ანტიკორუფციული «თორმეტკაცა» - უმანკოთა საკრებულო
       

        პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადების თანახმად, საქართველოში რეალურად იწყება ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. რამდენიმე ჩინოსანი უკვე დაპატიმრებულია, სხვებს იგივე ელით, ვინაიდან «პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონტროლის პალატის» პორტფელში კვლავაც უამრავი საქმეა.
        როგორც ჩანს, უახლოეს მომავლაში ანტიკორუფციული ღონისძიებები გაგრძელდება და ახალ ფორმებს მიიღებს «ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს» შექმნა მოვლენათა ლოგიკაში სრულად თავსდება.
        თავდაპირველად, საუბარი იყო სპეციალურ კომისიაზე, რომელიც საგამოძიებლო ფუნქციას იკისრებდა. მის ხელმძღვანელად ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპეციალისტი, ჯემალ გახოკიძე მოიაზრებოდა, მაგრამ პრეზიდენტი ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამგვარი ორგანოს შექმნა დაარღვევდა სახელისუფლებო ბალანსს.
        ამდენად, მან სხვა ტაქტიკა აირჩია - იგი უფრო მიზანშეწონილი და გონივრული შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური სიტუაციისა და ყველა სხვა მომენტის გათვალისწინებით.
        მით უმეტე,ს რომ პრეზიდენტს კვლავინდებურად შეუძლია «ეროვნული უშიშროების საბჭოს» მეშვეობით მნიშვნელოვანი პროცესების ინიცირება მოახდინოს, უშიშროების საბჭოში (რომლის მნიშვნელობა და გავლენა თვალნათლივ იზრდება) არსებობს სპეციალური სამსახური «კორუფციის წინააღმდეგ», რომელსაც ეყოფა გავლენა, რათა მიუთითოს შესაბამის ორგანოებს, რომელი მიმართულებით განახორციელონ ძალისხმევა.
        ამრიგად, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ სხვა საგანგებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის, სამაგიეროდ, აუცილებელია ანტიკორუფციული საქმიანობის შესაბამისი «საზოგადოებრივი» უზრუნველყოფა, რათა იგი არ აღიქმებოდეს მხოლოდ ერთი პიროვნების (პრეზიდენტის) ინიციატივად.
        ამას, თავის მხრივ, სრულიად კონკრეტული მიზეზი აქვს: ედუარდ შევარდნაძემ შესანიშნავად იცის (ახსოვს), რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისეთ ქვყეანაში, როგორიც საქართველოა, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების ფართო ფენათა უკმაყოფილება.
        იგი მოიცავს არა მხოლოდ ცალკეულ ჩინოსნებს, არამედ სოციუმის მნიშვნელოვან პლასტებს. ქართული საზოგადოება თხემით ტერფამდე, საძირკვლიდან ელიტამდე კორუფცირებულია; ჩვენთან კორუფცია ცხოვრების წესია, კონტრაბანდული სიგარეტი ისევ იყიდება, როგორც უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, დაუჯერებელია თითქოს, მაგრამ ფაქტია: 5-6 ათას დოლარად ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის ყიდვა შეიძლება.!!! სულ მალე, ალბათ, ეს ორი საქონელი ბაზრობებზე ერთად გაიყიდება - ფალსიფიცირებული ბორჯომისა და ლიმონათის გვერდით.
        მიაქციეთ ყურადღება - შევარდნაძეს არაერთგზის უთქვამს, რომ კორუფციულ საქმიანობაში ჩართულია ასეულობით ათასი ადამიანი, - კონტრაბანდაც ხომ კორუფციის ფორმაა, ისევე, როგორც «გრანტების» განაწილება. შეუძლებელია შეეხო კონტრაბანდულ ჯაჭვს ისე, რომ დასაჯო კორუფცირებული ჩინოსანი, მებაჟე, ან პოლიციელი, და არ შეეხო ათასობით ადამიანს, რომელიც ამ კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციით შოულობს ლუკმა პურს.
        ანალოგიური მდგომარეობაა უკლებლივ ყველა სფეროში. სამწუხაროდ, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უპირველესად, ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას აწყდება. მაგალითად, საკმარისია ხელი ახლო «წვრილ კონტრაბანდისტს», რომ უმალვე იქმნება სტერეოტიპი: «საწყალს, ორი კოლოფი სიგარეტი მოჰქონდა (სინამდვილეში, ორი ყუთი) და ის დაიჭირეს მაშინ, როდესაც ბობოლა ჩინოსნები მილიონებს იპარავენ და . . . . «.
        ვერაფრის დიდებით ამ საზოგადოებას ვერ შეაგნებინებ, რომ, სინამდვილეში, «კორუფციული მილიონები» სწორედ იმ წვრილ-წვრილი პარტიებისაგან შედგება. «ჭუჭყიანი ფული» მოძრაობს ქვემოდან - ზევით და, თუ «საფუძველში» არ გადაჭრი», შემდეგ მასთან ბრძოლა და მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება.
        «ელიტარული კორუფცია» კი არასდროს ხორციელდება კანონის აშკარა დარღვევით - იგი ყოველთვის «კანონიერებისა და უკანონობის» (ფორმალურ) ზღვარზე არსებობს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, «კორუფციული პირამიდის» მწვერვალს ვერასდროს მისწვდები, თუ ქვემოდან არ დაიწყე.
        «საფუძვლიდან დაწყება» კი წამგებიანი და საშიშია, ვინაიდან ზრდის სახელმწიფოში უკმაყოფილოთა რიცხვს.
        არ არის შემთხვევითი, თუ საქართველოში «წვრილმანი კორუფცია» საერთოდ, არ ისჯება. მაგალითად, «კონსტრაბანდის» ძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ღირებულება 200 დოლარს აჭარბებს, მაგრამ განა ერთ «რეისზე» 150 დოლარის გასაკეთებლად ვინმე იტყვის უარს ერგნეთში გამგზავრებაზე?!
        ზემოთქმულის გათვალისწინებით, ძნელი განსაჭვრეტი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები «ანტიკორუფციულ საკოორდინაციო საბჭოსთან» დაკავშირებით.
        საბჭოს ყოველი წევრის პიროვნულ პატიოსნებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. თითოეული მათგანი, მართლაც, პიროვნულად პატიოსანი ადამიანი, სიკეთის (კორუფციის დამარცხების) ქმნასაც გულწრფელად მოინდომებს, მაგრამ მთლიანობაში «საბჭო» ვერაფერს შეძლებს; სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოების მენტალური თავისებურებებიდან გამომდინარე, მას აზრადაც არ მოუვა დაიწყოს «ქვემოდან», ძირის-ძირობიდან, ანუ წამოაყენოს ისეთი წინადადება, რაც არაპოპულარულია მოსახლეობაში და ფართო ფენების უკმაყოფილებას გამოიწვევს.
        მაგალითად, გადასახადების დამალვისათვის სასჯელის გამკაცრება, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის დამალვისთვის, რაც არა მხოლოდ თითო-ოროლა ოლიგარქს, არამედ ისევ და ისევ ასეულობით ათას ადამიანს ეხება.
        გამორიცხულია, «საკოორდინაციო საბჭომ» ასეთი რეკომენდაცია მისცეს პრეზიდენტს. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს «საბჭო» გადაჰყვება მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესწავლას (სადაც, რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს აღმოაჩენს) და ზოგად ლაპარაკს იმის შესხაებ, რომ «სასახლეები უნდა დაინგრეს», მაგრამ როგორც კი კონკრეტულ პიროვნებებზე, საირმის გორაზე აშენებულ კონკრეტულ სახლებზე მიდგება საქმე, ამ სახლის მეპატრონეს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველა საჭირო საბუთი აღმოაჩნდება, რომ ეს სახლი ბებიის მემკვიდრეობით ააშენა.
        გარდა ამისა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საირმის გორაზე აშენებული 10 სასახლიდან 7 - ცნობილ ბიზნესმენებს ეკუთვნის და არა «თანამდებობის პირებს».
        შესაბამისად, ვშიშობთ, რომ «ანტიკორუფციული თორმეტკაცას» საქმიანობა მხოლოდ ფუჭი, ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება, სრულიად არაფრის მომცემი ძიებებით იქ, სადაც არ არის კორუფციის თავიდათავი. მას აზრად არ მოუვა, ებრძოლოს საქართველოში კორუფციული პირამიდის საფუძვლებს და ლუკმაპური მოაკლოს ათეულობით ათას ოჯახს, ვინაიდან ეს გაცილებით ძნელი და საშიშია, ვიდრე პოპულიზმი «საირმის გორის» შესახებ.
        სამაგიეროდ, «თორმეტკაცას» წევრები ამ საქმიდან სუფთანი გამოვლენ - ქრთამს არ აიღებენ (ალბათ, არც შეაძლევთ ვინმე) და ისე დაასრულებენ მოღვაწეობას, რომ საკუთარ სინდისთან მართლები ქნებიან. მაგრამ კორუფციას ამით არაფერი ეშველება.
        პრეზიდენტი კი ვერ მიაღწევს მთავარ მიზანს (რისთვისაც შექმნა ჯერ «შვიდკაცა», შემდეგ კი «თორმეტკაცა») - რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი საზოგადოების მისწრაფებად აქციოს და არა მხოლოდ ხელისუფლების ამოცანად.
        აბა, ხომ არ შეიძლება საზოგადოება საკუთარ თავს ებრძოლოს?

მერიდიანი, 25 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე