ამერიკა პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ ახალ პოლიტიკას ახორციელებს
 რუსეთი საქართველოში არსებულ ბაზებს ებღაუჭება
       

        რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მოსკოვში ნიუ-იორკიდან ჩაფრინდა, სადაც გაეროს უშიროების საბჭოს სხდომა გაიმართა აფხაზეთის პრობლემის თაობაზე.
        თუმცა, მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა მისი შეხვედრა ამერიკის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორ ორ საკვანძო ფიგურასთან - სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელსა და უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველ კონდოლიზა რაისთან.
        რამდენიმე წლის წინათ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში წარმოდგენა შეუძლებელი იყო: ამერიკის სახელმწიფო მდივანეი ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც არ შეხვედრია ოფიციალურად. კონდოლიზა რაისის ინტერესი კი უეჭველად მეტყველებს თეთრი სახლის ახალ ტაქტიკაზე პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ. ბილ კლინტონის დროინდელი «უსაფრთხოების მრჩეველი» სემუილ ბერგერი ქართველ პოლიტიკოსებს არ სწყალობდა.
        მოსკოვში ირაკლი მენაღარიშვილის შეხვედრები (მით უმეტეს, ხსენებული მოლაპარაკების წინ) აღიქვეს როგორც სკნადალი, მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ დღეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობანი ამგვარ სკანდალებს უკვე ითმენს.
        ელცინის პოლიტიკის შესაბამისად, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობდა არ გაემწვავებინა ურთიერთობა ამერიკასთან, რათა ვაშინგტონისთვის არ მიეცა საშუალება ეძებნა ალტერნატიული «საყრდენი» პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის. პუტინმა აიათოლების ირანთან წამოიწყო ფლირტი. ბუნებრივია, ამერიკის რეაქციამაც არ დააყოვნა - ვაშინგტონში საბოლოოდ დარწმუნდნენ (სწორედ ეს არის კრემლის უმძიმესი შეცდომა), რომ მოსკოვის ნდობა არ შეიძლება და აუცილებელია შეიქმნას საპირწონეები პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რისთვისაც საჭიროა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გაძლიერება.
        ცინიკურად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო დაიძაბება ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკას შორის - მით უკეთესი საქართველოსთვის; მით უფრო მეტი საშუალება გვექნება ვისარგებლოთ ინტერესთა ამ კონფლიქტით და განვახორციელოთ საკუთარი ინტერესები. პატარა ქვეყნის შანსი სწორედ ამაში მდგომარეობს. ელცინისა და კლინტონის დოქტრინა რომ გაგრძელებულიყო, საქართველოს აღარ ექნებოდა შესაძლებლობა, აქტიურად დაყრდნობოდა ამერიკის მხარდაჭერას რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესში.
        უკანასკნელმა მოლაპარაკებებმა დაადასტურა: ასეთი მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს საკუთარი ქვეყნის გათავისუფლებას უცხო ქვეყნის საჯარისო კონტინგენტისგან. რუსეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნონს ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, - დროის გასაყვანად მას უეჭველად სჭირდება თბილისის შედარებით ლოიალური დამოკიდებულება.
        მაგალითად, ერთი წლის წინათ მოსკოვი კატეგორიულად არ თმობდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომს და მაქსიმუმ «ერთობლივ კონტროლს» თანხმდებოდა. დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია - 1 ივნისიდან ვაზიანის სამხედრო აეროდრომი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადმოეცემა, ხოლო რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება მხოლოდ ქართული მხარის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
        სტრატეგიული თვალსაზრისით, დედაქალაქის გარეუბნიდან (!) უცხო (არც თუ მეგობარი) სახელმწიფოს სამხედრო ბაზის მოშორებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
        რაც შეეხება გუდაუთის სამხედრო ბაზას, - იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო დაეთანხმება მის ტრანსფორმაციას «მშვიდობისმყოფელთა სარეაბილიტაციო ცენტრად», ეს მაინც უკვე სულ სხვა იურიდიული სტატუსია, ანუ უკავშირდება რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო კონტინგენტის» ყოფნას კონფლიქტის ზონაში.
        ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს რუსეთი არ თმობს. დათმობებზეც იმიტომ წავიდა (ვაზიანის საკითხში), რათა სიტუაცია არ გაემწვავებინა. მაშასადამე, საქართველოს უკვე აქვს ამის შესაძლებლობა - თუ ჩვენ გავამწვავებთ საკითხს (მაგალითად, უარს ვიტყვით ვენის კონვენციის ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირებაზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ) და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას - ამ არგუმენტს ვაშინგტონი და ბრიუსელი აქტიურად გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ.
        რასაკვირველია, ეს არ იქნება მთავარი არგუმენტი, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი რომ იქნება, ცხადია.
        ამერიკამ ვაშინგტონიდან გააძევა 50 რუსი დიპლომატი - ასეთი რამ 1985 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა რუსეთის მიმართ არგუმენტირებულად კრიტიკულ პოზიციაზე. საქართველოს წინაშეც ესოდენ ფართო არჩევანი არასდროს გაშლილა.

დილის გაზეთი, 27 მარტი, 2001 წელი

მთელ გვარდზე