აფხაზეთის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება
       

        საქართველოს უმთავრესი სატკივარი და ურთულესი სახელმწიფოებრივი პრობლემა - აფხაზეთის საკითხი, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედებით, კიდევ უფრო გამწვავდა.
        ამას ხელი შეუწყო როგორც სუბიექტურმა, ბოლოდროინდელმა, ასევე გრძელვადიანმა, ობიექტურმა პროცესებმა.
        უპირველეს ყოვლისა, «აღორძინებას» უკვე მერამდენედ მოუვიდა ტაქტიკური შეცდომა და აფხაზეთის პრობლემის ავტონომიის საპარლამენტო წარმომადგენლობაზე დაბრალებით, უზრუნველყო ახლახან დაშლილი ჯგუფის ხელახალი კონსოლიდირება და მისი პოზიციის კვლავ «მოქალაქეთა კავშირისკენ» გადახრა.
        ამან შესაძლოა, გარკვეული ზეგავლენა იქონიოს «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე მიმდინარე პროცესზე. მმართველ პარტიას მარლთაც სულ რამდენიმე ხმა აკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე.
        რაც შეეხება შინაარსს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 1992 წლის 11 ოქტომბერს აფხაზეთში არჩეული, ან პარტიული სიებით იმდროინდელ საკანონმდებლო ორგანოში შესული დეპუტატების კოოპტირება შემდგომ პარლამენტში იყო ერთადერთი შესაძლებელი და სწორი გადაწყვეტილება, რათა არ დაკარგულიყო ელექტორული კავშირი და წარმომადგენლობითობა აფხაზეთის რეგიონთან.
        მართალია, ჯერ კიდევ 1994 წელს არძინბას ხროვამ ამ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო (პოლიტიკური) სამართლის შესაბამისად, იურიდიულად ძალმოსილი არ არის და არც შეიძლება, იყოს.
        მთელი ეს აურზაური იმ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს «ცივი ომი» გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის თაობაზე, ერთობ «უადგილო» ჩანს, ან პირიქით, სავსებით «კონკრეტული ადგილი» აქვს გარკვეულ განზრახულობათა სისტემაში.
        პანკისის გარემოში დატრიალებულმა ამბებმა ქართული საინფორმაციო ნაკადის მიღმა დატოვა აფსუეთის ახლადგამომცხვარი პრემიერ-მინისტრის - ანრი ჯერგენიას დაუფარავი მუქარა (ფაქტობრივად, ულტიმატუმი) კოდორის ხეობაში დატყვევებულებთან დაკავშირებით.
        ჯერგენია ძალიან «სიფრიფანა» ქარაგმით აცხადებს, რომ თუ კოდორის ხეობაში გატაცებულ აფსუა და სომეხ ტყვეებს არ გაათავისუფლებენ, «აფხაზეთის ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს» - იგულისხმება ხეობაში შეიარაღებული ძალების შეყვანა.
        ამ ხეობაში სამშვიდობო ძალები არ არიან განლაგებულნი - არც არადსროს ყოფილან.
        სამწუხაროდ, პანკისის ინციდენტმა საზოგადოებისა და ხელისფლების ყურადღება გადაიტანა კოდორის ხეობიდან. არადა, საფრთხე იქ ბევრად უფრო დიდია და რეალური - კოდორის ხეობაში არ არსებობს ის «შემაკავებელი ფაქტორები», რამაც პანკისში ვითარების მშვიდობიანი განმუხტვა გამოიწვია. ერთადერთი შიდა ფაქტორი შეიძლება გახდეს ჯერგენიას სურვილი - მოახდინოს დემონსტრირება, რომ მას შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება, თანაც რუსეთთან საზღვრის სრული ლიბერალიზაციის ფონზე.
        ბოლო ინფორმაციით, მოსალოდნელია დამსვენებელთა რიცხვის ზრდა აფხაზეთის კურორტებზე. ეს კი სერიოზული შემოსავალია.
        მთლიანობაში სოხუმის სახელისუფლებო ფოკუსში მიმდინარე პროცესებს საქართველო მაინც ვერ იყენებს, თუნდაც ისე, როგორ ოსტატურად თამშაობდა რუსეთი ჩეჩენ ხელისუფალთა წინააღმდეგ.
        ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რაღაც სერიოზული ცვლილებები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში აბსოლუტურად გარდაუვალია - რასაც ერთდროულად რამდენიმე გარემოება აუცილებლად განაპირობებს.

დილის გაზეთი, 21 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე