«თორმეტკაცას» პირველი მოჰიკანი
       

        გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას «ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს» ხელმძღვანელად მირიან გოგიაშვილის დანიშვნის შესახებ. მირიან გოგიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. მან ამ პოსტზე ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი - ვანო ჩხარტიშვილი შეცვალა. პირველი ძალაუნებური ასოციაცია გვაგონებს, აგრეთვე, სკანდალურ სცენას პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომიდან, როდესაც გიორგი ბარამიძესა და ომარ გოგიაშვილს (მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთ ლიდერს) შორის მწვავე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა, მირიან გოგიაშვილისადმი პრეტენზია არავის ჰქონია. იგი არ არის დაკავშირებული რომელიმე დაჯგუფებასთან და, ხსენებული ინციდენტის გათვალისწინებით, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება - მათ შორის, არც მმართველ პარტიასთან.
        ამრიგად, პრეზრიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკურად არაანგაჟირებული ფიგურის სასარგებლოდ, რომელსაც, იმავდროულად, მაღალი დონის ეკონომიკური განათლება და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება აქვს მიღებული იაპონიასა და ამერიკაში.
        იმთავითვე ფუჭი აღმოჩნდა წინასწარმეტყველებანი, თითქოსდა პრეზიდენტი ამ პოსტს რომელიღაც პოლიტიკოსს (მათ შორის, ასახელებდნენ პარლამენტის გარეთ დარჩენილ პოლიტიკანებს) მიაკუთვნებდა.
        არადა, წარმოუდგენელია, ედუარდ შევარდნაძეს ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და «საკოორდინაციო საბჭოს» თავმჯდომარის თუ კოორდინატორის პოსტი პოლიტიკური სპეკულაციების ასპარეზად ექცია. თანაც ისე, რომ პოსტი თვით ხელისუფლების საწინააღმდგეოდ გამოყენებულიყო და იმგვარი შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს პრეზიდენტის ნება ამ ორგანოს ფორმირებისას გადამწყვეტი არ არის.
        ამრიგად, პოლიტიკოსის დანიშვნა «კოორდინატორად» იმთავითვე გამორიცხული იყო, მაგრამ მირიან გოგიაშვილისთვის ეს პოსტი შესაძლოა, პირველი ნაბიჯი გამოდგეს «დიდი პოლიტიკის» ასპარეზზე. გააჩნია, როგორ გაართმევს თავს საკმოად რთულ ამოცანას. ოღონდ, ვიდრე აქ «პოლიტიკური კაპიტალი» დაგროვდება, საკმაოდ დიდი დრო გაივლის, თანაც «კორუფციის წინააღმდეგ» ბრძოლა დანაღმული ველის გავლას ჰგავს. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ გაივლის ამ ველს მირიან გოგიაშვილი, ვისაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დღემდე საქმე არ ჰქონია.
        დანიშვნა მიახლოებით შთაბეჭდილებას ქმნის იმაზეც, თუ როგორ ფიგურებს დანიშნავს პრეზიდენტი საკოორდინაციო საბჭოს «რიგით» წევრებად. ყველა მათგანი იქნება ისეთივე არაანგაჟირებული და ნაკლებგამაღიზიანებელი ფართო საზოგადოებისათივს, როგორიც მირიან გოგიაშვილი.
        ეს არ გამორიცხავს ცნობილი მოღვაწეების, მეცნიერებისა და თვით ზოგიერთი «საჯარო ფიგურის» გამოჩენას საბჭოში. ორგანო პრეზიდენტთან იქმნება. მთელ პასუხისმგებლობას პრეზიდენტი კისრულობს. ედუარდ შევარდნაძეს, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის «გადანაწილება» რომ სდომოდა, საბჭოს ხელმძღვანელად არა უბრალოდ საჯარო ფიგურას დანიშნავდა, არამედ გავლენას მოწყურებულ ანგაჟირებულ პოლიტიკოსს.
        ამ ლოგიკური ჯაჭვიდან უდავოდ გამომდინარეობს დასკვნა, რომ შევარდნაძემ, როგორც ჩანს, მართლაც გადაწყვიტა «ცეცხლითა და მახვილით» მიჰყვეს ბიუროკრატიულ პირამიდას. არანაირი «საკვლევი ორგანო» მას საამისოდ არ სჭირდება. სრულ ინფორმაციას, თუ რა ხდება ამა თუ იმ სფეროში, «საკოორდინაციო საბჭოს» შექმნამდე ფლობდა, მაგრამ სჭირდებოდა ორგანო, რომელიც, საზოგადო აღქმის თვალსაზრისით, «ლეგიტიმურობას» შესძენდა მკაცრ გადაწყვეტილებებს.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებამდე ძალზე საინტერესო მოვლენებს უნდა ველოდოთ, მრავალი კორუფცირებულის «თავი დაგორდება», მირიან გოგიაშვილის «იმიჯი» კი კლანებს ამ პროცესთა პოლიტიზების საშუალებას არ მისცემს.
        სწორედ ეს შტრიხი სჭირდებოდა ამჟამინდელ ვითარებას. «საკოორდინაციო საბჭო» იმთავითვე გადაეშვება ქონების საბოლოო გადანაწილების უმოწყალო პროცესში, რომელიც, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, უსისხლოდ მიმდინარეობს.
        «კორუფციის წინააღმდეგ» ბრძოლით ედუარდ შევარდნაძე სწორედ ამ პროცესზე სახელმწიფო კონტროლის აღდგენას ცდილობს და საამისო რესურსიც უხვად აქვს.

დილის გაზეთი, 14 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე