აფხაზეთი ცვლილებებს ელის
       

        გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალ საიუბილეო სამიტოში, რომელიც მოსკოვში იმართება 29-30 ნოემბერს.
        სახელმწიფოს მეთაურმა საინტერესო არგუმენტი მოიტანა. მისი თქმით, სამიტში მონაწილეობას მას ავალდებულებს ღრმა პატივისცემა კოლეგა პრეზიდენტების მიმართ. ეს ფრაზა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში დამთავრდა ერთგვარი «ნაციონალური კუდაბზიკობის» ეპოქა, როდესაც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ყველგან პირველები, ყველაზე რადიკალურები, ყველაზე პრინციპულები, ხოლო უკრაინელები, უზბეკები, მოლდოველები, სომხები, ყირგიზები - სასაცილოდ არ გვყოფნიდა. ისინი კვლავინდებურად მიიჩნევენ დსთ-ს «ბალანსის ინსტრუმენტად» რუსეთთან ურთიერთმოქმედებისას. ჩვენი ქვეყანა მათ შორის ყველაზე სუსტია (სავსებით ობიექტური მიზეზების გამო). ამიტომ, თუ უკრაინა და ყაზახეთი ვერ ბედავენ უგულებელყონ რუსეთის გეოპოლიტიკური «წონა» პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ჩვენი მხრიდან ეს, უბრალოდ, თვითმკვლელობა იქნებოდა.
        ბუნებრივია, მომავალ სამიტზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დსთ-ის ეგიდით მოქმედი რუსეთის საშმვიდობო ძალების მანდატის გაგრძელაბა აფხაზეთში. პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც შეიცავს რეკომენდაციას პრეზიდენტისადმი, უზრუნველყოს სამშივდობო ძალთა გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.
        მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტმა პარლამენტის დადგენილება (განსხვავებით კანონისაგან) შეიძლება შეასრულოს, მაგრამ შეიძლება არც შეასრულოს. გუშინდელი განცხადება მეტყველებს, რომ ედუარდ შევარდნაძე არ აპირებს სამშვიდობო ძალთა გაყვანის ფორსირებას. მისი თქმით, გრძელდება კონსულტაციები «სამშვიდობო ძალთა» მანდატის გაფართოებისა და დაზუსტების, მათი ჩანაცვლების ან სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზების საკითხებზე.
        ბუნებრივია, ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და სულაც არ არის გამორიცხული, საქართველომ ვერც მიაღწიოს სამშვიდობო ძალთა ჩანაცვლებას, რაკი ძალიან საეჭვოა, რომელიმე ქვეყანამ მოახერხოს აფხაზეთში სამშვიდობო ძალთა შეყვანა მოსკოვისა და სოხუმის თანხმობის გარეშე. გაეროს უშიშროების საბჭო კი უძლურია მიიღოს გადაწყვეტილება, ცნობილი მიზეზის («ვეტოს» უფლების) გამო.
        ამის მიუხედავად, ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: საქართველოს ხელისუფლება არაფრის დიდებით არ დაუშვებს რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანას მათი ჩანაცვლების, ანუ ენგურის აუზში შესაბამისი «გამშველებელი» კონტინგენტის ჩაყენების გარეშე, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი აფხაზეთში გარდაუვალი იქნება.
        როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება ომის განახლების შესახებ მიღებული არ არის. ნურავინ იდავებს, რომ აქ უშუალო კავშირი არსებობს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ომი განახლდება დაუყოვნებლივ და სტიქიურად, - იმის მიუხედავად, რას მოიმოქმედებენ ოფიციალური სტრუქტურები.
        თუმცა, მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სულაც არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას არცთუ ისე შორეულ მომავალში! სწორედ ამას ნიშნავს ფრაზა: «თუ არაფერი შეიცვალა და ლტოლვილები ვერ დაბრუნდნენ, მაშინ მოვლენები შეიძლება სტიქიურად განვითარდეს და ყველაფერი პრეზიდენტზეც არ იქნება დამოკიდებული».
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას (და არა მხოლოდ ამ ფრაზის ანალიზის შედეგად): საშუალოვადიან პერსპექტივაში ედუარდ შევარდნაძე არათუ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას სეპარატისტთა წინააღმდეგ, არამედ გარდაუვლადაც მიიჩნევს, ოღონდ არა დღევანდელ ვითარებაში, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მერყევი წონასწორობა დამყარდა და მისი დარღვევა არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს. ორივე მხარის ნეიტრალიტეტის (როგორც მინიმუმ) გარეშე კი საქართველოს ომის მოგება გაუჭირდება.
        ყველაზე საინტერესო კი იყო ედუარდ შევარდნაძის განცხადება «უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ძვრების თაობაზე». ეჭვი არავის შეეპაროს, რომ აფხაზეთის პრობლემა დიდხანს ნამდვილად ვეღარ იქნება «გაყინულ» მდგომარეობაში, მაგრამ ამჯერად პრეზიდენტი გულისხმობდა არა საომარ მოქმედებებს (დღეს თუ არა ხვალ ეს არ გამოირიცხება), არამედ პოლიტიკურ ცვლილებებს, შესაძლოა, იმავე «მანდატისა» და «ღალიძგაზე გადანაცვლების საკითხს», აფხაზეთის სტატუსზე კომპრომისის მიღწევას თუ სხვა.
        მოსკოვის სამიტი, ამ თვალსაზრისით, განმსაზღვრელი იქნება.:

დილის გაზეთი, 27 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე