«ჭეშმარიტების მომენტი» დგება
       

        გუშინ «ტრადიციონალისტთა» ლიდერმა აკაკი ასათიანმა პირველი სერიოზული დემარში განახორციელა «გაერთიანებული ოპოზიციის» წინააღმდეგ.
        ეს დემარში ლოგიკური გაგრძელება გახდა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში განვითარებული მრავალგანზომილებიანი ინტრიგისა, რომელიც, როგორც ჩანს, ლოგიკურ და წინასწარ განჭვრეტილ ფინალს უახლოვდება.
        საქმე ის გახლავთ, რომ «ტრადიციონალისტთა კავშირისათვის» რეგიონალიზმი, ანუ საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრა პოლიტიკურ დომინანტად იქცა.
        მით უმეტეს, აჭარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აკაკი ასათიანი მიხვდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტიტლებები ნამდვილად არ გაზრდის «აღორძინებისა» და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიის რეიტინგს.
        აკაკი ასათიანისთვის კი «გარანტირებული ოპოზიციური დეპუტატობა» საკმარისი არ არის. მას გაცილებით დიდი ამბიცია აქვს. ასათიანი სულაც არ იტყოდა უარს, სათავეში ჩადგომოდა «ფართო მემარჯვენე კოალიციას» - სხვაგვარად თუ ვიტყვით, «ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი გულისხმობს დამოუკიდებელ (არა «აღორძინების» სიით) მონაწილეობას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
        აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: სწორედ «ტრადიციონალისტთა კავშირია» ყველაზე ახლოს იმასთან, რათა მხარი დაუჭიროს «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნებას, ვინაიდან, როგორც არაერთგზის ითქვა, მისთვის ამ ინსტიტუტის დაფუძნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებული რისკები.
        მაგრამ კომპრომისის მისაღწევად ასათიანს აუცილებლად სჭირდებოდა პროგრესი «თვითმმართველობის» ან (ანუ) ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხში, რათა არავის მიეცეს იმის განცხადების უფლება, თითქოს იგი «მიეყიდა» მმართველ პარტიას.
        რასაკვირველია, თუ «მოქალაქეთა კავშირი» დაეთანხმებოდა რეგიონალიზმს ან ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრის ვადა დაფიქსირდებოდა კანონში, მაშინ აკაკი ასათიანს ნამდვილად მიეცემოდა საშუალება, გაელაშქრა რაიონის გამგებელთა არჩევითობის წინააღმდეგ, ვინაიდან ამ კონტექსტში არჩევითობა რაიონის, როგორც ადმინისტრაციული ინსტიტუტის ლეგიტიმაცია-დაკანონებას ნიშნავს.
        ასათიანს მანევრისათვის აუცილებელი სივრცე მოუსპო, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის პოზიციის, ხოლო, მეორე მხრივ, «ოპოზიციის» კატეგორიულმა უკომპრომისობამ.
        ოღონდ აკაკი ასათიანს არაფრის დიდებით არ სურს გაიგოს და შეურიგდეს, რომ მმართველი პარტია გამგებელთა არჩევითობას უფრო ადვილად დათანხმდება, ვიდრე იკისრებს დოკუმენტურად ფიქსირებულ ვალდებულებას, ამა და ამ ვადებში განახორციელოს რეგიონალიზმი ან განსაზღვროს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა.
        «ტრადიციონალისტები» აინუშშიც არ აგდებენ იმ გარემოებას, რომ «რეგიონალიზმისა» და, საერთოდ, საქართველოს მოწყობის პრინციპებზე არათუ პოლიტიკურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც არ არსებობს ერთიანი შეხედულება.
        გურამ შარაძის საპროტესტო გამოსვლა, რამაც ასათიანი საშინლად გააღიზიანა, სულაც არ არის მხოლოდ კონკრეტულად შარაძის შეხედულება - ძალიან ბევრი იზიარებს შეხედულებას, რომ რეგიონალიზმი საქართველოში დაუშვებელია, ვინაიდან იგი კიდევ უფრო დაასუსტებს და დაადონდლოვებს ჩვენს ისედაც «მოფამფალებულ» სახელმწიფოს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკითხი ორივე წრეში (როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში) მძვინვარე დებატებს გამოიწვევს, რაც შეიძლება აინუშშიც არ ჩააგდოს ოპოზიციურმა «ტრადიციონალისტთა კავშირმა», მარამ მმართველი პარტია და პრეზიდენტი ასე ვერ მოიცევა და არც მოიქცევა.
        აკაკი ასათიანი არც იმას აქცევს ყურადღებას, რომ «რეგიონალიზმი» ძნელი განსახორციელებელი იქნება უკვე არსებული და დამკვიდრებული «სამხარეო» ინსტიტუტების გათვალისწინებით, რომელთაც, აგრეთვე შეიძინეს საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა.
        ასათიანის გეგმა ითვალისწინებს, მაგალითად, კახეთის ორ ან სამ ოლქად გაყოფას, რაც უკვე აგრესიულ წინააღმდეგობას იწვევს: «როგორ, შაჰ-აბასმა ვერ გაყო და ახლა უნდა გაიყოს»? ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ამ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
        რაც შეეხება პოლიტიკურ ტექნოლოგიას, აკაკი ასათიანს შეუძლია გამოიყენოს წინააღმდეგობა ოპოზიციურ კონგლომერატთან, რათა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს - «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის» 2 წლის განმავლობაში განსაზღვრის პირობით. ეს კი აუცილებლად არ ნიშნავს «რეგიონალიზმის» დამკვიდრებას.
        შეიძლება იყოს სხვა მოდელიც. მოსალოდნელია ფართო წარმომადგენლობის სახელმწიფო კომისიის შექმნაც.
        «ოპოზიციური კოალიციის» წევრები გაცილებით შეურიგებლად არიან განწყობილნი. «XXI საუკუნეს» რაიმე გამოკვეთილი იდეოლოგიური დოქტრინა (ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან მიმართებაში) ნამდვილად არ გააჩნია - რაც თვალნათლივ გამოჩნდა ვახტანგ ბოჭორიშვილის «რაფინირებულად ნატიფი» ანალოგიით.
        და საერთოდ, «ზვიადიზმი» საქართველოში მოკვდა, როგორც პოლიტიური მოძრაობა უმალვე, როგორც კი ტრაიბალისტური ტენდენციები არ აღკვეთა.
        «ახლები» არც ერთ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ხოლო მათი აღფრთოვანება სახელმწიფო კანცელარიაში შემუშავებული პროექტით (ადგილობრივი თვითმმართვლეობის შესახებ), უფრო იმ საკმაოდ გამჭვირვალე თამაშითაა განპირობებული, რასაც აწარმოებენ პარადიგმაში «პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე».
        «მრეწველები» უახლოვდებიან იმ პოზიციას, რომ «კაბინეტის» შექმნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი პრემიერის ვინაობა.
        ყველაზე მეტად შეურიგებელნი არიან ვახტანგ რჩეულიშვილის «სოციალისტები» და საკუთრივ «აღორძინების» პარტია, რომლებიც არც ერთ კონფიგურაციაში არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ არ ექნებათ მყარი გარანტია, რომ 2003 წლისთვის პოლიტიკურ განზრახულობათა განხორციელების მეტი შანსი ექნებათ.
        ოღონდ, თუ «აღორძინებისათვის» უმთავრესია აჭარის სახელმწიფოებრივი (ფაქტობრივად) სტატუსის განმტკიცება, ვხატანგ რჩეულიშვილს უფრო ფართო მიზნები აქვს, რომლებიც 2003 წელს საკმაოდ შორდება.

დილის გაზეთი, 13 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე