გლობალიზაცია და პროვინციალიზმის მოკრძალებული ხიბლი
       

        იტალიისა და ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ გენუაში მეოთხე დღეა მიმდინარეობს «დიდი შვიდეულის» სამიტი, რომელსაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმალვობაში რუსეთიც მიეკედლა, რის შემდეგაც «შვიდეული» - «რვიანად» იქცა.
        თუმცა, დასავლელი ლიდერები ყოველთვის ანსხვავებენ და ამბობენ «დიდი შვიდეულის სამიტი» და «რვა ქვეყნის ლიდერთა სამიტი». ეს შეხვედრები განსხვავებული ფორმით იმართება, ხოლო რუსეთი (მარგარეტ ტეტჩერის ზუსტი განსაზღვრებით) რჩება «ზემო ვოლტად ატომური რაკეტებით».
        ამის მიუხედავად, «შვიდეულთან» მიკედლება რუსული დიპლომატიის სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, თუმცა, რუსეთი, რასაკვირველია, არ არის «პოსტინდუსტრიული ნაცია», როგორც იტალია, კანადა, საფრანგეთი, აშშ, გაერთიანეუბლი სამეფო, გფრ და იაპონია.
        «მსოფლიოს ელიტას» ურჩევნია, რუსეთი «მოკლე აღვირზე» ჰყავდეს, და მსჯელობს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მაგალითად, ადამიანის «კლონირების» შესაძლებლობა. მორალისტები მთელ მსოფლიოში მძვინვარე პროტესტს აცხადებენ იმის გამო, რომ მეცნიერთა აზრით, ეს (ანუ ადამიანის კლონირება, ვთქვათ, მისი გაცოცხლება ამა თუ იმ ასოს კლონირებით) სავსებით შესაძლებელია.
        თუმცა, ამის პასუხად რეალისტები არც თუ უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ «შესაძლებლობის» წინააღმდეგ გალაშქრება უაზრობაა - რაკი შესაძლებელია (ტექნოლოგიურად), მაშასადამე, რამდენიც უნდა აკრძალო, ადრე თუ გვიან, რომელიმე საიდუმლო ლაბორატორიაში მაინც განხორციელდება.
        ამიტომ უეჭველად შეთანხმდებიან კონტროლის დაწესებაზე და არა აკრძალვაზე. მართლმადიდებელი პუტინი ამის კატეგორიული წინააღმდეგია - რუსეთში შესაბამისი ტექნოლოგია არც არსებობს.
        განიხილება აგრეთვე, ვალების ჩამოწერის პრობლემა პრემიერ ბლერის ინიციატივით, რაც უშუალოდ ეხება საქართველოს, მაგრამ შესაბამის «სიაში» მოსახვედრად მნიშვნელოვანი მუშაობა გვმართებს - აბა ვინ დაიჯერებს იმ ქვეყნის სიღატაკეს, სადაც მობილური ტელეფონის 120 ათასი (!!!) აბონენტია?
        ისიც გასარკვევია, რამდენად გვჭირდება ასეთი სტატუსი, თუ იგი გულისხმობს იმ საგარეო ვალების პატიებას (სსფ, მსოფლიო ბანკი და სხვა), რომელთა გადახდა 30 წლის შემდეგ უნდა დავიწყოთ? «უღარიბესის» და «ღარიბ-ღატაკის» სტატუსი, მაგალითად, თურქმენეთის ვალის ჩამოწერას არ გულისხმობს - ეს ვალი მაინც უნდა გადავიხადოთ.
        მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც გენუაში ხდებოდა (მათ შორის საქართველოსთვისაც საინტერესო), ეგრეთ წოდებული «ანტიგლობალისტების» ბობოქარი გამოსვლებია. ასეთი რამ ადრე არ მომხდარა - ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა, მეორე სიკვდილის პირასაა.
        იტალიის (გენუის), ხელისუფლებამ ქალაქის ერთი მეოთხედი (!), რომელიც ზღვისპირასაა განლაგებული და სადაც პრეზიდენტები ცხოვრობენ, - დანარჩენი 3/4 ისგან რკინის გისოსით გამოჰყო.
        ანტიგლობალისტებმა იქ ვერ მიაღწიეს, მაგრამ სამაგიეროდ, მათთვის ხელმისაწვდომ ნაწილში ნამდვილი ორგია მოაწყვეს (ქუჩაში, საჯაროდ მრუშობის ჩათვლით) - დალეწეს ვიტრინები, დაწვეს ავტომანქანები (და არა მხოლოდ საბურავები) - ერთი სიტყვთ, გააჩანაგეს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელსაც კალიებივით შეესივნენ.
        ეს მოვლენა მართლაც მოითხოვს დაკვირვებულ შესწავლას.
        დანამდვილენბით ვერავინ იტყვის, მაინც რა უნდა ამ ხალხს. ვერც იტყვიან ამას ოდესმე, ვინაიდან «ანტიგლობალისტებს» არანაირი რაციონალური ან იდეური მსოფლმხედვლეობრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რასაც თავად ჩამოაყალიბებდნენ ხეირიანად.
        ისინი თვითონ ვერ ამჩნევენ, რომ «ანტიგლობალიზმი» თავისთავად იძენს «გლობალური მოძრაობის» ხასიათს - გენუაში ჩავიდნენ ბრაზილიიდან, სინგაპურიდან და ასე შემდეგ.
        ანტიგლობალისტები მშვენივრად სარგებლობენ იმავე გლობალიზაციის ნაყოფით - ინტერნეტით დაწყებული, «მსოფლიო ლიდერების» კვალდაკვალ ნახევარსფეროდან-ნახევარსფეროზე გადაფრენით დამთავრებული.
        რაც ჩვენთვის საინტერესოა, «გაუგიათ ალია მომკვდარაო» და ჩვენშიც გამოჩნდნენ «ანტიგლობალისტები».
        ოღონდ საქართველოში ხომ ყველაფერმა ანეკდოტური სახე უნდა შეიძინოს?! - აქ «ანტიგლობალიზმს» პლებსი როდი ქადაგებს. პირიქით - არისტოკრატია ცდილობს, იგი «მდაბიოთ» გააგონოს.
        აბიბინდნენ შესაბამისი იდეოლოგიური კლიშე – სტერეოტიპები და იდელოგემები: ვითომდაც, ალენ დალესის გამონათქვამები, ქსენოფობიური მითი «მსოფლიო მთავრობასა» და მასონებზე, რომლებიც «კაცობრიობის დაპყრობას აპირებენ, რათა «მესამე ტაძრის» მშენებელ ზომბირებულ მონებად აქციონ და ასე შემდეგ.
        და ეს ყველაფერი ხდება იმ საზოგადოებაში, სადაც დღენიადაგ ამაყობენ «ეთნიკური შემწყნარებლობით», მათ შორის, იმის მაგალითად, რომ «ჩვენში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი». არადა მითოლოგემა «მსოფლიო კირითხუროთა» შესახებ სწორედაც შავბნელ-შავრაზმულ-ანტისემიტური შინაარსისაა.
        სინამდვილეში გლობალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება, - პიროვნების შემდგომი გათავისუფლება, მისი მისწრაფებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.
        საბედნიეროდ, საქართველოში ეს უკვე «არ გამოვა», ვინაიდან პიროვნებამ თავისუფლების «გემო შეიგნო» და მისი დაძინება-დაგლახავება (თუნდაც ნაციონალისტურ-რელიგიურ-ფუნდამენტალისტური იდეოლოგიით) სრულიად შეუძლებელია.
        მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს საქართველოს ქცევას «გამჭოლ ეზოდ».
        საერთოდ, გლობალიზებულ მსოფლიოში «გამჭოლი ეზოები» არ იქნება. იქნებიან ზესახელმწფიოები, გლობალური გავლენის პრეტენზიით და იქნებიან «პროვინციები» ოღონდ არა უარყოფითი, არამდე, კარგი გაგებით. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი «პროვინციაა», - თუ შეიძლება ითქვას «გლობალიზებული პროვინციები».
        მაგალითად, შვეიცარია - ცხოვრობს თავისთვის მშვიდად, სარგებლობს გლობალიზების სიკეთით (ინფორმციაა, ეკონომიკა და ასე შემდეგ), მაგრამ «გამჭოლ ეზოდ» არ იქცა და საკუთარ მოქალაქეთა ინტერესებსაც იცავს.
        საქართველოც ასეთი «გლობალიზებული პროვინცია» გახდება. ამას შეიძლება, მხოლოდ ახალმა ლევ ტროცკიმ შეუშალოს ხელი.

დილის გაზეთი, 23 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე