალხიც და ის პარტიებიც მოითხოვენ, რომელთა «რეგიონალიზაციის პროექტში» რაიონი (როგორც ასეთი) საერთოდ აღარ ფიგურირებს, - არსებობს მხოლოდ თვითმმართველობა და რეგიონი (ოლქი და ა.შ.).
        შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: მმართველ პარტიას საბოლოოდ გადაეწურა «კაბინეტის» შემოღების იმედი და შეიმუშავა სრულიად განსხვავებული ალგორითმი «ლოკალურ არჩევნებთან» დაკავშირებით: შეომდგომაზე ჩატარდება არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ დონეზე (სოფლებში, დაბებში, თემებში, პატარა ქალაქებში), სრულად იქნება დაცული ევროსაბჭოს მოთხოვნები «რეალურ უფლებამოსილებათა» თაობაზე - თვითმმართველობას ეძლევა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო უფლებამოსილება, ფუძნდება ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა «გამოთანაბრებითი ტრანსფერი» და «არამიზნობრივი სუბსიდირება» (პოსტსაბჭოურ რეალიებში სრულიად არნახული რამ). რაც მთავარია, არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული, არამედ, მაჟორიტარული წესით (ესეც ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, მაგრამ მას ოპოზიცია საერთოდ არ ახსენებს, ვინაიდან არც თუ ეპიტნავება), ხოლო დედაქალაქში, გარდა დანიშნული მერისა, იარსებებს ქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მთავრობა, რომელიც უკვე საკრებულოს წინაშეც იქნება ანგარიშვალდებული.
        იმავდროულად, ხელისუფლებამ საკმაოდ მახვილგონივრული გამოსავალი იპოვა ევროსაბჭოს რეკომენდაციათა «გადასალახავად», რომლებიც თვითმმართველობის ყველა დონეზე არჩევითობას ითვალისწინებდნენ.
        საქმე ის გახლავთ, რომ ევროპელი ექსპერტები იოტისოდენად არ აყენებენ ეჭვქვეშ მმართველობითი სტრუქტურების არსებობის აუცილებლობას როგორც თავისთავად, დამოუკიდებლად, ასევე პარალელურად.
        «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერებმა ოსტატურად ისარგებლეს და მიაღწიეს ევროსაბჭოსთან კონსენსუსს უმთავრეს საკითხში: რაიონი (როგორც ასეთი) ცხადდება გარდამავალ რგოლად. გამგებლის დანიშვნა ხორციელდება იმ აზრით და იმ კონტექსტში, რომ შესაბამისი კანონპროექტი შეიცავს იმპერატიულ დებულებას: დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია (პრეზიდენტის თავმჯდომარეობით), რომელიც 2002 წლის ბოლომდე შეიმუშავებს და სამსჯავროზე გამოიტანს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კონცეფციას. კონცეფციამ კი შეიძლება გაითვალისწინოს რაიონები (ასეთ შემთხვევაში მოხდება რაიონული თვითმმართველობის ჩამოყალიბება გამგებლების არჩევით, მაგრამ იმავდროულად, შეიქმნება მმართველობის სამხარეო რგოლები) და შეიძლება აღარც გაითვალისწინოს - რაიონები დაიშალოს, შეიქმნას ოლქები, რეგიონები და ა.შ.
        ისმის კითხვა: განურჩევლად «მოქალაქეთა კავშირის» მერკანტილური და პარტიული ინტერესებისა, განა საკითხის ასე დასმა უფრო ლოგიკური და ელემენტარულად გონიერი არ არის, ვიდრე იმ პარტიათა დაჟინება «გამგებლების არჩევის» შესახებ, რომლებიც თვისობრივად რაიონთა არსებობის წინააღმდეგნი არიან?
        ასეთივე «ცოდვის ტრიალია» საარჩევნო კანონთან თუ კოდექსთან დაკავშირებით: «არაუმრავლესობა» - «უმრავლესობას» სთავაზობს საარჩევნო კომისიათა იმგვარ დაკომპლექტებას, როდესაც უმრავლესობა აღმოჩნდება უმცირესობაში - კონსოლიდირებულ ოპოზიციასთან შედარებით.
        თუ «მოქალაქეთა კავშირი» თვითმკვლელებისა და მაზოხისტების პარტიაა, რათა თავად ჩაიტარონ ხარაკირი ან «მეგობარ ოპოზიციონერს» ჩაატარებინონ, - მაშინ კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ამდაგვარი, ჯერჯერობით, არაფერი ეტყობათ.
        ამიტომ «ობიექტური არჩევნების» ჩასატარებლად აუცილებელია არა საარჩევნო კომისიათა მაქსიმლაური პოლიტიზება, არამედ, პირიქით, მაქსიმალური დეპოლიტიზება და პროფესიული საარჩევნო კომისიების შექმნის მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება არც თუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ «არაუმრავლესობის მიზანია არა სამართლიანი არჩევნები, არამედ, ისეთი ცსკ-ს შექმნა, სადაც უკვე თვითონ მიეცემათ შესაძლებლობა არაობიექტური და ტენდენციური გადწყვეტილებების მიღებისა. თანაც, არა მხოლოდ «მმართველი პარტიის», არამედ, შესაძლო კონკურენტი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.
        შესაბამისად «მოქალაქეთა კავშირმა» ალტერნატიული წინადადება შემოიტანა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ კონსულტაციებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი; 6 წევრს ნიშნავენ პარტიები, რომლებმაც ბოლო არჩევნებში გადალახეს 3 პროცენტიანი ზღვარი, 6 წევრს ნიშნავს პარლამენტი (3-3-ს «უმრავლესობა» და «არაუმრავლესობა»), ხოლო 6 ადგილი დარეზერვებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისათვის.
        ჯერჯერობით უცნობია, დაეთანხმება თუ არა «ოპოზიცია» ამ პროექტს. ალბათ, არა - ისევ და ისევ «ფიცვერცხლნაჭამობის» ინერციით. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის.
        ყველაზე საინტერესო საკითხია «საარჩევნო კომისიაში» ავტონომიათა წარმომადგენლობა. დღეს არსებული მოდელით, ავტონომიათა ხელმძღვანელები თითო წარმომადგენელს ნიშნავენ. კომიკურია, რომ უკანასკნელი კონსულტაციების დროს «არაუმრავლესობამ» ამ წესის გაუქმება მოითხოვა, რადგან თუ ავტონომიის ლიდერს უნდა ჰქონდეს უფლება, დანიშნოს წარმომადგენელი, მაშინ როგორ შეიძლება იგივე უფლება წაართვა პრეზიდენტს?
        ეს კი მთლიანად შლის კონცეფციას. როგორც ჩანს ამ ამბავმა ჯერ ბათუმამდე ვერ ჩააღწია, თორემ იქედან დაუცახცახებენ ერთს და კვლავ შეუდგებიან «მარშირებას»: ლევოი, ლევოი, ლევოი»!
        თბილისის მერის არჩევაც გამოირიცხა. მრავალმნიშვნელოვნად გაიჟღერა ფრაზამ, რომ პირველად «პარიზის მერი (თავისთავად საკმაოდ საინტერესო ფაქტია 200 წლოვანი დემოკრატიისათვის) აირჩიეს 1982 წელს. და პარიზის პირველი «არჩეული მერი» დღეს საფრანგეთის პრეზიდენტია.
        აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: თბილისის მერის (ანუ, ფაქტობრივად, მომავალი პრეზიდენტობის ყველაზე სერიოზული კანდიდატის) არჩევა უეჭველად დაშლის და გაანადგურებს «არაუმრავლესობის კონგლომერატს», ვინაიდან თითოეულ სუბიექტს საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
        ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ძალზე სერიოზული შანსები აქვს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, იბრძოლებს დავით სარალიძე («მრეწველებიდან»); ვახტანგ რჩეულიშვილი («სოციალისტები») ჯერ კიდევ 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნებისას აცხადებდა პრეტენზიას დედაქალაქის თავკაცობაზე.
        მაშინ საინტერესო რამ მოხდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ რჩეულიშვილს არჩევნებში მეორე ადგილზე გასული «ლეიბორისტების» მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ შალვა ნათელაშვილმა «იტკიცა» (არც თუ უსაფუძვლოდ): ჩვენი წარმატება სხვას რატომ უნდა ჩავაბაროთო და თვითონ მოინდომა «გასვლა», მაგრამ ვახტანგ რჩეულიშვილმა იუარა, ამ ამბავმა, საშინელი სკანდალი კინაღამ არ გამოიწვიოა ამ ჩვენს სახელოვან და საამაყო «ოპოზიციურ კოალიციაში», მაგრამ ყოველივე, უკანასკნელ ჟამს, ბათუმში გამართული ბუდუარული მოლაპარაკებისას გადაწყდა: «ლეიბორისტი, მაგრამ არა შალვა» - ასეთი იყო რჩეულიშვილის ვერდიქტი.
        მცირე ხნის შემდეგ, ვახტანგ რჩეულიშვილმა შალვა ნათელაშვილს «შარვალგამოხეული მშიერი სოფლელი ბიჭუნა» უწოდა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, ხოლო «ლეიბორისტთა ლიდერს» დღეს უეჭველად ექნება პრეტენზია, გახდეს თბილისის მერი, რაკი დარწმუნდა, რომ სამი წლის წინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა უდავოდ უზრუნველყოფდა სტაბილურობას მის პარტიაში და საკმოად მძლავრ წარმომადგენლობას - პარლამენტში.
        ამ ვითარებაში გამორიცხულია პრეტენზია არ გაუჩნდეთ «ტრადიციონალისტებს», თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილ «ეროვნულ-დემოკრატებსა» და «სახალხოელებს».
        ეს უკანასკნელნი «ზედაპირზე დასარჩენად» ჯუმბერ პატიაშვილსაც კი დაუახლოვდნენ და რაღა გასაკვირია, თუ «ანგაჟირებისათვის» თბილისურ მარათონში მიიღონ მონაწილეობა».
        მიუხედავად ამისა, ყველაზე სერიოზული შანსი მაინც თბილისის დღევანდელ მერს, ვანო ზოდელავას აქვს, ვინაიდან ელექტორატი დაიღალა უაზრო ლაქლაქით და მის ფსიქოლოგიურ დომინანტად იქცა, მხარი დაუჭიროს იმას, ვინც რეალურად აკეთებს საქმეს.
        მაგრამ «თბილისური კარუსელი» ჯერჯერბით არ გველის, ვინაიდან ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გადაწყვეტამდე წარმოუდგენელია პარლამენტმა მიიღოს კანონი «დედაქალაქის შესახებ», რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს არჩევნები.
        როგორც ჩანს, ბობოქარი კვირა დაიწყო. ოპოზიცია არათუ არც ერთი კანონის («თვითმმართველობისა» და «არჩევნების» შესახებ) განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას, არამედ, შესაძლოა, დატოვოს პარლამენტი პროტესტის ნიშნად საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ეს დემარშის სახეს მიიღებს, ვინაიდან საგაზაფხულო სესიას მოსდევს ხანგრძლივი საპარლამენტო არდადეგები და მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებში თუ განაახლებს მუშაობას საკანონმდებლო ორგანო.
        «რუსეთის ბაზრის» შესანარჩუნებლად, როგორც კაპიტალისტური კვლავწარმოებისა და «ვალიუ აიდ»-ის სტიმულირებისა, - საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოებრივი (ანუ საბაჟო, ფინანსური და ა.შ.) სივრცის შესანარჩუნებლად უნდა გვებრძოლა 1988 წლიდან ისეთივე გააფთრებით, როგორც მის დასანგრევად ვიბრძოდით.
        არაერთგზის ითქვა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არა ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს «მემარჯვენე ალტერნატივა». თუ ალტერნატივაზეა ლაპარაკი, იგი შეიძლება მხოლოდ მემარცხენე იყოს, ხოლო «ახალ მემარჯვენეებს» თუ სიფრთხილე და წინდახედულობა არ ეყოფათ, შეიძლება თავად უზრუნველყონ «მძვინვარედ აგრესუილი მემარცხენეების» მოსვლა ხელისუფლებაში და (რაც მთავარია) ქართული ელექტორატის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, იმათ ვეღარც დაუპირისპირდებიან, ვინაიდან უეჭველად შეახსენებენ ამჟამინდელ ბრძოლას «რეფორმატორთა გუნდთან».
        თანაც შეახსენებენ სწორედ «ძველ-ახალი» მემარცხენეები.
       
       

დილის გაზეთი, 18 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე